შემოგვიერთდი

29.06.2008 20:00

ტელეკომპანია “მეგა TV”

David Mchedlidze
ახლო ხედით

ტელეკომპანია "მეგა TV", თავდაპირველად, "ცისფერი ეკრანის" სახელით დარეგისტრირდა. 1991 წელს მან მოიპოვა მაუწყებლობის უფლება და გადიოდა 21-ე დეციმეტრულ არხზე. ასე გრძელდებოდა ხუთი წლის განმავლობაში. თუმცა ტელევიზიის მაუწყებლობა არ იყო ხარისხიანი, რადგან სუსტი იყო დეციმეტრული არხის სიგნალი. ამიტომ 1996 წელს ტელეკომპანიამ მოიპოვა მეორე სატელევიზიო მეტრულ არხზე მაუწყებლობის უფლება, რომელზეც დღემდე მაუწყებლობს 500 ვტ. სიმძლავრის გადამცემით 1996 წელს ტელეკომპანიამ "მეგა TV"-სახელწოდებით ხელხლა გაიარა რეგისტრაცია. სწორედ, ამ დროიდან იწყებს ტელეკომპანია ახალი ამბების ეთერში გაშვებას.

"მეგა TV"-ის განვითარების რთულ და ხანგრძლივ პროცესში მნიშვნელოვანი როლი იმ პროექტებმა შეასრულეს, რომლებიც ტელევიზიაში ან მისი მონაწილეობით სხვადასხვა დროს განხორციელდა. მაგალითად, ტელევიზიამ, "ინტერნიუსის" მხარდაჭერით კადრები გადაამზადა. ამას მოჰყვა, საინფორმაციო გამოშვებების ხარისხის და ფორმატის უკეთესობისკენ შეცვლა. აღსანიშნავია აგრეთვე ევრაზიის ფონდის, ღია საზოგადოება საქართველოს და ""IREX"" – ის მიერ წარმატებით განხორციელებული პროექტები. ტელეკომპანია "მეგა TV"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნანა თოშხუა: "პრაქტიკულად ჩვენმა ტელეკომპანიამ შეძლო ლოკალური მაუწყებლობის ფონზე სერიოზული შედეგების მიღება და განვითარების რაღაც ეტაპამდე მისვლა". 2005 წლისთვის "მეგა TV" – ის კორესპონდენტები ჰყავდა: წყალტუბოში, სამტრედიაში, მარტვილში და ქუთაისში. მაგრამ ძირითადი რესურსი მაინც ქუთაისში იყო. სტუმრების მოწვევაც აქედან ხდებოდა და ინფორმაციის მიმწოდებელიც უფრო ქუთაისი გახდა. იმ დროისთვის სადგური კვლავ ხონში მდებარეობდა, ამიტომაც: "თუკი, ჩვენ გვინდოდა მრავალფეროვანი ინფორმაცია მიგვეწოდებინა მაყურებლისთვის, ადგილზე ამას ვეღარანაირად ვერ შევძლებდით და საჭირო შეიქნა სტუდიის Qქუთაისში გადმოტანა" – ამბობს ნანა თოშხუა.

ამჟამად არხი მაუწყებლობს 18 საათის განმავლობაში. საინფორმაციო პროგრამა "დრო" ახალ ამბებს გადასცემს დღეში ოთხჯერ, დილით, 9 საათზე, საღამოს: 19:00 და 10:00 საათზე, ასევე ღამის 12 საათზე. ყოველ პარასკევს პირდაპირ ეთერში გადის საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემა "ფორუმი", სადაც მოწვეულ სტუმრებთან ერთად იმართება დებატები მნიშვნელოვან თემებზე. დანარჩენ საეთერო დროს იკავებს მუსიკა და ფილმები. ნანა თოშხუა: "ჩვენ გვაქვს სერიოზული გეგმები. ახლა სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და მალე ახალი პროგრამებიც გვექნება. ეს პროცესი გაგრძელდება არა უმეტეს სამი – ოთხი თვე." ტელეკომპანიის შემოსავალი განცხადებებისა და რეკლამის ხარჯზე განისაზღვრება, თუმცა "მეგა TV" – ის ეთერში რეკლამების სიმრავლე არ შეინიშნება. არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის განმარტებით ეს ზოგადად რეგიონული მედია-საშუალებების პრობლემაა და დაბალი ეკონომიკური მაჩვენებლის ბრალია. ამიტომ ტელეკომპანია "მეგა TV" კონცენტრირებას ისევ პროექტების განხორციელებაზე აკეთებს: "გვინდა მოვიზიდოთ ის დონორი ორგანიზაციები, რომლებიც დაინტერესებულები არიან რეგიონებში დამოუკიდებელი და ძლიერი მედია-საშუალებების არსებობით" – ამბობს ნანა თოშხუა. კომპანიაში ამ დროისთვის 13 თანამშრომელი მუშაობს, აქედან ხუთი ჟურნალისტია. სალომე ჩინჩალაძე; "მეგა TV" – ის ჟურნალისტი: "მე უკვე წელიწადზე მეტია ამ ტელევიზიასთან მაქვს ურთიერთობა და, შეიძლება ითქვას, პრაქტიკული მუშაობის თვალსაზრისით აქ გავიზარდე, რადგან მანამდე ტელევიზიაში მუშაობის გამოცდილება არ მქონდა. კმაყოფილი ვარ აქ ყოფნით. ყოველგვარი ზეწოლის გარეშე, თავისუფლად შემიძლია მასალის მომზადება".

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test