შემოგვიერთდი

08.11.2011 19:25

ეთნიკური უმცირესობები და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

David Mchedlidze
საუბრები მედიაზე

ქვემო ქართლსა და სამცხე–ჯავახეთში მოსახლე ეთნიკური უმცირესობებისათვის,  ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით,  ძირითადი პრობლემაა  ცენტრალური არხებით მათთვის გასაგებ ენაზე მიწოდებული ინფორმაციის ნაკადის ხარისხი და ინტენსივობა.

 ამის შესახებ, დასკვნის სახით,  ნათქვამია შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების შეფასების ანგარიშში, რომელიც სამოქალაქო განვითარების სააგენტომ  (CIDA) 8 ნოემბერს საზოგადოებას სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“  წარუდგინა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების,  ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანოების წარმომადგენლები, ასევე, თამარ კინწურაშვილი, პრეზიდენტთან არსებული ტოლერანტობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საბჭოს თავმჯდომარე.

შეფასების ანგარიში მომზადდა   პროექტის „მულტიეთნიკური ნდობის მშენებლობის“ (MCBN) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CIDA,     ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში პროექტის პარტნიორია დემოკრატ მესხთა კავშირი (UDM). 

 პროექტის ფარგლებში შეფასებულია ქვემო ქართლსა და სამცხე- ჯავახეთში  კანონის უზენაესობა და ადამიანთა უფლებების მდგომარეობა, განათლების დონე  და სახელმწიფო ენის განვითარების საკითხი, ადგილობრივი  მედია და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, პოლიტიკური ინტეგრაციის პროცესი და სამოქალაქო მონაწილოება, სოციალური და ეკონომიკური ინტეგრაციის, ასევე,  კულტურის  და თვითმყოფადობის შენარჩუნების საკითხები.

შეფასების ანგარიშში, რომელიც 2010-2011 წლის აგვისტოს პერიოდს მოიცავს,  აღნიშნულია,  რომ ორივე რეგიონის მოსახლეობა ძირითად საინფორმაციო საშუალებად ტელევიზიას განიხილავს. ამასთან, მოსახლეობა უყურებს ტელეარხების იმ პროგრამებს, რომლებიც გადაიცემა აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი და მეორე არხები  ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში  უმცირესობების ენაზე მომზადებულ საინფორმაციო გამოშვებებს ადგილობრივი ტელეარხების  ეთერითაც ავრცელებს.

მაგალითად, მარნეულის მოსახლეობა,  რომლის უმეტეს ნაწილსაც ეთნიკური აზერბაიჯანელები წარმოადგენენ, უყურებს „პირველი არხის“  საინფორმაციო გამოშვება „მოამბის“ მიერ მომზადებულ აზერბაიჯანულენოვან გამოშვებას, რომელსაც  ასევე ადგილობრივი ტელეკომპანია „მარნეული ტვ“ გადასცემს. 

სამცხე- ჯავახეთის სომხურენოვანი მოსახლეობა   „მოამბის“ სიუჟეტებს სომხურ ენაზე უყურებს, რომელიც  ტელეკომპანია „ATV 12„ (ახალქალაქი) და „ფარვანას“ (ნინოწმინდა) ეთერშიც გადის.  ამის მიუხედავადა, შეფასების ანგარიშის თანახმად,  „ მოსახლეობისათვის ინფორმაციის ძირითად წყაროს კვლავ მეზობელი ქვეყების ტელეარხები წარმოადგენენ.“ ასევე გაირკვა, რომ არსებობს სოფლები და დასახლებული პუნქტები, სადაც არ წვდება არც ადგილობრივი  და არც ეროვნული სატელევიზიო მაუწყებლობის სიგნალი.

მიუხედავად იმისა, რომ  მოსახლეობის უმეტესობა სატელიტური თეფშებით სარგებლობს და შეუძლიათ ქართული არხები დაიჭირონ, ისინი  თურქულ და  რუსულ არხებს ანიჭებენ უპირატესობას და ამ ფაქტს ქართულ ტელესივრცეში  გადაცემების ერთფეროვნებითაც  ხსნიან.

ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში მოსახლე ეთნიკურ უმცირესობათა ძირითადი ნაწილი  ენობრივი ბარიერის გამო არ უყურებს ნაციონალური  არხების არასაინფორმაციო პროგრამებს და ამ ტიპის გადაცემებზე მოთხოვნას სხვა ქვეყნების ტელეარხების საშუალებით ავსებს.

ანგარიშის მიხედვით ირკვევა, რომ  რუსულენოვანი ტელეარხის ПИК-ის  (საზოგადოებრივი მაუწყებელი)  ორივე რეგიონის მოსახლოებაში     პოპულარული არ არის,  ადგილობრივების  უმეტესობას ამ  ტელეარხის შესახებ  არც კი სმენია.

შეფასების ანგარიშში   ნათქვამია, რომ  ბეჭდურ მედიას, როგორც წესი,  მოსახლეობის დიდი ნაწილი არ კითხულობს, თუმცა ის გარემოება, რომ არსებობს აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი გაზეთი, ადგილობრივი მოსახლეობისათვის მნიშვნელოვანია.

სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CIDA),   დირექტორის  ზვიად დევდარიანის თქმით, ქვემო ქართლისა და სამცხე- ჯავახეთის ეთნიკური უმცირესობების  წარმომადგენლები მეზობელი ქვეყნების მედია საშუალებებზეა დამოკიდებული.

„მიუხედავად იმისა, რომ რეგიონული ტელევიზიების ეთერში უმცირესობების ენაზე ითარგმნება რიგი საინფორმაციო გადაცემები, ფაქტია, რომ  ეს მედიასაშუალებები ვერ არის ისეთი ძლიერი,  რომ მოსახლეობის საინფორმაციო წყურვილი ბოლომდე დააკმაყოფილოს“_ აღნიშნა media.ge-სთან საუბრისას დევდარიანმა.

შეფასების ანგარიშის თანახმად,  ეთნიკური უმცირესობებისთვის  საზოგადოებრივი მაუწყებლის მხოლოდ საინფორმაციო გამოშვებებია ხელმისაწვდომი, რაც არასაკმარისია  ეთნიკურად არაქართველი მოსახლეობის  ინტეგრაციის პროცესში ჩართულობისთვის.

აღნიშნული პრობლემების გათვალისწინებით,  ანგარიშის  ავტორები ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ  რეგიონებში მედიისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად რამდენიმე რეკომენდაციას იძლევიან: ეროვნული არხების სიგნალის დაფარვის არეალის გაფართოვება, რეგიონული ტელევიზიების  მიერ ადგილობრივი მოსახლეობისათვის გასაგებ ენაზე საკუთარი პროდუქციის შექმნის განვითარება, მეზობელ ქვეყნებთან თანამშრომლობა და ერთობლივი პროექტების განხორციელება, ასევე  საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ერთობლივი მედიაპროექტების მხარდაჭერა.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test