შემოგვიერთდი

11.11.2011 17:23

არაფერი - სიმართლის გარდა!

David Mchedlidze
საუბრები მედიაზე

ეპიგრაფის მაგიერ: კომუნისტების დროს, გაზეთ „პრავდას“ პოზიციის აღსანიშნავად, რუს დისიდენტებში გავრცელებული იყო ყოვლად ფანტასტიური ფრთიანი ფრაზა: в углу лежало ложь, завернутая в „правду“.

რამდენიმე დღის წინ BBC-ზე გავიდა სიუჟეტი, რომელიც საქართველო-ნატოს ურთიერთობებს შეეხებოდა.

ეს სიუჟეტი „რუსთავი-2“-მა თარგმნა და გაუშვა.

ასეთი სიუჟეტები იშვიათობას არ წარმოადგენს, ამიტომ მაინცდამაინც ყურადღებას არ მივაქცევდი, რომ არა ერთი ქართველი ბლოგერი გოგონას ბლოგპოსტი მის პირად ბლოგზე.

„თიკოს ბლოგზე“ (http://sivrce.wordpress.com/2011/11/09/%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98-2-%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%AC%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91/) გადავაწყდი წერილს, სადაც „რუსთავი-2“-ის სიუჟეტი ორიგინალთან, BBC-ს სიუჟეტთან იყო შედარებული.

გამიკვირდა-მეთქი, ვერ ვიტყვი. უფრო შემრცხვა.

შემრცხვა, რომ ამდენი წელია, ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი არხისგან ნორმალური ინფორმაცია და ნორმალური მოპყრობა ვერ დავიმსახურეთ.

შემრცხვა, რომ ჟურნალისტი ვარ (სხვათა შორის, ამ 10 დღეში უკვე მეორედ შემრცხვა ამის გამო).

შემრცხვა, რომ ამ ყველაფერს მე ვკითხულობდი. მე, რომელმაც ისედაც გადასარევად ვიცოდი, რომ ეს ჩემი კოლეგები უსირცხვილოდ იტყუებიან, კიდევ ერთხელ ვკითხულობდი ამას, ხოლო ჩემი ნაცნობი, სართიჭალელი ახმედა სახლში იჯდა და არაფრის გაგებაში არ იყო.

ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ ინტერნეტ-სივრცეში არ არსებობს „თიკოს ბლოგი“, ან მკითხველმა, მათ შორის მეც, ვერ ვიპოვეთ ეს ბლოგი, ან საერთოდ, სოფელში ვცხოვრობთ, ინტერნეტი არ გვაქვს, არც კომპიუტერი გვაქვს და ინფორმაციას მხოლოდ „რუსთავი-2“-დან და „იმედიდან“ ვიღებთ.

აზრზე ხართ, რამდენი ასეთი „უტკა“ ნიუსი გვაქვს გადაყლაპული?

ახლა ჩავუღრმავდეთ, თუ რა განსხვავება იყო ორიგინალ სიუჟეტსა და „გადაერორებულ“ სიუჟეტს შორის.

მიუხედავად იმისა, რომ ორიგინალი ტექსტი ინგლისურ ენაზეა, მის გასაგებად გელა ჩარკვიანი სულაც არ არის საჭირო.

ყველაზე მთავარი ფრაზა, რაც „ერორმა“ საერთოდ ამოიღო სიუჟეტიდან, ასე ჟღერს: “ნატო ვერ მიიღებს ახალ წევრს, რომელსაც შეუძლია ალიანსი ჩაითრიოს რუსეთთან ომში”.

დალოცვილო, გასაგებია, რომ არ გაწყობს და „ზემოდან“ გაგიჩმახებენ, მაგრამ შენ ხომ არ ამბობ, BBC ამბობს, გაუშვი რა, რაღას მატყუებ?

BBC-ს სიუჟეტში ბიძინა ივანიშვილის კომენტარიც ყოფილა ჩართული, რაც ჩვენებს საერთოდ ამოუჭრიათ (რატომღაც რომ არ ამოეჭრათ).

ყველაზე მეტად ვიცინე „რუსთავი-2“-ისეულ ფრაზაზე: რასმუსენის ვიზიტამდე რამდენიმე საათით ადრე BBC-ის ჟურნალისტები აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის უპირობოდ პროდასავლურმა მთავრობამ კორუფცია დაამარცხა და დანაშაულის რიცხვი შეამცირა.

საქმე იმაშია, რომ მსგავსი არაფერი ორიგინალ სიუჟეტში არ თქმულა!

ეს ყველაფერი „თიკოს ბლოგის“ დამსახურებით შევიტყვე.

მადლობის მეტი არაფერი მეთქმის ბლოგის ავტორისადმი.

რაც შეეხება „რუსთავი-2“-ის საქციელს - ერთი ფაქტი გამახსენდა: ფეხბურთის 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობისას ჩრდილოეთ კორეის საფეხბურთო ნაკრებმა 2-1 წააგო ბრაზილიასთან.

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტელევიზიამ თავის მოქალაქეებს მხოლოდ კორეელი ფეხბურთელის მიერ გატანილი გოლი უჩვენა და საზეიმო იერით ამცნო, რომ მათმა ძლევამოსილმა ნაკრებმა მრისხანე ბრაზილია დაამარცხა!

ბევრი გვიკლია? როგორ ფიქრობთ?

დროებით!

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test