შემოგვიერთდი

24.12.2008 20:00

ქუთაისის ხაზის რადიო

David Mchedlidze
ახლო ხედით

ქუთაისში ხაზის რადიოს ისტორია 1950-ანი წლებიდან იწყება. მაშინ არსებობდა საქართველოს რადიოს ქუთაისის რედაქცია, რადიოკვანძი, რომელიც კავშირგაბმულობის დაქვემდებარებაში შედიოდა. მაუწყებლობის ძირითადი დრო საქართველოს სახელმწიფო  რადიოს ეკავა, ხაზის რადიოს ჩართვა მხოლოდ რამდენიმე საათით ხორციელდებოდა. პირველად, ხაზის რადიო მოკლე  ინფორმაციებს გადასცემდა. დროთა განმავლობაში გაიზარდა პროგრამული სივრცე და გაჩნდა სხვადასხვა გასართობ-შემეცნებითი გადაცემები. მაგრამ გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, როცა  საქართველოში სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა,  ხაზის რადიოს მაუწყებლობა შეწყდა. თუმცა რადიოს კოლექტივმა, მაშინდელი ხელმძღვანელის რამაზ ჩხიკვაძის თაოსნობით,  შეინარჩუნა ძირითადი ტექნიკური ბაზა და ამან  განაპირობა  ხაზის რადიოს მაუწყებლობის აღდგენა  2003 წელს.

ნინო ძოწენიძე, ქუთაისის ხაზის რადიოს დირექტორი: "პირველად, როცა რადიოში მუშაობა შემომთავაზეს, გამიკვირდა. ვიკითხე – ხაზის რადიო კიდევ მუშაობს მეთქი?  მაგრამ,  როცა სამუშაოდ მივედი,  დავრწმუნდი, რომ  ხაზის რადიოს   ბევრი ადამიანი უსმენს   და ქუთაისელებს დღემდე აქვთ  მის მიმართ  სიყვარული შემორჩენილი."

ნინო ძოწენიძის თქმით, დღეისათვის,  ქუთაისის რადიო ქალაქის 40 ქუჩაზეა გაყვანილი და მას, დაახლოებით, 8-10 ათასი მსმენელი ჰყავს. როგორც აღმოჩნდა, ქუთაისის სრულად რადიოფიცირებისთვის საჭიროა,  სულ, რაღაც  5000 ლარი,   მაგრამ, ნინო ძოწენიძის თქმით, ადგილობრივ ხელისუფლებას ეს საკითხი  ნაკლებად აინტერესებს. "ქალაქის ხელისუფლებაში ნება  რომ ჰქონდეთ და იცოდნენ, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ რადიოს, ან როგორ უყვარს ხალხს იგი, აუცილებლად რაღაც დაფინანსებას გამონახავდნენ. ჩვენ მათ რამდენჯერმე მივმართეთ რადიოს მაუწყებლობის  გაფართოების წინადადებით, მაგრამ,  სამწუხაროდ,  ეს საკითხი მათი ინტერესის მიღმაა."

ხაზის რადიოს დაფინანსების ძირითადი წყაროა სააბონენტო გადასახადი -ერთი ლარი ყოველთვიურად. შემოსული თანხა მოძველებული ტექნიკის შეკეთებაში და ხაზების აღდგენაში იხარჯება,  რადიოხაზი  კი  ხშირად წყდება, მაგალითად: ხეების გადაბელვის, ელ.ენერგიის გაყვანის, ან უამინდობის დროს.

ნინო ძოწენიძე: "მიუხედავად იმისა , რომ ძალიან გვიჭირს, ბევრი ადამიანი – სოციალურად დაუცველი ფენა განთავისუფლებული გვყავს სააბონენტო გადასახადისგან. ამიტომ ის თანხა, რაც შემოდის -  მიზერულია." ამჟამად რადიოში 20 თანამშრომელია და არც ერთი მათგანი ხელფასს არ იღებს. ეს ადამიანები,  ძირითადად,  სხვა ადგილებზე არიან დასაქმებულები და რადიოში,  როგორც თავად აღნიშნავენ,  მხოლოდ მსმენელების სიყვარულის გამო დადიან.

62 წლის ცირა ბარბაქაძე ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მარტო ცხოვრობს.   შვილები საზღვარგარეთ, სამუშაოდ არიან წასულები.  ქალბატონი ცირა ქუთაისის  ხაზის რადიოს ოჯახის წევრად მიიჩნევს: " რადიოს  ხმას ძალიან მივეჩვიე, ოჯახის წევრივით მელაპარაკება, თან საინტერესო ამბებსაც ვგებულობ სახლიდან გაუსვლელად ", ამბობს  ცირა ბარბაქაძე. ხაზის  რადიოს ხმა მსმენელამდე  ორი მინი-დანადგარის საშუალებით აღწევს, აპარატურის მცირე  რემონტი  ერთი წლის წინ, ნინო ძოწენიძის დირექტორად მოსვლის შემდეგ მოხდა. ამ ფაქტს კიდევ ერთმა ამბავმა შეუწყო ხელი: " პრტეზიდენტის მეუღლე,  ქალბატონი სანდრა რულოვსი ჩვენთან  სტუმრად იყო მოსული, მას მოჰყვა ფრანგი ქალბატონი -  ჟურნალისტი. სტუმრები გაოცდნენ  – როგორ, ასეთი რადიო  კიდევ არსებობსო? მათი გაოცება მაშინ  გენახათ, როცა ისინი  პირდაპირი ეთერში  დავსვით და  მსმენელთა უამრავი ზარის მომსწრენი გახდნენ. არ ეგონათ ამდენი ადამიანი თუ გვისმენდა. ფრანგმა ქალბატონმა ისიც კი განაცხადა – ასეთი რამ არასოდეს მინახავსო! ამის შემდეგ  მცირეოდენი დაფინანსება მივიღეთ და დანადგარებს ხელი შევავლეთ",  ყვება ნინო ძოწენიძე.

ეთერში ქუთაისის რადიო გადის 11:00  საათიდან 14:00 საათამდე, შემდეგ კი -  15:10 საათიდან  20:00 საათამდე. დანარჩენ დროს ხაზის რადიოს ეთერში "საზოგადოებრივი რადიო", საპატრიარქოს რადიო", "იმედი", "ფორტუნა" და სხვა რადიო-სადგურების გადაცემები  იკავებენ.

იმ შვიდი საათის განმავლობაში, როდესაც ქუთაისის რადიო მაუწყებლობს, ეთერში გადის გადაცემები, რელიგიური ხასიათის – "კვალი ნათელი";  შემეცნებითი – "ლიტერატურული საფიხვნო"; გასართობი – "მუსიკალური სურვილები." რადიო ასევე ამზადებს საინფორმაციო გამოშვებას, რომელიც დღეში ოთხჯერ გადის, ხოლო ყოველ პარასკევს საინფორმაციო გადაცემა  მზადდება რუსულ ენაზე და მასში მიმდინარე კვირის მოვლენებზეა საუბარი.   მირიან გორგოძე, ქუთაისი

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test