შემოგვიერთდი

05.12.2011 12:11

ციფრული მაუწყებლობა, პროცესი, რომლის შესახებ ყველამ უნდა ვიცოდეთ

David Mchedlidze
ციფრული მაუწყებლობა

ციფრული მაუწყებლობაზე გადასვლა - პროცესი, სადაც ჟურნალისტების ჩართულობა და საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება მნიშვნელოვანი ფაქტორია. სწორედ ამ საკითხზე  „ინტერნიუს-საქართველოს“ ორგანიზებით,  2-3 დეკემბერს,  თბილისური და რეგიონული მედიისთვის ტრენინგი გაიმართა.

ტრენინგის პირველ დღეს მონაწილე ოცმა ჟურნალისტმა  მედია ექსპერტ დავით მიქაუტაძისგან ციფრული მაუწყებლობის შესახებ თეორიული ცოდნა მიიღო. 2015 წლის 15 ივნისს ევროპაში ანალოგური სიგნალი გაითიშება და  მაუწყებლობა მხოლოდ ციფრული სიგნალის მეშვეობით გავრცელდება. მეზობელ სახელმწიფოებს აღარ ექნებათ ვალდებულება დაიცვან ის სიხშირეები, რომლებზეც საქართველოს ტელერადიო კომპანიები ანალოგურ მაუწყებლობას ახორციელებენ.  ამ შეთანხმებას  ხელი ჟენევაში 2006 წელს მოეწერა. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა საერთაშორისო ვალდებულებაა. რიგ ქვეყნებში ეს პროცესი უკვე დასრულდა, საქართველოში კი ჯერ სტრატეგიაც არ არსებობს. ტრენინგის მონაწილეთა დიდმა ნაწილმა ციფრული მაუწყებლობის შესახებ ინფორმაცია პირველად მიიღო.

დავით მიქაუტაძემ ჟურნალისტებს აუხსნა, თუ რა იცვლება ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისას და როგორ აისახება ეს პროცესი საზოგადოებაზე. „მოსახლეობამდე სწორად უნდა მიიტანოთ ინფორმაცია. ადამიანებს, რომლებიც სხვადასხვა პლატფორმაზე იღებენ მაუწყებლობას, უნდა განუმარტოთ, რა არჩევანი აქვთ და ეცადოთ, არ გამოიწვიოთ მათი შეშფოთება,“ - უთხრა მიქაუტაძემ ჟურნალისტებს.

მონაწილეთა განსაკუთრებით დიდი ინტერესი გამოიწვია დეკოდერების საკითხმა. დეკოდერი ერთგვარი მოწყობილობაა, რომლის შეძენა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ მოსახლეობის იმ ნაწილს დასჭირდება, ვინც ანტერნეტით იჭერს სხვადასხვა ტელეარხს.

ტრენინგზე  იმყოფებოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე ავთანდილ ჩხაიძე. მან იმ სამუშაოებზე ისაუბრა, რომელიც  საზოგადოებრივმა  მაუწყებელმა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის მოსამზადებლად განახორციელა.

„აპარატურა ფაქტობრივად გამოვცვალეთ და უმაღლესი ხარისხის ტექნიკა შემოვიტანეთ. ციფრული მაუწყებლობის პროცესის ეტაპები სამთავრობო დონეზეა გადასაწყვეტი და ჩვენ ფეხდაფეხ მივყვებით მათ გეგმას, რასაც შემოგვთავაზებენ,“ - აღნიშნა ჩხარიძემ.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, საჭიროა თუ არა ე.წ. სიმულქასთინგის პერიოდი, ეტაპი, როდესაც ანალოგური და ციფრული სიგნალი ერთდროულად ვრცელდება. „კარგი იქნება თუ სიმულქასთინგის პერიოდს უკვე 2012 წლიდან დავიწყებთ და თანდათან გადავალთ, ანალოგურის გამორთვა და უცებ ციფრულის ჩართვა არც ისე ეფექტურია,თუმცა ეს მხოლოდ ჩემი პირადი აზრია,“ - თქვა ავთანდილ ჩხაიძემ

რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის (GARB) აღმასრულებელი დირექტორის ნათია კუპრაშვილის თქმით, კი სიმულქასთინგის პერიოდისთვის დრო აღარ რჩება.

„ეკონომიკისა და მდგრადი განვოთარების სამინისტროს ჯერ სტრატეგიაც არ აქვს, რაც იმას ნიშნავს რომ სიმულქასთინგი 2012 წელს, შესაძლოა, არ დაიწყოს. ტესტური რეჟიმში მაუწყებლობისთვის დრო აღარ გვრჩება,“ - განაცხადა კუპრაშვილმა, რომელიც ტრენინგზე მეორე მოწვეული სტუმარი იყო.

სიმულქასთინგის პერიოდში იმყოფება ამჟამად უკრაინა, სწორედ უკრაინელი მედია კონსულტანტი, ივან პოლტავეცი გაუძღვა ტრენინგის მეორე დღეს და საკუთარი ქვეყნის გამოცდილების გაზიარებასთან ერთად ჟურნალისტებს პრაქტიკული დავალებებიც მისცა. ტრენინგის მონაწილეებმა ჯგუფებში მუშაობის შედეგად სტატიების გეგმა ჩამოაყალიბეს. მომავალში ისინი ამ თემაზე სატელევიზიო, ბეჭდურ და ინტერნეტ მასალებს შექმნიან და საკუთარ მედიასაშუალებებში გამოაქვეყნებენ. გამარჯვებული  ქინდლით დასაჩუქრდება.

ტრენინგის დასრულებისას მონაწილეებმა იმ ინფორმაციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს,

რომელიც ორი დღის განმავლობაში მიიღეს.

„ციფრული მაუწყებლობის შესახებ ინფორმაცია საერთოდ არ მქონდა, არც ვიცოდი ამხელა პროცესი თუ გველოდა წინ, ახლა ამ საკითხზე მასალებს აუცილებლად მოვამზადებთ,“ - აღნიშნა Tspress.ge-ს (ფოთი) რედაქტორმა ელისო ჯანაშიამ.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტმა თიკა დუღაშვილმა თქვა, რომ ციფრული მაუწყებლობის შესახებ კომპანიაში თანამშრომლებთან არავის უსაუბრია. „შესაძლოა,  ხელმძღვანელობას გარკვეული აქტივობები დაგეგმილი აქვს, თუმცა ჩვენამდე ეს ცნობა არ მოსულა. ამ პროცესის შესახებ მოსახლეობას ინფორმაცია აუცილებლად უნდა მივაწოდოთ,“ - უთხრა media.ge-ს თიკა დუღაშვილმა.

ტრენინგის დასრულების შემდეგ ივან პოლტავეცმა განაცხადა, რომ ციფრული მაუწყებლობის თემაზე  ჟურნალისტების ცოდნის ამაღლება უნდა გააქტიურდეს.

„ამ ტრენინგმა დაგვანახა, რამდენად  დროული იყო ციფრული მაუწყებლობის შესახებ ჟურნალისტებისთვის ინფორმაციის მიწოდება. როდესაც სრულიად ახალ პროცესზე ვსაუბრობთ, ინფორმაციის გადამოწმება უმნიშვნელოვანესია, იმისათვის, რომ ურთიერთგამომრიცხავმა ინფორმაციებმა მოსახელობა არ დააბნიოს, ეს კარგად გამოჩნდა ტრენინგის მიმდინარეობისას,“ - აღნიშნა media.ge-სთან საუბრისას ივან პოლტავეცმა. მისი თქმით, ჟურნალისტებს ეკისრებათ იმ უფროსი თაობის ინფორმირებაც, ვინც მთელი ცხოვრება შავ-თეთრ ტელევიზორს უყურებს, იმისათვის, რომ ანალოგური სიგნალის გათიშვის შემდეგ ტელევიზიაზე ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ.

ტრენინგის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს  სერტიფიკატები გადაეცათ.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test