შემოგვიერთდი

08.10.2007 20:00

რადიო „იმედი“

David Mchedlidze
ახლო ხედით

დამოუკიდებელ მედიაორგანიზაციებს შორის დიდი ადგილი უჭირავს რადიოსადგურებს. ისინიც, სხვა კომერციული ორგანიზაციების მსგავსად, მსმენელის გემოვნებას არიან მორგებული. ამასთან, არსებობისთვის აუცილებელი ფინანსების უზრუნველყოფა თავადვე უწევთ, ამიტომ მათი შემოსავლების ძირითადი წყარო რეკლამაა. ქართული რადიოსადგურებს შორს ერთ-ერთი წამყვანი და რეიტინგული არის "რადიო იმედი", რომლის შესახებაც მისი დირექტორი ირაკლი ხეთერელი გვესაუბრა.

"რადიო იმედის" მაუწყებლობის გავრცელების არეალი თითქმის მთელი საქართველოს ტერიტორიას მოიცავს, თუმცა უჭირს სვანეთისა და რაჭის დაფარვა, მათი მაღალი მდებარეობის გამო. შესაბამისად, რადიოს პოტენციური აუდიტორია საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 80%-ს შეადგენს. "რადიო იმედის" მაუწყებლობა 24-საათიანია.  აუდიტორია,  ძირითადად,   25 წლის და მეტი ასაკის  მსმენელებისგან შედგება. .

საქართველოს კომუნიკაცების ეროვნული კომისიის დაკვეთით 2004 წელს, საქართველოს მასშტაბით, ჩატარდა საზოგადოებრვი აზრის კვლევა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ რადიომსმენელები უპირატესად ესტრადას უსმენენ. შესაბამისად, საქართველოში  რადიოსადგურების  უმეტესობა მუსიკალურია.  მათგან განსხვავებით, "რადიო იმედი" საინფორმაციო ფორმატით მაუწყებლობს და სხვადასხვა სფეროს სიახლეებს აშუქებს. ამასთან, აუდიტორიას მნიშვნელოვანი მოვლენების ანალიზსაც სთავაზობს. მისი პროგრამების ნუსხა  მოიცავს საინფორმაციო, ანალიტიკურ, შემეცნებით გადაცემებს, ასევე სხვადასხვა თოქ-შოუებს. ირაკლი ხეთერელის თქმით, ეს გადაცემები მათთვისაა, ვისაც "ხვალინდელი დღე აინტერესებს", ვისაც ინფორმაციის მიღება უნდა და დაინტერესებულია მიმდინარე პროცესებით. მუსიკა ყველგანაა, მისი მოსმენა და განტვირთვა ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი,  ამგვარი სერიოზული პროგრამები კი ბევრი არ იყო და საზოგადოებას ამის მოთხოვნილება ჰქონდა. ამის დასადასტურებლად, ირაკლი ხეთერელს ორი წლის წინ საზოგადოებრივი კვლევების ორგანიზაცია IPM -ის მიერ ჩატარებული ფართომასშტაბიანი კვლევის შედეგები მოჰყავს. კვლევამ აჩვენა, რომ ეს ნიშა შეუვსებელი იყო და "რადიო იმედმაც" სწორედ ამ ნიშის შევსებაზე დაიწყო ზრუნვა. რადიოს პროგრამის გამრავალფეროვნება მომავალშიც იგეგმება და არც "იმედის" სპეციალიზებული მაუწყებლობის შექმნაა გამორიცხული. "რადიო იმედს" აქვს პრეტენზია ხარისხზე, ამიტომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი რეიტინგი, რომელსაც გამუდმებით ადევნებს თვალყურს. ირაკლი ხეთერელის მტკიცებით, მათი რეიტინგი საკმაოდ მაღალია და არასოდეს დაცემულა. რადიოს პოპულარობას ის თოქ-შოუებიც ადასტურებს, რომლებიც ეთერში გადის. ამ გადაცემებში მსმენელები  აქტიურობენ.

"რადიო იმედის"  მთავარი მიზანი, როგორც ხეთერელი აცხადებს, მასობრივი კომუნიკაციის სხვა საშუალებებთან კონკურენცია არ არის. ისეთ მძლავრ საკომუნიკაციო საშუალებასაც კი, როგორიც ტელევიზიაა,  ირაკლი ხეთერელი არ მოიაზრებს რადიოს კონკურენტად. მისი თქმით, რადიოს მოსმენა შესაძლებელია ყველგან და ყოველთვის, ამიტომ მას თავისი მუდმივი მსმენელი ჰყავს. როგორც ცნობილია, კომერციული მაუწყებლობის არსებობისთვის აუცილებელია რეკლამა. "რადიო იმედის" ეთერშიც რეკლამას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. რეკლამიდან მიღებული შემოსავალი დიდწილად განსაზღვრავს რადიოს საერთო შემოსავალს და, უფრო მეტიც, "იმედის" მაუწყებლობა,სხვა კომერციული რადიოსადგურების მსგავსად, მთლიანად რეკლამაზეა დამოკიდებული. რეკლამის მოზიდვა "იმედს", საერთოდ, არ უჭირს და ამას ხვადასხვა გზებით ახერხებს. ზოგჯერ ხდება ისე, რომ დამკვეთი მიდის და უკვეთავს რეკლამას, ზოგჯერ კი რადიოს თავადაც უხდება დამკვეთის ძებნა. "იმედის" ეთერში რეკლამის რაოდენობა საათში დაახლოებით 6-7 წუთია, დღის განმავლობაში, როცა მსმენელი მეტია, რეკლამის რაოდენობაც შედარებით მეტია, ვიდრე ღამით. რადიოს დირექტორის თქმით, "რადო იმედი" ხარისხზეა ორიენტირებული და, შესაბამისად, დამკვეთს რეკლამასაც ხარისხიანს სთავაზობს და ყველანაირად აკმაყოფილებს მის მოთხოვნებს. "იმედის" ეთერში ძირითადად სოლიდური და სერიოზული ორგანიზაციების რეკლამა გადის, რის გამოც თავად ამ ორგანიზაციებსაც უქმნის კომფორტს და მაღალ ხარისხსაც უზრუნველყოფს. დაკვეთილ რეკლამას "რადიო იმედი" თავად ამზადებს. ამისთვის იქ კვალიფიციურ პროფესიონალთა ჯგუფი მუშაობს. როგორც ირაკლი ხეთერელი ამბობს,   ხარისხიანი პროდუქციის მომზადება დიდ თანხებს მოითხოვს, ამიტომ მათ ეთერში გასული რეკლამა იაფი არ არის.

ირაკლი ხეთერელი ტელევიზიას რადიოს კონკურენტად რეკლამის თვალსაზრისითაც არ მიიჩნევს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ რეკლამა  სწორად  იყოს განაწილებული ეთერში, რათა  მას სათანადო ეფექტი ჰქონდეს,  ამიტომ იგი ტელევიზიითაც უნდა გავიდეს  და რადიო არხზეც. "რადიო იმედის" ეთერში გასული რეკლამა, ირაკლი ხეთერელის მტკიცებით, საკმოდ ეფექტურია. ეს ინფორმაცია მას თავად რეკლამის დამკვეთებისგან აქვს. რაც შეეხება რადიოსადგურებს შორის კონკურენციას და რეკლამისთვის   ბრძოლას, ირაკლი ხეთერელის ინფორმაციით, ის საკმაოდ დიდია. თუმცა, მისივე აღიარებით, საერთო პრობლემას დაულაგებელი სარეკლამო  ფასები და  მოუწესრიგებელი ბაზარი ქმნის.

სტატია მოამზადა  სოფო ვარდიაშვილმა

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test