შემოგვიერთდი

22.11.2011 18:23

მაუწყებლები მაუწყებელთა ქცევის კოდექსში ცვილებების შეტანას დათანხმდნენ

David Mchedlidze
საუბრები მედიაზე

მაუწყებლები დათანხმდნენ „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის“ (CDI) ინიციატივას  მაუწყებელთა ქცევის კოდექსში ცვილებების შეტანის შესახებ. ცვილილება   გულისხმობს იმ პირთა კატეგორიის გაფართოებას, ვისაც არასრულწლოვანთა თემების არაეთიკურად გაშუქების შემთხვევაში მაუწყებელთა თვითრეგულირების ორგანოში საჩივრის შეტანის უფლება ექნება.

კოდექსის მოქმედი რედაქციით, სტანდარტების დარღვევისთვის მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოში საჩივრის შეტანა შეუძლია პირს „რომელსაც ეხება ან რომელიც ნახსენებია პროგრამაში ან მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილებაში". „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის" წინადადებით კი, აღნიშნული მუხლი უნდა განივრცოს და  იმგვარად ჩამოყალიბდეს, რომ მაუწყებლებში საჩივრის შეტანის უფლება ჰქონდეთ იმ ორგანიზაციებს, „რომლის საქმიანობის მიზანია არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვა.“

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონის თანახმად „მაუწყებელთა ქცევის კოდექსში“ ცვლილების შეტანა შეუძლია კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელების თანხმობის საფუძველზე. სწორედ ამ თანხმობას მიაღწია „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა“ გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF)  პარტნიორობით განხორციელებული პროექტის „ბავშვთა საკითხების პროფესიული და ეთიკური გაშუქების მხარდაჭერა - მედია მონიტორინგის“  განხორციელების დასკვნით ეტაპზე. პროექტის შედეგები ავტორებმა 22 ნოემბერს კაფე „ქარავანში“ შეაჯამეს. პროექტი 2011 წლის მარტიდან  ოქტომბრამდე ხორციელდებოდა.

მონიტორინგის შედეგად CDI-მ არასრულწლოვანთა საკითხების გაშუქებისას სტანდარტების დარღვევის 40 შემთხვევა აღმოაჩინა, თუმცა ორგანიზაციის იურისტმა გასაჩივრებისთვის საჭიროდ მხოლოდ 23 მასალა ჩათვალა. აქედან 5 საჩივარი შეიტანეს „რუსთავი 2“-ის თვითრეგულირების ორგანოში, ოთხ-ოთხი „იმედსა“ და „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ , CDI-ს პრეტენზია ჰქონდა „რეალ ტვ“-ს სამი სიუჟეტის მიმართ,  ორი  სიუჟეტი გაასაჩივრეს „კავკასიაში“, თითო-თითო კი - „თრიალეთსა“ და „მაესტროში“.

„სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის“ გამგეობის თავმჯდომარის ია ანთაძის ცნობით, გასაჩივრებულ სიუჟეტებში კრიმინალური და სოციალური თემატიკის  გაშუქებისას ბავშვის იდენტიფიცირება ხდებოდა, რაც საერთაშორისო სტანდარტის დარღვევაა. „ასევე არ შეიძლება იმგვარი მასალის მომზადება, რაც ბავშვს მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ჩააგდებს, რისი შემთხვებიც დავაფიქსირეთ,“ - უთხრა media.ge-ს ია ანთაძემ, პროექტის შეჯამების დასრულების შემდეგ.

წარდგენილი საჩივრები მხოლოდ ოთხმა ტელეკომპანიამ დააკმაყოფილა, დანარჩენმა მაუწყებლებმა კი მიიჩნიეს, რომ CDI-ს არ ჰქონდა საჩივრის შეტანის უფლებამოსილება. „სწორედ ამ გამოცდილებამ გვაიძულა, რომ ცვლილება თავად კოდექსში შეგვეტანა. წარმოუდგენელია UNICEF-ს და მის მსგავს ორგანიზაციებს საჩივრის უფლება არ ჰქონდეთ,“ - აღნიშნა ანთაძემ, რომელმაც კოდექსში შესატან ცვილებებთან დაკავშირებით კონსულტაციები უკვე გამართა როგორც მაუწყებლებთან, ისე კომისიასთან. ანთაძის თქმით, მზაობა ორივე მხრიდან არის, პროცედურული დეტალებია დასაზუსტებელი. მხოლოდ  ტელეკომპანია „რეალ ტვ“-ის  პასუხია უცნობი, ამ ტელეკომპანიას, არც თანხმობა უთქვამს და არც უარი. „კანონში წერია,  რომ ცვლილებისთვის მაუწყებელთა თანხმობაა საჭირო, თუმცა არაფერია ნათქვამი, კონკრეტულად რამდენი ტელეკომპანიის დასტურია საჭირო. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ტელევიზია თანახმაა აამუშაოს მექანიზმი, რომელიც საკითხის სტანდარტების დაცვით გაშუქებას უზრუნველყოფს,“ - დასძინა ია ანთაძემ.

ტელეკომპანია „მაესტროს“ ახალი ამბების ხელმძღვანელის, თამარ რუხაძის თქმით, ბავშვთა საკითხების გაშუქებისას მთავარი პრობლემა სოციალური საკითხების გაშუქებისას იქმნება.

„მე, როგორც პროდიუსერს, ზოგჯერ მიმჩნია, რომ ბავშვის იდენტიფიცირება უფრო უპრიანია თავად ბავშვისთვის,“ - თქვა media.ge-სთან საუბრისას თამარ რუხაძემ. „ხშირად გავდივართ კონსულტაციებს  ამ საკითხზე მომუშავე ორგანიზაციებთან. მაგალითად, უნდა ვაჩვენოთ თუ არა ბავშვი ძალიან მძიმე სოციალურ პირობებში? სტანდარტის მიხედვით იდენტიფიცირება არ უნდა მოხდეს, რასაც ვემორჩილებით,“ - აღნიშნა მან.

„რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის“ (GARB) აღმასრულებელი დირექტორის ნათია კუპრაშვილის თქმით, რეგიონული მაუწყებლებისთვის არასრულწლოვანთა არაიდენტიფიცირება უფრო რთულია, ვიდრე ეროვნული მაუწყებლებისთვის.

„რეგიონული  მაუწყებლობა ლოკალურ ტერიტორიაზე ვრცელდება, სადაც ყველა ყველას იცნობს და იციან ვისზეა საუბარი. ამიტომ უფრო ფრთხილად ეკიდებიან ბავშვთა საკითხების გაშუქებას,“ - აღნიშნა ნათია კუპრაშვლიმა. მისი თქმით, UNICEF-მა სპეციალურად რეგიონული მედიისთვის ტრენინგებიც ჩაატარა, რომელსაც ყველა ტელეკომპანია დაესწრო.

პროექტის შეჯამებისას საქართველოში UNICEF-ის წარმომადგენლის მოადგილე ნადა მარასოვიჩმა (Nada Marasovic) მადლობა გადაუხადა ტელეკომპანიებს თანამშომლობისთვის და აღნიშნა, რომ ბავშვთა საკითხების გაშუქებისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მოქმედი ჟურნალისტებისთვის ცოდნის ამაღლება, არამედ დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს სტუდენტებსაც.

„ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს უკვე გათავისებული უნდა ჰქონდეთ ის სტანდარტები, რაც არასრულწლოვანთა თემებზე მუშაობას უკავშირდება,“ - თქვა მარასოვიჩმა.

ბავშვთა საკითხების გაშუქება უკვე მესამე წელია ისწავლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. თსუ-ს ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების მიმართულების ხელმძღვანელის, მარიამ გერსამიას თქმით, აღნიშნული  საგანიის მიმართ სტუდენტების დაინტერესება დიდია.

„ძალიან ხშირად საბაკალავრო ნაშრომის საკვლევ თემად სწორედ ბავშვთა საკითხების გაშუქებას ირჩევენ, ეს ნიშნავს იმას, რომ მომავალ ჟურნალისტებს დიდი სურვილი აქვთ უფრო მეტი ცოდნა მიიღონ ამ საკითხის ეთიკურად გასაშუქებლად,“ - აღნიშნა media.ge-სთან საუბრისას მარიამ გერსამიამ. არასრულწლოვანთა თემების გაშუქებისთვის ქართულ ენაზე სახელმძღვანელოებიც გამოიცა. „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა“ კი პროექტის ფარგლებში მედიაში ბავშვთა საკითხების გაშუქების საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტების კრებული გამოსცა.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test