შემოგვიერთდი

22.03.2009 20:00

ტელეკომპანია „ჯიხამ“ 10 წლის იუბილე აღნიშნა

David Mchedlidze
ახლო ხედით

საქართველოში დატრიალებული ცნობილი მოვლენების შემდგომ, როდესაც დაიწყო გაპარტახებული, დანგრეული, სამოქალაქო ომგამოვლილი ქვეყნის აღმშენებლობა, 1994 წელს წალენჯიხის მკვიდრმა კახაბერ კვარაცხელიამ ერთი შავთეთრი ტელევიზორითა და რუსული წარმოების საოჯახო ვიდეომაგნიტოფონით დაიწყო სატელევიზიო ეთერში გასვლა. რომელსაც, ყოველ საღამოს ზურგით უწევდა ამ აპარატურის ატანა ზღვის დონიდან 360 მეტრის სიმაღლეზე მდებარე გადამცემ ანძამდე. იმ დროს მაუწყებლობის ხარისხის პრეტენზია არავის ჰქონდა, რადგან ის იყო ერთადერთი სადგური, რომელიც "მხედრიონელთა" მრავალგზის შემოსევებისგან დაქანცულ მოსახლეობას ინფორმაციის საუკეთესო წყაროდ მიაჩნდა. მოგვიანებით გამოჩნდნენ ახალგაზრდა ენთუზიასტები, რომლებმაც კახას ამაგი დაუფასეს და შრომის შემსუბუქების მიზნით პარტნიორობა შესთავაზეს. საწარმოც დააფუძნეს და სახელად ტელეკომპანია "ლაკადა" შეურჩიეს.

მიუხედავად მწირი მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა "ლაკადა"-მ, სულ მალე, სახელი მოიხვეჭა და წალენჯიხელთა ოჯახების კეთილი სტუმარი გახდა. ტელესადგურში მომზადებული გასართობი, შემეცნებითი და საბავშვო გადაცემები დიდ სიამოვნებას ანიჭებდა ადგილობრივ ტელემაყურებლებს, მაგრამ სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზის გამო, 1998 წლის მიწურულს, ტელევიზიამ ფუნქციონირება შეწყვიტა.

სულ მალე, 1999 წლის მარტში კახაბერ კვარაცხელიამ ხელახლა შემოიკრიბა ახალგაზრდა, შრომისმოყვარე, პროფესიონალი სპეციალისტები და სატელევიზიო, საეთერო მაუწყებლობაზე ლიცენზიაც მოიპოვა. ტელევიზიის ახალ სახელწოდებად კი ტელეკომპანია "ჯიხა" შეარჩიეს.

პირველ ხანებში. მაშინ როცა "ჯიხა" ჯერ კიდევ ფეხს იდგამდა, ფონდმა "ინტერნიუსი" ტელეკომპანიას კადრების მომზადების მხრივ დიდი თანადგომა გაუწია. მოგვიანებით კი, ფასიანი რეკლამებიც დაუკვეთა და "ჯიხა"-ს ფინანსური მდგომარეობაც წინ წასწია.

დღეს, მიუხედავად ტექნიკური ბაზის სიმწირისა და ფინანსური პრობლემებისა, ტელევიზიაში მზადდება სხვადასხვა საინტერესო გადაცემები. მათ შორის, საინფორმაციო გადაცემები, რომელსაც უძღვება ჟურნალისტი დარიკო ბერია. ტელევიზიის ქონებას წარმოადგენს: 2 კომპიუტერი, 2 ვიდეოკამერა და სხვა მოძველებული წვრილმანი, რომლებიც დიდი ხანია ჩამოწერას ექვემდებარება. ამა წლის 22 მარტს ტელეკომპანია "ჯიხა"-ს თანამშრომლებმა წალენჯიხაში პირველი ტელევიზიის დაარსებიდან 15 და ტელეკომპანია "ჯიხა"-ს ეთერში გასვლიდან 10 წლის იუბილე აღნიშნეს.

ოლეგ სალია, გაზეთ "ეგრისის" კორესპონდენტი

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test