შემოგვიერთდი

24.11.2011 10:16

მედიაბაზრის ტრადიციული პრობლემები

David Mchedlidze
საუბრები მედიაზე

რამდენიმე დღის წინ საკონსულტაციო ჯგუფმა „ინოვამ“ IREX-ის დაკვეთით G-MEDIA პროგრამის ფარგლებში ჩატარებული კვლევის მოკლე ანგარიში  გამოაქვეყნა. წაკითხვის შემდეგ, სიმართლე გითხრათ, დავიბენი. დაახლოებით 40- გვერდიან დოკუმენტი, რომელიც მედია და სარეკლამო ბიზნესს ეხება, იმდენი პრობლემაა დახვავებული, რომ ერთგვარი აპათიის გრძნობაც კი დამეუფლა. რომ ვთქვა, ამ კვლევაში არსებითი სიახლე იყო რამე-მეთქი, მოგატყუებთ. უბრალოდ ემპირიული მასალებით განმტკიცებული გახლავთ ის, რაც ისედაც ყველამ იცის. არ მინდა კვლევის მოკლე შინაარსი მოგიყვეთ (სურვილის შემთხვევაში ანგარის შინაარსს შეგიძლიათ გაეცნოთ media.ge-ზე). თუმცა რამდენიმე პრობლემაზე ყურადღების გამახვილება, ვფიქრობ,  ღირს.

1)      რეგიონული მედიის საქმე, პირდაპირ ვაქვათ -ცუდადაა. რამდენიმე თვის წინ „ბიოლის ფონდში“ ამ თემაზე დისკუსიაც გაიმართა. საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მოწვეულმა მედიის წარმომადგენლებმა არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. საერთო დასკვნები კი ასეთი იყო - რეგიონებში თითქმის არ არსებობს მედიაბაზარი და ჯანსაღი სარეკლამო სივრცე, ტელევიზიების მუშაობა გაუმართავია (როგორც ტექნიკურად, ისე შინაარსობრივად), პრესის ტირაჟი იმდენად მცირეა, რომ გაყიდებით მიღებული შემოსავლები გაზეთებისა თუ ჟურნალების თვითშენახვასაც კი ვერ უზრუნველყოფს. ამასთანავე ადგილობრივ პრობლემათა გადაწყვეტა უმეტეს წილად ცენტრალური ხელისუფლების (თბილისიდან) ნებისა და ნებართვის შემთხვევაში ხდება.

კვლევის მოკლე ანგარიშში კი ვკითხულობთ, რომ მთლიანი სარეკლამო შემოსავლების მხოლოდ 2% (დაახლოებით - 919 900 აშშ დოლარი) მოდის რეგიონებზე. ადგილობრივი გაზეთები იბეჭდება თბილისში (ამ მხრივ ერთადერთი გამონაკლისი ბათუმია), მათი გავრცელება- რეალიზაცია კი ძალიან გართულებულია. მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტიზაციის საერთო დონე იზრდება ქვეყანაში, რეგიონების ხვედრითი წილი ამ ზრდაში საკმაოდ მოკრძალებულია (ინტერნეტიზებული მოსახლეობის მხოლოდ 16% ცხოვრობს თბილისის გარეთ). რეგიონული მედიის ასეთი მდგომარეობა კი პირდაპირ აისახება კომპანიათა დაინტერესებაში,  რეკლამა ჩადონ ადგილობრივ ტელევიზიებსა თუ ჟურნალ-გაზეთებში.

2)      მონოპოლია სარეკლამო ბაზარზე ცალსახაა. ზემოხსენებული კვლევით დასტურდება, რომ სარეკლამო შემოსავლები  უთანასწოროდ არის განაწილებული თუნდაც ერთი ტიპის მედიასაშუალებებში. მაგალითად სატელევიზიო რეკლამიდან მიღებული შემოსავლების 80%-ზე მეტი მხოლოდ ორ ნაციონალურ მაუწყებლობაზე „რუსთავი 2“-სა და „იმედზე“ მოდის. ხოლო სარეკლამო სააგენტოების შემოსავლის 80%-ს ორ უმსხვილეს კომპანია: „მედია არტი“ და „მაგი სტილი მედი“,  ინაწილებენ. სავარაუდოა, რომ ასეთი ვითარება  ბაზარზე არა ჯანსაღი კონკურენციის, არამედ  პოლიტიკური ნების გამო შეიქმნა. ზემოთ ნახსენებ ტელევიზიებში ხშირად ირღვევა კანონი რეკლამის შესახებ, თუმცა კომუნიკაციების ეროვნული  კომისია ამ ფაქტს ხშირად უყურადღებოდ ტოვებს. გარდა ამისა, კვლევის ანგარიში ცხადყოფს, რომ შემოსავლებისა და ფუნქციონირების თავისებურებების მხრივ რადიო მაუწყებლობები, პრესა და ონლაინ მედია თითქმის ვერ უწევენ კონკურენციას ტელევიზიებს.

3)      ახალი მედია ისევ არ განიხილება სერიოზულ მოთამაშედ მედიაბაზარზე. პრობლემები ამ მხრივ, როგორც თავად მედიასაშუალებებში, ასევე საზოგადოების დამოკიდებულებაშია. მომხმარებელთა დიდი ნაწლი ინტერნეტს გასართობად და პირადი შეტყობინების გასავრცელბლად იყენებს. არც კომპანიები განიხილავენ ახალ მედიას  საკუთარი რეკლამისათვის ეფექტურ ადგილად. ახალ მედიაზე სარეკლამო ბაზრის მხოლოდ 1-2% მოდის. ამასთანავე, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, არ ხდება ახალი მედიის გამოყენება სხვა ტიპის მედიასაშუალებების მხრიდანაც, იქნება ეს ტელევიზიები, რადიო თუ ბეჭდური პრესა.

საერთო ჯამში, კვლევა უამრავ პრობლემაზე მიუთითებს. მათი მოგვარება კი ნამდვილად ვერ მოხერხდება თუ არ იარსება მრავალმხრივმა  ნებამ სიტუაციის გაუმჯობესებისა -ხელისუფლების, მედიაორგანიზაციების, საზოგადოებისა და სამოქალაქო სექტორის მხრიდან. უპირველეს ყოვლისა კი აუცილებელია, რომ კრიტიკული მიდგომა დამკვიდრდეს ნორმად. ამასთანავე გახშირდეს კვლევები მედიასფეროში, რათა კრიტიკული დამოკიდებულება ემპირიულადაც გამყარდეს და მხოლოდ გაბრაზებულ გულზე ორთქლის გამოშვებას არ დაემსგავსოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისევ რიტორიკის სფეროში დავრჩებით, რომ ქართული მედიაბაზარი ცუდ მდგომარეობაშია.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test