შემოგვიერთდი

14.11.2011 10:20

მე-13 მსაჯული

David Mchedlidze
საუბრები მედიაზე

დაგვიანებით, მგარამ საქართველოც შეემატა იმ ქვეყანათა რიგს, რომელთა მართლმსაჯულება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიუკერძოებლობითაა განმტკიცებული. ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი სამართლიანად ითვლება უძველესი ტრადიციების მქონე სამართლებრივ ინსტიტუტად, რომელმაც დიდი როლი შეასრულა მსოფლიოს არა ერთი ქვეყნის მართლმსაჯულების განვითარებასა და დემოკრატიის დამკვიდრებაში. მიიჩნევა, რომ, იდეალურ შემთხვევაში, ნაფიცი მსაჯული გარკვეული არ უნდა იყოს კონკრეტულ განსახილველ საქმეში, რათა წინასწარმა განწყობამ და არასარწმუნო წყაროებიდან მიღებულმა ინფორმაციამ, გავლენა არ იქონიოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე. ვერდიქტის მიღებისას მსაჯული მაქსიმალურად ნეიტრალური და თავისუფალი უნდას იყოს, ამასვე ავალდებულებს მსაჯულს კანონით დადგენილი ფიცი:

”ვფიცავ, პატიოსნად და მიუკერძოებლად აღვასრულო ნაფიცი მსაჯულის მოვალეობა… გადაწყვეტილება მივიღო შინაგანი რწმენის საფუძველზე, როგორც შეეფერება სამართლიან ადამიანს!"

მაგრამ რა ქნას იმ მსაჯულმა, რომლის შინაგან რწმენაზე მედია ზემოქმედებს?  

საქართველოში დამკვიდრებული ტრადიციით, სასამართლო პროცესის დაწყებამდე მედია (განსაკუთრებით ტელემედია) პოლიციის ან პროკურატურის ოპერატიულ მასალაზე აგებული სიუჟეტების ეთერში გაშვებით წინასწარ განწყობას ქმნის. არადა, წამყვანი ნაციონალური არხები (რომლებიც NDI–ის უკანასკნელი კვლევის მიხედვით, საქართველოში ინფორმაციის უმთავრესი წყაროებია) პირდაპირ ნადირობენ „სისხლიან ისტორიებზე“. „სიმამრმა სიძე მოკლა“, „შვილმა მამას 13 სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა“ – ესაა არსრული ჩამონთვალი იმ სიუჟეტებისა. რომლებითაც გაჯერებულია საქართველოს საინფორმაციო სივრცე. ესაა ვრცელი რეპორტაჟები, სადაც მსხვერპლთან ერთად ეჭვმიტანილიც იდენტიფიცირებულია, თანაც სიუჟეტების უმეტესი ნაწილი შინაგან საქმეთა სამინისტროს ან პროკურუტური მიერ მიწოდებული ოპერატიული მასალებისაგან შედგება: ეჭვმიტანილის აღიარება და გამომძიებლის დამაჯერებული თხრობა  (რომელსაც უკრიტიკოდ იღებს ჟურნალისტი) მაყურებელს უყალიბებს რწმენას „პირსისხლიანი მკვლელის“ სამართლიანად დასჯის შესახებ.

ასეთი (ასეთნაირად მომზადებული) სიუჟეტის ეთერში გაშვების შემდეგ, ლოგიკურად დაისმის შეკითხვა: ვის სჭირდება ის?

როგორც წესი, სიუჟეტში არ ხდება თემის გაშლა. თუ მთვრალმა შვილმა მართლა მოკლა მამა, საზოგადოებისათვის უთუოდ საინტერესო იქნება როგორც სტატისტიკის ცოდნა (რამდენად ხშირად ხდება ასეთი რამ), ასევე ოჯახური კონფლიქტის მიზეზების კვლევა სოციალური, კულტურული, ფსიქოლოგიური და სხვა ასპექტების გათვალისწინებით, მაგრამ ტელეარხები ამას რატომღაც არ აკეთებენ. თუ რატომ, ამასთან დაკავშირებით მხოლოდ ვარაუდები შეიძლება გამოვთქვათ.

„სისხლიანი სიუჟეტების“ კეთება რამდენიმე მიზანს ემსახურება. ცხადია, ისინი გარკვეულწილად ტელეარხის რეიტინგსაც ზრდიან, რადგანაც მაყურებელს სერიოზული, მნიშვნელოვანი სიუჟეტების შთაბეჭდილებას უტოვებენ, რითაც, საბოლოო ჯამში, იფლანგება საზოგადოების ყურადღება. ამგვარი არაფრისმომცემი სიუჟეტები იკავებენ მნიშვნელოვანი პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სხვა სახის თემების ადგილს საინფორმაციო გამოშვებაში, რომლის მთავრი მიზანი სწორედაც რომ საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებაა.

მედია რომ  მნიშნელოვანი პრობლემაა ნაფიცმსაჯულთა სასამართლორსათვის, ეს პირველი პროცესის გაშუქებამ და შექმნილმა საინფორმაციო ფონმაც გამოაჩინა. სიუჟეტების მიხედვით, მაყურებელს (მათ შორის ალბათ მსაჯულებსაც) შესაძლოა შეექმნას  შთაბეჭდილება, რომ ასამართლებენ მკვლელებს და გადასაწყვეტი დარჩა მხოლო ის, თუ როდის, როგორ და რა ფორმით დასჯიან მათ. 

მედიის ქცევა რომ პრობლემაა, ამაზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კონსტანტინე კუბლაშვილის შემდეგი განცხადებაც მეტყველებს: „ თუ არსებობს საფრთხე, რომ ნაფიცი მსაჯულების ობიექტურობა, მედიის ფაქტორის გამო, ეჭვქვეშ დადგება, შეიძლება ნაფიცი მსაჯულები სხვაგან დასახლდნენ გარკვეული ვადით, სადაც გარანტირებული იქნება მათი საცხოვრებელი და კვების პირობები”.

ცხადია, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მედიას ვერ განუსაზღვრას რაზე და როგორ აკეთოს სიუჟეტები, თუმცა უნდა დაფიქრდნენ თავად მედიის წარმომადგენლები, რომლებიც ფაქტობრივად მე-13  მსაჯულის ფუნქციას ასრულებენ და, რომელთა საქმიანობაზეც ადამიანის – განსასჯელის ბედია დამოკიდებული. 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test