შემოგვიერთდი

25.11.2011 15:36

თბილისის მერიასთან გაიმართება აქცია ლოზუნგით - „ხელები შორს ქართული ბეჭდური მედიისაგან!“

David Mchedlidze
საუბრები მედიაზე

ბეჭდური მედიის წარმომადგენლები 29 ნოემბერს თბილისის მერიის შენობასთან საპროტესტო აქციას გამართავენ დედაქალაქის ქუჩებში სავაჭრო ჯიხურების დადგმაზე გამოცხადებული აუქციონის მიმდინარეობისას გამომცემელთა და პრესის გამავრცელებელთა ინტერესის  გაუთვალისწინებლობის მიზეზით.

„ყველას, ვისაც გიყვართ გაზეთი, წიგნი და ჟურნალი, სამშაბათს გეპატიჟებით მერიის წინ თეატრალიზებულ აქციაზე. წამოიღეთ თქვენთვის საყვარელი გაზეთები და ერთად ვაჩვენოთ ისინი სააკაშვილსა  და უგულავას... ხელები შორს ქართული ბეჭდური მედიისაგან!“, წერია facebook-ში ნგავრცელებულ მოწოდებაში, რომლის ავტორია, ერთ-ერთი წამყვანი ყოველდღიური გაზეთის, „რეზონანსი“ რედაქტორი ელისო ჩაფიძე.

თბილისის მერიამ ახალი პროექტი „1000 ახალი ჯიხური“ დაიწყო, რომლის მიხედვითაც დედაქალაქში ახალი დიზაინის ჯიხურები უნდა დაიდგას. სულ გამოიყო ათასი ადგილი, მის შესყოდვაზე კი აუქციონი 11 ნოემბერს გამოაცხადა. მასში მონაწილეობა ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს შეუძლია. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 28 ნოემბერი, აუქციონი  მომდევნო დღეს გაიმართება. ერთი ლოტის საწყისი ფასი ათასი ლარია, მინიმალური ბიჯის ოდენობა კი - 50 ლარი. აუქციონში მონაწილეობის მსურველმა ბეს სახით წინასწარ 500 ლარი უნდა გადაიხადოს. გამარჯვებულს მიწის ნაკვეთი  5- წლიანი ვადით გადაეცემა იჯარით, სადაც წინასწარგანსაზღვრული დიზაინის ჯიხურს ჩადგამს და ნებისმიერი სახის პროდუქტს გაყიდის.

აუქციონზე გამოტანილია  ის ადგილებიც, სადაც პრესის ჯიხურები დგას. პრესის გამავრცელებელი კომპანია „პლანეტა ფორტეს“ ხელმძღვანელის, მერაბ ჩანჩალაშვილის თქმით, 24 ნოემბერს პრესის გამავრცელებლები მერიაში დაიბარეს და ჯიხურების აღება ორი დღის ვადაში მოსთხოვეს. ამან ბეჭდური მედიის შეშფოთება  გამოიწვია.

გაზეთ „რეზონანსის“ რედაქტორმა ელისო ჩაფიძემ  media.ge-ს განუცხადა, რომ მერიის ქმედება არის გაზეთების წინააღმდეგ მიმართული კამპანია.

„თბილისში ამდენი ადგილია, რაღა მაინცა და მაინც იქ გამოაცხადეს აუქციონი, სადაც უკვე არსებული ჯიხურებია? არაერთ ქვეყანაში სახელმწიფო ხელს უწყობს პრესის გავრცელებას, ჩვენთან კი პირიქით ხდება,“ - თქვა  ელისო ჩაფიძემ, რომელიც დაგეგმილი საპროტესტო აქციის ორგანიზატორია. მისი თქმით, მოახლოებულ არჩევნებთან ერთად მთავრობის მიერ პრესაზე წნეხი სულ უფრო გაძლიერდება „ახლა,  დისტრიბუციის შეზღუდვით ცდილობენ ბეჭდურ მედიაზე დარტყმას. ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ  პოლიტიკურ ძალებს  საზოგადოებამდე მესიჯის მისატანად თანაბარი შესაძლებლობა არ ჰქონდეთ, ნაციონალური ტელევიზიები კი მხოლოდ მმართველ პარტიაზე მუშაობენ,“ - აღნიშნა ელისო ჩაფიძემ.

მერიის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, იმ მეწარმეს, ვისაც ჯიხურის ჩადგმის ნებართვა აქვს, კვლავ გააგრძელებს საქმიანობას.  „ნებისმიერი სახის გამონაკლისი იმ ადამიანების უფლებებს დაარღვევს, ვინც აუქციონში გაიმარჯვებს, იგივე მიზეზის გამო მერია ვერ დაუშვებს გამონაკლისს და უნებართვო ჯიხურებს ვერ დატოვებს ქალაქში,“ - ნათქვამია განცხადებაში.

 „პლანეტა ფორტე“ პრესის დისტრიბუციას გასულის საუკუნის 90-იანი წლებიდან ახორციელებს, კომპანიის  ხელმძღვანელის მერაბ ჩანჩალაშვილის თქმით, მერიამ ჯიხურების განთავსების ნებართვა   ბოლოს  2005 წელს მისცა, 2008 წელს კი, როდესაც მერიამ ჯიხურების აღება დაიწყო, ვიცე-მერმა მამუკა ახვლედიანმა პირობა დადო, რომ მათ ჯიხურებზე დამაგრებულ მიწის ნაკვეთებს 15-წლიანი იჯარით მისცემდნენ.

 „ჩვენი მხრიდან ყველა საბუთი მოვამზადეთ, თანახმანი ვიყავით ჯიხურების დიზაინის შეცვლაზეც, მაგრამ პროცესი ამ დრომდე გაგვიჭიანურეს, ახლა კი მეუბნებიან - ნებართვა არ გაქვთო,“ - აღნიშნა media.ge-სთან საუბრისას მერაბ ჩანჩალაშვილმა. მისი თქმით, „პლანეტა ფორტეს“ 2008 წლამდე მთელი ქალაქის მასშტაბით, პრესის 80 ჯიხური ჰქონდა, ახლა კი მხოლოდ 32 დარჩა.

მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში განმარტებულია, რომ უკვე გაიმართა ხუთი აუქციონი,  სადაც გამოტანილი იყო 250 ლოტი, აქედან 93 ლოტზე გამოვლინდა გამარჯვებული, 157 ლოტზე კი კონკურენცია არ ყოფილა. „აქედან გამომდინარე, უსაფუძვლოა იმ ადამიანების პრეტენზია, ვინც აცხადებს, რომ კონკურენციას ვერ უძლებენ,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

მერაბ ჩანჩალაშვილის თქმით, „პლანეტა ფორტემ“ აუქციონში მონაწილეობა მას შემდეგ გადაიფიქრა, რაც ერთი ლოტი 21 ათასად გაიყიდა,  „პრესის გამავრცელებელისთვის წარმოუდგენელი თანხაა,“ - თქვა მან.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო პრესის კიდევ ერთმა გამავრცელებელმა - „მაცნემ“. თუმცა ვერ გაიმარჯვა. „იმდენად ავარდა ფასები და ისეთ ფასად გაიყიდა, რომ ჩვენ ვერანაირად ვერ შევწვდებოდით,“ განაცხადა „მაცნეს“ იურისტმა დალი მაჭარაშვილმა გაზეთ „რეზონანსთან“ საუბრისას.

აუქცონის თემას გამოეხმაურნენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებიც. 25 ნოემბერს „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“  წევრმა ზაზა გაბუნიამ პრესკონფერენცია გამართა და ათასი ადგილიდან პრესის გამავრცელებლებისთვის ასი ადგილის პირდაპირი წესით გადაცემა მოითხოვა. „ეს კარგი პრეცედენტი იქნება ბეჭდური მედიის განვითარებისა და მხარდაჭერის ხელშეწყობისათვის“, - თქვა გაბუნიამ და დასძინა, რომ მერიამ პრესის გამავრცელებლები მძიმე მდგომარეობაში ჩაააგდო, აუქციონით კი ფაქტობრივად მათი ლიკვიდაცია მოითხოვა.

ოპოზიციური „რესპუბლიკური პარტია“ აუქციონს ერთი მხრივ პრესაზე, მეორეს მხრივ კი მცირე ბიზნესზე შეტევად განიხილავს.

"გადაწყვეტილების მიმღებთათვის სრულიად ნათელია, რომ პრესის გავრცელების ჯიხურები ვერასოდეს მოახერხებს რეალური კონკურენცია გაუწიოს სურსათის, თამბაქოს ან ლატარიის კომპანიებს. ყველასთვის ცნობილია, რომ ამ სეგმენტში "განსაკუთრებული" ადგილი დავით კეზერაშვილის კომპანიას უკავია და ბაზარზე დღეს მოქმედი სხვა ფირმების განდევნით, ხელისუფლება სწორედ მის კომპანიას უტოვებს მონოპოლიურ მდგომარეობას", - აღნიშნულია „რესპუბლიკური პარტიის“ განცხადებაში.

რესპუბლიკელები მოითხოვენ, თბილისის მერიამ საჯაროდ გამოაქვეყნოს უკვე ჩატარებული აუქციონების არა მხოლოდ სტატისტიკური შედეგები, არამედ კონკრეტული ინფორმაცია კომპანიებისა და ფიზიკური პირების შესახებ, რომელთაც დედაქალაქის ტერიტორიაზე ჯიხურების დადგმის მრავალწლიანი უფლება მიენიჭთ.

რამდენიმე თვის წინ ახალგაზრდა იუსრისტთა ასოციაციამ (საია) კვლევა გამოაქვეყნა, საიდანაც გაირკვა, რომ პრესის ჯიხურების,  განთავსების ნებართვას თბილისის მერია მხოლოდ პრივილეგირებულ კომპანიებს აძლევს, მათ შორის „აუთდორ.ჯის“, „ლატარიის კომპანიასა“ და „ვაით დისტრიბუშენს“. ამ საკითხზე ფილმი გადაიღო საგამოძიებო ფილმების სტუდია „მონიტორმაც.“  ფილმის მიხედვით, სამივე კომპანიის მფლობელი თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის ცოლის ძმა დიმიტრი ჩიქოვანია.  

თბილისის მერიამ გარევაჭრობა 2009 წელს აკრძალა და პრესის გამავრცელებლებს ჯიხურების დემონტაჟი იმ მოტივით მოსთხოვა, რომ ისინი ქალაქის იერსახეს ამახინჯებდნენ. „პრესის  ასოციაციამ" მაშინვე  განცხადა, რომ სტელაჟების აღება და მათ ნაცვლად ჯიხურების დადგმა ბაზრის მონოპოლიზების მიზნით გაკეთდა. მალევე,  ყოველგვარი ტენდერის გარეშე,  ჯიხურების განთავსების უფლება „ვაით დისტრიბუშენმა" მიიღო. რაც „პრესის ასოციაციამ" კვლავ გააპროტესტა. მერიასთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ასოციაციამ მიიღო დაპირება, რომ ჯიხურების განთავსების უფლებას ტენდერში გამარჯვებული კომპანიები მიიღებდნენ. საბოლოოდ კი ჯიხურების ჩადგმის ნებართვა სწორედ ზემოთაღნიშნულმა პრივილეგირებულმა ფირმებმა მიიღეს.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test