შემოგვიერთდი

08.12.2011 15:40

საქართველოში ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგიას შეიმუშავებენ

David Mchedlidze
ციფრული მაუწყებლობა

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგიაზე მუშაობას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დახმარებით იწყებს. ამის შესახებ 8 დეკემბერს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ გამართულ კონფერენციაზე გახდა ცნობილი, რომელიც ტექნიკური დახმარების მრავალთვიანი პროგრამის „საქართველო: ინფოკომუნიკაციების პოლიტიკა და რეგულირების განვითარება“ ფარგლებში გაიმართა. პროექტს EBRD და ფინეთის მთავრობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და კომუნიკაციების ეროვნულ კომისიისასთან თანამშრომლობით განახორციელებენ.

პროგრამის მთავარ მიზანს წარმოადგენს საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სექტორისთვის სამოქმედო პოლიტიკის შემუშავება, რომელიც განსახორციელებელი პროექტების პაკეტს მოიცავს. მასში აისახება  ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგიაც.

კონფერენცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ გახსნა და ისაუბრა იმ მნიშვნელობაზე, რაც სტრატეგიული  განვითარების დოკუმენტს აქვს ინფოკომუნიკაციების განვითარებაში.

EBRD-ის კონსულტანტებმა კონფერენციაში მონაწილე საკომუნიკაციო ოპერატორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნეს საკომუნიკაციო პოლიტიკის მიზნები და პრიორიტეტები. აგრეთვე ისაუბრეს ფართოზოლოვან ე.წ. ბროდბენდ (Broadband) მომსახურებაზე, რაც მომხმარებელს საშუალებას მისცემს  მაღალსიჩქარიან ინტერნეტთან ერთად მაღალი ხარისხის რადიო და სატელევიზიო პაკეტი მიიღოს.

EBRD-ის კონსულტანტის პიტერ ლანდის (Peter Landis) განმარტებით, საკომუნიკაციო სექტორში ინვესტირებისათვის მნიშვნელოვანია ციფრულ მაუწყებლობისთვის საჭირო გამართული ინფრასტურქტურა, რაც სტრატეგიის ჩამოყალიბების გარეშე ვერ მოხდება.  საქართველოში   ამჟამად  ანალოგური სიგნალით  მაუწყებლობენ. საერთაშორისო საკომუნიკაციო გაერთიანების (ITU) დადგენილებით 2015 წელს ანალოგური მაუწყებლობა გაითიშება და  მაუწყებლობა მხოლოდ ციფრული სიგნალის მეშვეობით გავრცელდება მსოფლიოში. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა საერთაშორისო ვალდებულებაა. რიგ ქვეყნებში ეს პროცესი უკვე დასრულდა. საქართველოში სტრატეგიის შემუშავება სწორედ EBRD-ის დახმარებით ახლა იწყება.

საქართველოს ეკონომიკური უწყების კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიების და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსის, ირაკლი ქაშიბაძის განმარტებით, ციფრული მაუწყებლობის სტრატეგია პოლიტიკის შემუშავებასთან ერთად ჩამოყალიბდება.

„საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და ციფრული მაუწყებლობა არ შეიძლება ცალკ-ცალკე განიხილებოდეს. იმდენად კონვერგირებულია ტექნოლოგიები, მათ შორის ტელევიზია, რომ როგორც ერთიანი სტრუქტურა, ისე უნდა განვიხილოთ“ - უთხრა media.ge-ს ქაშიბაძემ,  კონფერენციის დასრულების შემდეგ. თავად სემინარზე რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის (GARB) აღმასრულებელმა დირექტორმა ნათია კუპრაშვილმა და იურისტმა ალექსანდრე ბარამიძემ, EBRD-ის კონსულტანტებს პოლიტიკის შემუშავებისას ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგიაზე აქცენტირება სთხოვეს. პიტერ ლანდის განცხადებით, სტრატეგია 2012 წლის მარტის ბოლოსთვის მზად იქნება, რის შემდეგაც მისი პრაქტიკული  განხორციელება დაიწყება.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  წარმომადგენელმა თეა ტყეშელაშვილმა აღიარა, რომ სტრატეგიის შემუშავება უკვე დაგვიანებული პროცესია. „კონკრეტული ნაბიჯები ორი წლით ადრე უნდა გადაგვედგა“,  თქვა ტყეშელაშვილმა და აღნიშნა, რომ მთავარი გადასაწყვეტი საკითხია ციფრული მაუწყებლობის რომელ მოდელს აირჩევს საქართველო - იქნება ერთი მულტიპლექს ოპერატორი,  რომელიც ტელეკომპანიების წარმოებული კონტენტის ტრანსლირებას გააკეთებს, თუ მაუწყებლები თავად შექმნიან მილტიპლექსს და პროგრამების წარმოებასთან ერთად,  მის ტრანზიტზეც იზრუნებენ.

„„მულტიპლექს ოპერატორი“ არ არის ტექნიკური სიტყვა, ეს არის გადაწყვეტილება, თუ საით მიდის, რა მოდელს ირჩევს ქვეყანა. მულტიპლექსის საკითხი   სატელეკომუნიკაციო ბიზნესის განვითარების მნიშვნელოვანი შემადგენელია,“ - განაცხადა თეა ტყეშელაშვილმა. მისი თქმით, სერიოზული საკითხია მზობელ ქვეყნებთან მოლაპარაკებების პროცესიც.

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ ანალოგური სიხშირე გამოთავისუფლდება, რაც ქვეყანას სხვადასხვა მიზნისთვის შეუძლია გამოიყენოს. 2006 წელს ჟენევაში ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის თანახმად, 2015 წლის 15 ივნისიდან მეზობელ სახელმწიფოებს აღარ ექნებათ ვალდებულება, დაიცვან ის სიხშირეები, რომლებზეც საქართველოს ტელერადიო კომპანიები ანალოგურ მაუწყებლობას ახორციელებენ.  ეს კი  იმას ნიშნავს, რომ მანამდე ქვეყნებმა ერთმანეთს უნდა შეუთანხმონ, თუ რომელ სიხშირეს იყენებენ.

ირაკლი ქაშიბაძის განმარტებით, სტრატეგიის სამუშაო ვერსიას თავად სამინისტრო EBRD-ის ჩართულობით  და ფინანსური დახმარებით შეიმუშავებს. ამის შემდეგ  დოკუმენტი სამოქალაქო საზოგადოებასა და დაინტრესებულ პირებს განსახილველად წარედგენება. სტრატეგია შენიშვნებისა და მოსაზრებების გათვალისწინების შემდეგ დამტკიცდება.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test