შემოგვიერთდი

30.09.2007 20:00

ტელეკომპანია „რიონის“ განახლებული სეზონი

David Mchedlidze
ახლო ხედით

ტელე-რადიო კომპანია "რიონი" 1986 წელს ჟურნალისტმა ბადრი კაპეტივაძემ დააარსა. 1991 წლის 28 ივნისს რიონი პირდაპირ ეთერში გავიდა. არხს ბადრი კაპეტივაძე სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა. (დაიღუპა 2001 წლის 21 დეკემბერს.)

"რიონი" 24 საათიანი მაუწყებლობით მუშაობს. არხის ხელმძღვანელობის განმარტებით, ძირითადი ყურადღება საინფორმაციო სამსახურს ეთმობა. საინფორმაციო გამოშვება დღის განმავლობაში ოთხჯერ გადის. მთავარი თემების შეჯამება ხდება საღამოს 22.00 საათზე საზოგადოებრივ-პოლტიკურ თოქ-შოუში "დღის თემა".

"რიონის" საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების დირექტორი ირაკლი ჩიხლაძე: "თოქ-შოუ 4 თვეა რაც ეთერშია. აქამდე დაახლოებით 600 რესპონდენტი გვყავდა მოწეული. გადაცემა შედგება სამი ბლოკისგან. პირველში საუბარია პოლიტიკაზე, მეორეში ვეხებით არაპოლიტიკურ თემებს, ხოლო მესამე ბლოკში გადის დღის მანძილზე მომხდარი ამბების დაიჯესტი. ვფიქრობ ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი ბლოკია, რადგან პირდაპირ ეთრეში ვიწვევთ პოლიტიკოსებს და მათთან პოლიტიკაზე ვსაუბრობთ. ხშირად ვმართავთ დებატებს, ანუ პოზიცია და ოპოზიცია ერთმანეთის პირისპირ ჯდება ღია ეთერში." ტელევიზია თვითდაფინანსებაზეა. მისი ძირითადი შემოსავალი სულ უფრო მზარდი რეკლამაა. არხმა გასული 2006 წელი 24 ათასლარიანი მოგებით დაასრულა. ტელეკომპანიის ცალკეულ გადაცემებს სპონსორობას უწევენ კომპანიები: "ლიტ-პალასი", "საქართველოს ტელეკომი", "ყაზბეგი", "ავერსი".

თამარ ღვინიანიძე, ტელერადიოკომპანიის გენერალური დირექტორი: "სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ რეკლამის დამკვეთებს შორის ბევრია თბილისური ორგანიზაცია, ეს დაინტერესება განაპირობა იმან, რომ ტელეკომპანიას აქვს მოწესრიგებული მაუწყებლობა. რაც მთავარია, ჩვენ ვართ პირიანი პარტნიორები. არ ქონია ადგილი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევას და ამან განაპირობა ჩვენი ავტორიტეტი რეკლამის პოტენციურ დამკვეთებში. შემოსავლების ზრდამ გამოიწვია ტელევიზიის ტექნიკური აღჭურვილობის გადახალისება და ახალი სტუდიების გაკეთება. ახალი სეზონიდან პირდაპირი ჩართვების განხორციელება."

ტელევიზიის საეთერო ბადეს ავსებს რამდენიმე საავტორო გადაცემა: ორშაბათს და პარასკევს ეთერში გადის სპორტული პროგრამა "ტაიმი"; სამშაბათს - "ბადრი კაპეტივიძის სახელობის სატელევიზიო კლუბი; ოთხშაბათს და კვირას - "საუბარი მოძღვართან"; ხუთშაბათს- გადაცემა "როფესიონალი; პარასკევს ანალიტიკური პროგრამა "ვაკუუმი", შაბათს კი - "ექიმი გირჩევთ". კვირის მოვლენებს აჯამებს გადაცემა "კვირის ბოლოს", რომელიც სოციალურ თემაზეა აგებული. გარდა ამისა ყოველ ღამე 00.00 საათიდან 00.04 საათამდე ეთერშია მუსიკალურ-გასართობი პროგრამა - "ტელეფანატი".

ირაკლი ჩიხლაძე: "ახალი სეზონისთვის ჩამოყალიბდა 4 დამოუკიდებელი რედაქცია - ანალიტიკური, საინფორმაციო, საზოგადოებრივ-პოლიტიკური და დილის რედაქცია. ჩვენ ვართ მობილიზებულები, რათა ხალხს მივაწოდოთ ინფორმაცია, ინფორმაციის წყარო კი, ძირითადად, არის ადგილობრივი ხელისუფლება. რაიმე თემის ბლოკირება იშვიათად მომხდარა მათი მხრიდან, რადგან, ჩვენ, რეგიონის მოსახლეობასთან ხმის მიტანის საუკეთესო საშუალება ვართ." ტელევიზიაში ამჟამად მუშაობს 65 ადამიანი, მათგან 35 საინფორმაციო სამსახურის თანამშრომელია. ახალი სეზონისთვის მოხდა ჟურნალისტთა კორპუსის გადახალისება.

თამარ ღვინიანიძე: "ტელევიზია შევსებას ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან იღებს, რადგან სტუდენტები პრაქტიკას ჩვენთან გადიან. საუკეთესოებს ვიტოვებთ. რაც მთავარია, შემოსავლების ზრდამ ხელფასების მომატება გამოიწვია. მართალია ცენტრალურ არხებს ვერ შევედრებით, მაგრამ იმერეთისა და ქუთაისის პირობებში, ვფიქრობ, ჟურნალისტებს ნორმალური ანაზღაურება აქვთ."

ნინო გიგაშვილი, საინფორმაციო პროგრამის რედაქტორი: "რიონში" უკვე მესამე წელია ვმუშაობ. წინა წლებთან შედარებით, ახლა სულ სხვა ვითარებაა, განახლდა სტუდიები, გადახალისდა ტექნიკა და ბევრი კარგი ნაბიჯი გადაიდგა ტელევიზიის იმიჯის გასამყარებლად. რა თქმა უნდა, არის ხარვეზები, რომელთა გამოსწორება ეტეპობრივად შეიძლება. ჩემი აზრით, რეგიონული ტელემაუწყებლობის ქრონიკული პრობლემა პროფესიული კადრების ნაკლებობაა. თუმცა ეს ობიექტური მიზეზით არის გამოწვეული - რეგიონულ ჟურნალისტიკაში მოსულ ახალ სახეებს მაღალპროფესიული პრაქტიკის გავლის შესაძლებლობა არა აქვთ. არადა, ცენტრალურ ტელევიზიებში ძალიან კარგი პირობებია იმისთვის, რომ ისწავლო და პროფესიას დაეუფლო მათგან, ვინც უკვე იცის ეს საქმე. რეგიონში ამას მოკლებულები ვართ, ამიტომ შეიძლება ითქვას, პროფესიული თვალსაზრისით ცოტა მოვიკოჭლებთ, მაგრამ წინა წლებთან შედარებით მაინც პროგრესია. ჩვენ ყველაფერს ახლა ვსწავლობთ".

მასალა მოამზადა მირიან გორგოძემ, ქუთაისი

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test