შემოგვიერთდი

18.11.2011 19:09

civil-forum.org - ადგილი მშვიდობისათვის

David Mchedlidze
ახლო ხედით

„ადგილი მშვიდობისათვის“ (Place for peace)  ამ სლოგანით უკვე 4 თვეა ვებ-გვერდი  civil-forum.org  არსებობს, რომელიც  მკითხველს საქართველოს  და სამხრეთ ოსეთის  საზოგადოებებში მიდმინარე პროცესებზე მოუთხრობს.

კულტურა, პოლიტიკა, ეკონომიკა,  საზოგადოება, უსაფრთხოება და მასმედია_ ეს civil-forum.org -ის მუდმივი რუბრიკებია. ვებ-გვერდი მულტიმედიურია. აქ განთავსებულია არასამთავრობო ორგანიზაცია „გოუ ჯგუფის“  ვიდეოფილმები და „სტუდია რე“-ს მიერ წარმოებული გადაცემათა ჩანაწერებიც. ცალკე ადგილი ეთმობა ბლოგებს.

ვებ-გვერდის  შექმნის იდეა  სამოქალაქო ფორუმს გაუჩნდა,  რომლის პარტნიორია ჰოლანდიური ორგანიზაცია IKV PAX Christi. ვებ-გვერდი  ევროკავშირის დაფინანსებითა და  გაეროს განვითარების პროგრამის COBERM-ის ფარგლებში შეიქმნა.

 „გვსურდა პოზიტიური საინფორმაციო სივრცის შექმნა, სიძულვილის ენის გარეშე. ვებ-გვერდის მიზანია  გაყოფილ საზოგადოებებს შორის   ინფორმაციის გაცვლა და ჟურნალისტების ურთიერთთანამშრომლობისთვის ხელის შეწყობა“, ამბობს  civil-forum.org -ის რედაქტორი ზურაბ ბენდიანიშვილი.

ვებ-გვერდი მუდმივად განახლებადია. კონტენტზე  ორი ჟურნალისტი  მუშაობს -  ერთი ქართველი და ერთიც  ოსი. თუმცა რედაქტორის თქმით, მათთან ჰონორარის პრინციპით თანამშრომლობენ ჟურნალისტები სხვადასხვა მედიასაშუალებიდან.

 „თავდაპირველად ოსი ჟურნალისტები თანამშრომლობაზე უარს ამბობდნენ, თუმცა ნელ- ნელა ნდობით განეწყვნენ“. ბენდიანაშავილის თქმით, ოსური მხრიდან რამდენიმე ჟურნალისტი ფსევდონიმით წერს.

 რამდენადაც ცხინვალის რეგიონში ინტერნეტზე   ხელი ცოტას მიუწვდება , ვებ-გვერდის ბეჭდური ვერსია იქ  უფასო საინფორმაციო ბიულეტენების სახით ვრცელდება, ბიულეტენი ვლადიკავკაზში იბეჭდება და მისი ტირაჟი 500 ცალია.  ამ პროექტს ცხინვალის მხრიდან ადგილობრივი   გაზეთი „21-საუკუნე“ (რედაქტორი თემურ ცხოვრებოვი)  ქართული მხრიდან კი  ორგანიზაცია „დევნილთა უფლებებისათვის“ ახორციელებს, რომლის  ხელმძღვანელი ზურაბ ბენდიანიშვილია.

 „შეიძლება ითქვას,  გამოცემა ოსურ საზოგადოებაში პოპულარულია, ბოლო პერიოდში ინტენსიურად ვაშუქებთ სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ  არჩევნებს. ბევრი მედიასაშუალება ამ ინფორმაციას იყენებს და ჩემს კომენტარსაც  აქვეყნებს“, ამბობს media.ge-სთან საუბარში ბენდიანიშვილი.

მისი  თქმით, ოსეთიდან მოსული მასალები მხოლოდ იმ შემთხვევაში რედაქტირდება, თუ ის სიძულვილის ენის  შემცვლელია.  „ვცდილობთ,  მასალებში არ იყოს ისეთი გამონათქვამები, რომლებიც მხარეებს შეურაცხყოფას მიაყენებს“, ამბობს ვებ-გვერდის რედაქტორი.

ბენდიანაშვილი სამომავლოდ რადიო და  სატელევიზიო ჩანაწერების გაკეთებას  გეგმავს, რომელიც ვებ-გვერდზე აიტვირთება.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test