შემოგვიერთდი

16.11.2011 14:38

(გან)თავისუფლება ისე არ მოდის...

David Mchedlidze
საუბრები მედიაზე

დასაწყისისთვის, ერთი სამსახურეობრივი ანეკდოტი:
შეფი შედის სამსახურში, მიდის თანამშრომელთან და ეუბნება:
შენთვის განსაკუთრებული დავალება მაქვს! დაანებე თავი, რასაც აკეთებ, მაგას, და შედი www.jobs.ge-ზე!
შევედი! მერე, შეფ? - ეკითხება ხელქვეითი.
ახლა შენთვის ახალი სამუშაო მოძებნე!!!

დაახლოებით ასე დაემართა  რადიო „გოლოს როსიის“ ანალიტიკური პროგრამა  „ექსპერტიზის“ წამყვანს და ავტორს , რომელსაც ეთერში გასვლამდე 10 წუთით ადრე დაურეკეს და აცნობეს, რომ სამსახურიდან განთავისუფლებულია!

მიზეზი, როგორც ყოველთვის, პოლიტიკურია - მაქსიმ შალგინი სამსახურიდან სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფალის, ედუარდ კოკოითის ღია ეთერში გაკრიტიკების გამო დაითხოვეს.

შალგინმა ეთერში სამხრეთ ოსეთის  ცენტრალური საარჩევნო კომისია და დე-ფაქტო პრეზიდენტის აპარატის უფროსიც გააკრიტიკა და მათ ერთ-ერთი კანდიდატის, კერძოდ, ბიბილოვის მხარდაჭერაში დასდო ბრალი (http://www.journalist.ge/?menuid=3&id=12350&lang=1).

ისე, ეს კიდევ კარგად გადარჩა. თუ გავითვალისწინებთ რუსული პოლიტიკის სასაუბრო ენას მედიის ურჩ წარმომადგენლებთან, შალგინი მადლობასაც უნდა ამბობდეს, რომ მხოლოდ გამოუშვეს და არ მოკლეს.

შალგინი არც პირველია და, სავარაუდოდ, არც უკანასკნელი, ვინც  განცხადებებისა და პოლიტიკური აქტივობის გამო, გაუშვეს სამსახურიდან.

ამავე წლის ოქტომბერში, აშშ-ში, National Public Radio-ს წამყვანი ლიზა სიმეონე, ვაშინგტონში "დაიკავე უოლ სტრიტის" მსგავსი აქციის ორგანიზებისთვის სამსახურიდან დაითხოვეს.

ამ საქმეში აღსანიშნავია, რომ ლიზა უძღვებოდა გადაცემას „ოპერის სამყარო“ და შესაბამისად, მის საქმიანობის სფეროში არ შედიოდა ახალი ამბების გაშუქება. ამიტომ, მისი სამოქალაქო პოზიცია რადიოს სარედაქციო პოლიტიკას საფრთხეს არანაირად უქმნიდა.

ხელმძღვანელობამ კი სხვანაირად გადაწყვიტა: „ჩემი შეხედულებით, შესანიშნავია, როდესაც საპროტესტო აქციის ორგანიზატორი ხარ, მაგრამ ამავდროულად ჟურნალისტობის უფლება არ გაქვს", - განაცხადა რადიოს პრეზიდენტმა მაიორა რენკინმა (http://www.ambebi.ge/masmedia/43117-ashsh-shi-zhurnalisti-saprotesto-aqciebshi-monatsileobis-gamo-samsakhuridan-daithkhoves.html#ixzz1drtfEIk2).

რატომ? იმიტომ, რომ იქ იციან, რა არის ჟურნალისტიკა.

ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდება, იმავე პრინციპით საქართველოში რომ გაუშვან ჟურნალისტები სამსახურიდან?

რა მოხდება და ერთბაშად შეიქმნება რამდენიმე ათასი სამუშაო ადგილი!

გასულ წელს ასევე დაითხოვეს სამსახურიდან CNN-ის წამყვანი, რიკ სანჩესი, რომლის გამონათქვამებშიც ხელმძღვანელობამ ანტისემიტიზმი დაინახა.

ასევე დაითხოვა თავისი წამყვანი NBC-მ  2010 წელს, რომელმაც დემოკრატიული პარტიის სამი კანდიდატის წინასაარჩევნო ფონდში თანხა გადარიცხა.

კიტ ოლბერმანი წლების განმავლობაში ტელეკომპანიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სახე იყო, მაგრამ ამ ფაქტმაც ვერ უშველა.

„როგორც MSNBC-ის ხელმძღვანელმა ფილ გრიფინმა განაცხადა, ოლბერმანი არც გადაცემას წაიყვანს და არც ხელფასი შეუნარჩუნდება, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის შუალედური არჩევნების გაშუქების დროს ის არხის საუკეთესო წამყვანი იყო.

"NBC-ის საინფორმაციო პოლიტიკის ინტერესების გათვალისწინებით, გადავწყვიტე ის გადაცემას ჩამოვაშორო", - განაცხადა გრიფინმა“ (http://www.ambebi.ge/masmedia/27885-demokratebis-mkhardatceris-gamo-nbc-is-teletsamyvani-samsakhuridan-daithkhoves.html#ixzz1drxGiFmR).

კარგია, როცა ცხოვრობ ისეთ სახელმწიფოში, როგორიც აშშ-ა, და რომელშიც ფუნქციონირებს ისეთი არხი, როგორიც NBC-ა, რომელსაც აქვს თავისი, ვიმეორებ, თავისი საინფორმაციო პოლიტიკა და რომლის დარღვევადაც ითვლება მოქმედი პრეზიდენტის პარტიისადმი მხარდაჭერის ღიად გამოხატვა.

დროებით!

P. S. ამ სტატიას რომ ვამთავრებდი, ჩემი ყურით გავიგონე, ქართულ არხ „Real-TV“-ზე, საინფორმაციო გამოშვება „დღის ამბებში“ წამყვანმა ნინო ბურჯანაძეს „პრინცესა ხორბლის მარცვალზე“ რომ უწოდა.

ევროკავშირი არა, იხვის ტოლმა!

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test