შემოგვიერთდი

26.11.2011 11:55

აქედან ვერ ამოშლით!

David Mchedlidze
საუბრები მედიაზე

აიღეთ!
ყველაფერი აიღეთ!
არ დატოვოთ არცერთი ჯიხური!
საბოლოოდ დაადუმეთ და ჩაუგდეთ ხმა ისედაც სულის მღაფავსა და მოხრიალე ბეჭდურ მედიას!

ერთხელ და სამუდამოდ ჩარეცხეთ თეთრებზე მომუშავე რედაქციები, დატოვეთ უმუშევარი ურჩი ჟურნალისტები, დაამშიეთ და გააღატაკეთ ყველა, ვინც აქამდე რაღაც მანქანებით შეინარჩუნა ღირსება და მიმლოცველი არ გახდა!

აბა, რა ჰგონიათ?

აუქციონზე გაიტანეთ და მერე თქვენვე შეიძინეთ ადგილები, სადაც ძველი ჯიხურები დგას!  დადგით მათ ადგილას ახალი, თანამედროვე, ფასადების დამამშვენებელი ჯიხურები, სადაც გაყიდით მხოლოდ იმ ჟურნალ-გაზეთებს, რომელიც თქვენ გაწყობთ!

ტელევიზიის დამორჩილება ადვილად შეიძლება - კაი დიდძალ ხელფასს დაუნიშნავ, მაგარ გარანტიებს მისცემ, და ღირს კიდეც - ტელევიზიას ხალხი ყოველთვის უყურებს!

ამათზე ფულის დახარჯვაც არ ღირს! ვინ არიან? ვის დაჰკარგვიან? ვინ კითხულობს მაგათ ნაჯღაბნს? ამათ დაქირავებასა და ფულის მიცემას ისევ გაგუდვა, ჩახშობა და გაჩუმება სჯობია - იაფი დაჯდება გაცილებით!

რაო? რეგიონებში მაინც ხომ გაყიდიანო? ამ ჯიხურებში რომ დაბლოკავთ, იმხელა ზარალს ნახავენ, რომ რეგიონებში გაყიდვა კი არა, საერთოდ ვეღარ დაიბეჭდებიან!

ახლა არ დამიწყოთ „სიტყვისა და მედიის თავისუფლება“ და ეგეთი ატავიზმები! რა დროს დემოკრატიაა, როცა ქვეყანაა გადასარჩენი? როცა სამშობლოს სჭირდება, ყველაფერი უკანა პლანზე უნდა იწევდეს! ეგღა გვაკლია, პირსისხლიანი ოკუპანტების იდეებს ბეჭდავდეს ქართული მედია!

რა შუაშია ოკუპანტები? რაც ჩვენ არ გვაწყობს, ყველაფერი მათი ბრალია! რა თქმა უნდა, ნებისმიერი კრიტიკული აზრი, გამოთქმული ჩვენი ხელისუფლების წინააღმდეგ,  როგორც ოკუპანტების მიერ შემოგდებული მორიგი პროვოკაცია, დაუყოვნებლივ უნდა იქნეს ჩახშობილი ნებისმიერი საშუალებით! მათ შორის, ჯიხურების ბლოკირებით!

ელექტრონული მედიაც მისახედია, სხვათა შორის! არ არის ასე იოლი ამ ბლოგერებისა და ვიღაცეების გაჩუმება! მაგათ ხომ ჯიხურებს ვერ წავართმევთ? კარგი, გავუთიშავთ ინტერნეტს - უფასო Wi-Fi-ზე გადავლენ! გავუტეხავთ საიტს - სხვაგან დაწერენ! ამიტომ სასწრაფოდ შესაქმნელია სისტემა, რომელიც მაგათ გააჩერებს!

თან არჩევნები ახლოვდება! გვინდა ახლა ჩვენ წინასაარჩევნოდ ობიექტური გარემო და თავისუფალი მედია? განსხვავებული აზრი ყოველთვის პრობლემებს ქმნის და არც ახლა იქნება გამონაკლისი!

სასწრაფოდ უნდა ავალაგოთ ჯიხურები, დავხუროთ, ან სპეცრაზმი შევიყვანოთ სუპერმარკეტებში, სადაც პრესა იყიდება, კეილოგერები და ვირუსები შევუყაროთ ბლოგერებს, ტელევიზია ხომ ისედაც ჩვენია და ერთად, ერთობლივი ძალებით უნდა ავაშენოთ მომავლის საქართველო!

დროებით!

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test