შემოგვიერთდი

25.01.2009 20:00

ტელეკომპანია „ეგრისი“

David Mchedlidze
ახლო ხედით

სენაკის ტელეკომპანია "ეგრისი" 1995 წელს დაარსდა კერძო პირის მიერ და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას წარმოადგენს.

ტელეკომპანიის შემოსავლის მთავარი  წყაროა ნეკროლოგები და მილოცვები, ასევე შეზღუდული რაოდენობის რეკლამები. რეკლამაზე დაკვეთა იშვიათად ხდება - 1-2 თვეში ერთხელ,  რაც რაიონში უკიდურესად მწირი სარეკლამო ბაზრის არსებობით უნდა აიხსნას. რამდენიმე წლის წინ "ეგრისს" ფინანსურ შემოსავალს სოციალურ რეკლამაზე ფონდ "ინტერნიუსის" რეგულარული დაკვეთა წარმოადგენდა.

ეგრისს სხვადასხვა დროს ტექნიკური დახმარებები აქვს მიღებული. ტელეკომპანიას დღემდე შემორჩა რამდენიმე წლის წინ "ინტერნიუსის"  მიერ გადაცემული DVD ფორმატის ვიდეომაგნიტოფონი.  2008 წლის შემოდგომაზე  კი,  საქართველოში აშშ-ს საელჩომ ტელეკომპანიას  დაახლოებით 20 ათასი აშშ დოლარის ღირებულების გადამცემი აპარატურა აჩუქა. საქმე ისაა, რომ რუსეთ-საქართველოს ომის დროს, რუსულმა ავიაციამ ეკის (მდებარეობს ზღვის დონიდან 350 მეტრ სიმაღლეზე) მთაზე აგებული ტელეანძაც დაბომბა, რის შედეგადაც  ტელეკომპანიის ძველი გადამცემი განადგურდა.

ახალი გადამცემის დამონტაჟების შედეგად, "ეგრისის" მაუწყებლობა გაფართოვდა და ხარისხიც საგრძნობლად გაუმჯობესდა.  "ეგრისი" მაუწყებლობის არეალი მოიცავს,   სენაკს,  ხობს,  ზგდიდს, აბაშას და ლანჩხუთს.

ტელეკომპანია თავის საეთერო დროს პარტნიორი თბილისური კომპანიის რუსთავი-2-ის გადაცემების რეტრანსლიაციით ავსებს. ოცდაოთხსაათიან ეთერში საკუთრივ ეგრისის გადაცემები 2-3 საათს იკავებს და მხოლოდ საინფორმაციო გამოშვებითა და ფასიანი განცხადებებით შემოიფარგლება. საინფორმაციო  გამოშვება, რომელიც საღამოს 7 და 10 საათზე გადის,   არაპერიოდულია,  ფორმატი კი- შეზღუდული. ყველაფერი დამოკიდებულია რაიონში მომხდარი მოვლენების მნიშვნელობაზე, თუმცა    ახალი ამბები უფრო მეტად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა კომენტარებსა და მათთან ინტერვიუებს წარმოადგენს.  ზოგჯერ ეთერში გადის  ე.წ. სპეციალური გამოშვება - წამყვანი სტუდიაში იწვევს, სტუმარს, მაგალითად,  ადგილობრივი თვითმმართველობის ამა თუ იმ თანამდებობის პირს, ან  სხვა სტუქტურის წარმომადგენელს, რომელიც წამყვანის კითხვებს პაუხობს,  ეთერში საუბრის ჩანაწერი გადის.  ტელეკომპანიის ეთერში გადის ასევე საბავშვო პროგრამა "თუთარჩელა".

ტელეკომპანიის ტექნიკური აღჭურვილობაა  2 კომპიუტერი, 2 ვიდეოკამერა და  2 ვიდეო მაგნიტოფონი. ტელეკომპანიას აქვს ინტერნეტიც, მაგრამ უხარისხო.  რომლის გაუმჯობესებაზე ხელმძღვანელობა მუშაობს.  ტელეკომპანია აპირებს  პროვაიდერულ კომპანია "კავკასუს ონლაინთან" ახალი ხელშეკრულების გაფორმებას, რომლის საფუძველზე "ეგრისი" სწრაფ ინტერნეტს მიიღებს. ტელეკომპანიას ჰყავს  7 თანამშრომელი: გენერალური დირექტორი, რედაქტორი,  4  ჟურნალისტი და ერთიც ტექნიკური თანამშრომელი. ჟურნალისტების საშუალო ხელფასი 50 ლარია.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test