შემოგვიერთდი

27.12.2011 05:55

ქართული მედია 2011 წელს - საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები

მაია წიკლაური
საუბრები მედიაზე

წლის ბოლოს ყოველთვის საინტერესოა გადაავლო თვალი საერთაშორიოს ორგანიზაციებს, რომლებიც მედიაში არსებული მდგომარეობის მონიტორინგს ახორციელებენ და ნახო, რით დაიმსახურა ქართულმა ჟურნალისტიკამ მათი ყურადღება. ერთ პოსტში რთულია, ყველა მათგანი სიღრმისეულად მოიცვა, ამიტომაც მხოლოდ რამდენიმე, ყველაზე მნიშვნელოვან ორგანიზაციაზე მექნება საუბარი.

Reporters without Borders (RWB) - ეს ორგანიზაცია პრესის თავისუფლების მონიტორინგს მთელს მსოფლიოში ახორციელებს. RWB ქართულ მედიაში მიმდინარე მოვლენებს წელს ორჯერ გამოეხმაურა. პირველად 26 მაისს, როდესაც ანტისამთავრობო დემონსტრაციის დარბევისას ქართველმა სამართალდამცავებმა რამდენიმე ჟურნალისტი სცემეს, მათი კუთვნილი ტექნიკა წაართვეს და ხელი შეუშალეს მუშაობაში.

„ჩვენი წყაროს ინფორმაციით აქციის დაშლისას ათეულობით ჟურნალისტი გახდა სამართალდამცავთა გადამეტებული ძალის გამოყენების მსხვერპლი. Reporters Without Borders მოუწდებს როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას, პატივი სცენ ჟურნალისტების საქმიანობას და დაუყონებლივ იქნას გამოძიებული პოლიციელთა მხრიდან მათზე უსამართლო ზეწოლის ფაქტები,“- აღნიშნული იყო მათ განცხადებაში.

მეორედ ამ საერთაშორისო ორგანიზაციის ყუადღების ცენტრში ქართული მედია ივლისში, ფოტოგრაფების გახმაურებული დაპატიმრების გამო მოხვდა. საერთაშორისო ორგანიზაცია წუხილს გამოთქვამდა ოთხი ცნობილი ფოტოჟურნალისტის დაკავების გამო და მთავრობას სამართლიანი გამოძიების ჩატარებისაკენ მოუწოდებდა.

„ხელისუფლება, რა თქმა უნდა, ვალდებულებულია დაიცვას საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესები, თუმცა მოვუწოდებთ მას, რომ უსაფრთხოების იმპერატივმა არ გადაფაროს დემოკრატიული პრნციპები,“ - აღნიშნავდა ორგანიზაცია. საერთო ჯამში RWB-ის რეიტინგში საქართველო 178 ქვეყნიდან მე-100 ადგილს იკავებს და მედიგარემოს სიჯანსაღის მიხედვით „რთულ“ კატეგორიაში გადავიდა.

ფოტოგრაფების საქმეს გამოეხმაურა ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციაც (IFJ). მათ ქართველი ფოტოგრაფების დაკავების გამო შეშფოთება გამოთქვეს. ისინი წუხდნენ, რომ აღნიშნულ საქმეს გრიფით საიდუმლო ედო. ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცის წევრთა მოსაზრებით, ეს შემთხვევა ქართული დემოკრატიისთვის ერთგვარი ტესტი იყო.

IFJ-მ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, უდანაშაულობის პრეზუმფცია დაეცვა და ჟურნალისტებისათვის საქმიანობის თავისუფლად გაგრძელების საშუალება მიეცა.

საერთაშორისო ორგანიზაციამ „Transparency International”-მა კი ქართულ სარეკლამო ბაზარზე გაამახვილა ყურადღება და ცოტა ხნის წინ ანგარიშიც გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნული იყო რომ ქართული სარეკლამო ბაზარი ძალთა მკვეთრი კონცენტრაციითა და კონკურენციის ნაკლებობით ხასიათდება.

რაც შეეხება სხვა ორგანიზაციების ზოგად შეფასებებს ქართულ მედიაზე, დღეის მდგომარეობით მედიის თავისუფლების ნიშნით  საქართველო კვლავაც ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყანათა რიცხვში რჩება “Freedom House”-ის მიხედვით. როგორც ორგანიზაციის ანგარიშში წერია, მიუხედავად იმისა რომ ქვეყნის კანონმდებლობა რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილია, მედიის რეალური მდგომარეობა შორს დგას დამოუკიდებლისაგან. ორგანიზაცია ასევე აკრიტიკებს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მუშაობას.

“Human Rights Watch” 26 მაისის აქციის დარბევას გამოეხმაურა, თუმცა საკუთარ განცხადებაში ქართულ მედიაზე განსაკუთრებული აქცენტი არ გაუმახვილებია და ზოგადი შეფასებებითა და მოწოდებებით შემოიფარგლა.

მიუხედავად რამდენიმე გახმაურებული შემთხვევისა, ქართული მედიის შესახებ თითქმის არაფერი დაუწერია - CPJ-ს (Committee To Protect Journalists). ეს ორგანიზაცია 1983 წლიდან  სიტყვის თავისუფლებისა და ჟურნალისტთა უფლებების დამცველია.

ამის მიზეზი კი სავარაუდოდ მათი არასათანადო ინფორმირებაა. გარდა ამისა, ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანისა და რუსეთისაგან განსხვავებით, საქართველო არ შედის იმ ქვეყანათა რიცხვში, სადაც ჟურნალისტთა მკვლელობა და დაპატიმრება ხშირია. „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“ კი უმეტეს წილად სწორედ ასეთ შემთხვევებზე ამახვილებს ყუარდღებას.

აქ მოტანილი ინფორმაცია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ქართულ მედიასთან დაკავშირებული საკითხების გამოხმაურებაზე არასრულია, თუმცა ძირითადი აქცენტები მათი მხრიდან სწორედ 26 მაისის აქციების დროს ჟურნალისტთა საქმიანობისთვის ხელის შეშლას, ფტოგრაფების საქმესა და მედიის თავისუფლების ზოგად მდგომარეობას ეხებოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ინფორმაცია ქართულ მედიაში არსებული სიტუაციის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციებს არც თუ საკმარისად მიეწოდებათ, ამის მიზეზი კი საკმაოდ ბევრი რამ შეიძლება იყოს, მათ შორის ქართველი ჟურნალისტებისა, მედიასფეროს წარმომადგენელთა და სამოქალაქო საზოგადოების არასაკმარისი ინტეგრაცია მსოფლიო ჟურნალისტურ წრეებთან. 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test