შემოგვიერთდი

27.04.2009 20:00

„ტელეარხი 25”

David Mchedlidze
ახლო ხედით

"ტელეარხი 25" დაარსდა 1993 წლის 15 ივნისს, ბათუმში. მაუწყებლობის არეალი მოიცავს ბათუმს, ქობულეთს, ხელვაჩაურს, ოზურგეთის რაიონის ნაწილს და ზღვისპირა ზოლს სარფიდან ქალაქ ფოთამდე.

ტელევიზიამ მაუწყებლობა საყოფაცხოვრებო ტექნიკით დაიწყო. ფონდ "ინტერსიუსის" და საქართველოს სატელევიზიო ქსელის დახმარების შედეგად, 1995-1996 წლებში "ტელეარხი 25" "-ის მატერიალურ-ტექნიკური და შემოქმედებითი პოტენციალი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. აჭარის იმდროინდელი ხელისუფლების მრავალწლიანი მცდელობა, დამფუძნებლებისათვის წაერთმია ტელევიზიის მართვის სადავეები, მუდამ უშედეგოდ მთავრდებოდა. სწორედ ამიტომ, 2000 წლის 19 თებერვალს უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა "ტელეარხი 25"-ის ხელმძღვანელებს ძალით გააჩუქებინეს ტელეკომპანიის აქციათა საკონტროლო პაკეტი, რის შემდეგაც ტელევიზია უშუალოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურის, ასლან აბაშიძის მფლობელობაში გადავიდა. მრავალწლიანი სასამართლო დავა მხოლოდ აჭარის რევოლუციამ დაასრულა, როცა ბათუმიდან თბილისში იძულებით გადასახლებულმა დამფუძნებლებმა ოთხი წლის განმავლობაში წართმეული ქონება უკან დაიბრუნეს.

ტელევიზიაში, მისი არსებობის განმავლობაში, განხორციელდა არაერთი საინტერესო ტელე-პროექტი. მათ შორის: საინფორმაციო პროგრამა "ახალი ამბები", ანალიტიკური თოქ-შოუ "მრავალწერტილი", შემეცნებითი გადაცემა "ხელოვანთა გალერეა", მრავალსერიანი დოკუმენტური ფილმი "საქართველოს ისტორიის ქრონიკები", ქართული ტელესერიალი "ყავახანა" და სხვა.

2006 წლის 28 ივნისს "ტელეარხი 25" ახალი სირთულეების წინაშე დადგა. პრობლემები ელექტროენერგიის შეწყვეტით, ბათუმში მოქმედ ყველა საკაბელო ქსელში ტელეარხის გადაცემათა გამორთვით და იმ შენობის ნგრევით იყო გამოწვეული, სადაც "ტელეარხი 25"-ის სტუდია და ოფისი იყო განთავსებული. თუმცა, ტელევიზიის კოლექტივისათვის ჩვეული ერთსულოვნებისა და ენთუზიაზმის შედეგად, ყველა ზემოხსენებული დაბრკოლება უმოკლეს ხანში გადაილახა.

2007 წლის 7 ნოემბერი ბათუმის დამოუკიდებელ ტელევიზიაზეც მტკივნეულად აისახა. ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, მაუწყებლობა გამორთეს, 17 ნოემბრამდე "ტელეარხი 25" არ მაუწყებლობდა და სტუდიაში პოლიციელები მორიგეობდნენ. ამჟამად ტელევიზია ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, აღჭურვილია ციფრული აპარატურით. 2004 წლიდან დღემდე ყოველდღიურად მზადდება საინფორმაციო პროგრამა "მაცნე", რომელიც აჭარაში მიმდინარე მოვლენებს მიმოიხილავს. პერიოდულად იმართება წინასაარჩევნო ტელედებატები თუ სხვა ტოქშოუს ფორმატის გადაცემები.

2008 წლის სექტემბრიდან მზადდება ყოველდღიური ანალიტიკური პროგრამა "დიალოგი", რომელშიც, დღის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებთან დაკავშირებულ კითხვებს კომპეტენტური სტუმრები პირდაპირ ეთერში პასუხობენ. გადაცემაში, სატელეფონო ზარებისა და ეს-ემ-ეს შეტყობინებების მეშვეობით, აქტიურად მონაწილეობს მაყურებელი. "ტელეარხი 25"-ის თინეიჯერი მაყურებლების საყვარელი გადაცემაა "ბარათი", რომელშიც ისინი ეს-ემ-ესებისა და სატელეფონო ზარების მეშვეობით მონაწილეობენ და სასურველ ვიდეოკლიპს უკვეთავენ.

"ტელეარხი 25"-ის შემოსავლებს, ძირითადად, სამგლოვიარო განცხადებებიდან და მორბენალი სტრიქონიდან შემოსული თანხები განსაზღვრავს. რეკლამიდან მიღებული შემოსავალი ტელევიზიის ბიუჯეტის მხოლოდ 30%-ს შეადგენს.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test