შემოგვიერთდი

27.12.2011 10:43

მედია – როგორც ბიზნესი

მაია წიკლაური
საუბრები მედიაზე

საქართველოში მედია ბიზნესი ვერ გახდა. მათ შორის, ვერც მათთვის, ვინც ამ გზით დღეს ცოტა ფულს არ შოულობს. ეს უცნაურია იმ გარემოსთვის, რომელიც, როგორც ამბობენ, მსოფლიოში ბიზნესის წარმოებისთვის ერთ–ერთ ყველაზე სასურველად მიიჩნევა. არადა, წელს, USAID–ისა და IREX–ის ხელშეწყობით, პროგრამის – G-MEDIA ფარგლებში მომზადებული კვლევების მიხედვით ასეთი დასკვნა კეთდება. პირველი კვლევა GMCG-მ მოამზადა, მეორე – “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ და ისინი ქართული მედიისა და სარეკლამო ბაზრის კვლევას წარმოადგენენ.

რამ შეიძლება აქციოს მედია წარმატებულ ბიზნესად? წრე, რომელიც ნებისმიერი საკითხის მსგავს ჭრილში განხილვისას, მიზეზ–შედეგობრივ ჩარჩოში იკვრება, ამ შემთხვევაში ასეთია – კარგმა შინაარსმა და ხარისხმა, რასაც კარგი სარედაქციო შემადგენლობა სჭირდება, რაც მოითხოვს ფინანსებს, რომლის მოცემაც შეუძლია, ერთი მხრივ, მომხმარებელს, მეორე მხრივ კი – რეკლამის დამკვეთს, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია რაოდენობა და სეგმენტაცია მომხმარებლისა, რომლისთვისაც მთავარი მედია საშუალების შინაარსი და ხარისხია.

სატელევიზიო, რადიო და ინტერნეტ მედიის მომხმარებელი, თუ შეიძლება ასე ითქვას, ბუნებრივი მომხმარებელია.  მედიის ამ ტიპების ძირითადი დამფინანსებელი – რეკლამის დამკვეთი, ამ შემთხვევაში შესაბამისი რეიტინგებით ხელმძღვანელობს, რადგან მედია საშუალების შინაარსი, ხარისხი, ყველაზე პოპულარული სატელევიზიო მედიის შემთხვევაშიც კი, მისთვის პოტენციური მომხმარებლის ტიპისა და რაოდენობის განმსაზღვრელია.

სხვა ვითარებაა ბეჭდური მედიის შემთხვევაში. ჟურნალები და გაზეთები ხელმისაწვდომი მხოლოდ დამატებითი სახსრების გაღების შემდეგაა. ისინი უნდა იყიდო, რომ გაცნობა შეძლო. ამ შემთხვევაში, შინაარსი და ხარისხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს – არ გაიყიდება ჟურნალი და გაზეთი, ან მცირე მასშტაბით გაიყიდება და არც რეკლამის დამკვეთი იქნება მისით დაინტერესებული. შესაბამისად, იქამდე, ვიდრე რეკლამის დამკვეთს დააინტერესებს, ბეჭდურმა მედიამ მკითხველი უნდა დააინტერესოს გარანტირებული შემოსავლის მიღებისათვის იმდენად, რომ ისინი მისი ხელმომწერებიც გახდნენ. 

ქართული ბეჭდური მედია ამ წესს ვერ მიყვება. მიზეზი დაბალი შემოსავლებია, რომლის გამოც, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი სასურველი ჟურნალისა, თუ გაზეთის შეძენას ვერ ახერხებს. არადა გამოწერის შემთხვევაში, ერთიც და მეორეც, უფრო ნაკლები ჯდება. ფოსტის გაუმართავი მუშაობა, რაზეც, ამ საკითხზე საუბრისას, ექსპერტები მიუთითებენ ხოლმე, მეორე რიგის პრობლემას წარმოადგენს. ასეა თუ ისე, ქართული ბეჭდური მედია ვერ სარგებლობს შესაძლებლობით, რომელიც დასავლური მედიისთვის არსებობის ჩვეული წესია. ყოველივე აქედან გამომდინარე, რეკლამა ქართული მედიისთვის არსებობის და ბიზნესად ჩამოყალიბების ერთადერთი საშუალებაა.

კვლევაში „ქართული მედია და სარეკლამო ბიზნესი“, რომელიც, ოქტომბრის ბოლოს, GMCG-მ წარმოადგინა, საინტერესო დეტალებია მოცემული რეკლამის დამკვეთთან დაკავშირებითაც. ანგარიშის მიხედვით, მათ მარკეტინგის დაბალი ცოდნა აქვთ, უმრავლესობას არ გააჩნია მარკეტინგული სტრატეგია; მსხვილი კომპანიებისთვის რეკლამა მით უფრო ეფექტურია, რაც უფრო ძვირია. საშუალო კომპანიები რეკლამის სასურველი რაოდენობით განთავსებას მცირე სახსრების გამო ვერ ახერხებენ, მცირე კომპანიებს კი რეკლამის განთავსებისთვის თავად მედიაც იშვიათად მიმართავს. ზოგადად, რეკლამის დამკვეთები ყველაზე ეფექტურად ტელერეკლამას მიიჩნევენ. 

კვლევამ გამოავლინა, რომ ქართულ მედიაში არსებობს მენეჯმენტის პრობლემა და მედია აქ უფრო სოციალური აქტივობის მძლავრ საშუალებად განიხილება, ვიდრე მომგებიან ბიზნესად. გაირკვა ისიც, რომ ახალი პროდუქცია მედიაში შესაბამისი კვლევების გარეშე იქმნება, მენეჯერების პირადი შეხედულებებისა და გემოვნების შესაბამიად; მედია მენეჯერებს არ აქვთ გაცნობიერებული მიზნობრივი სეგმენტაციის მნიშვნელობა. კვლევა აღნიშნავს, რომ პოლიტიკური ამბების გამშუქებელი მედია საშუალებების უმრავლესობა უაღრესად პოლარიზებულია და მიიჩნევა პრო–სახელისუფლოდ ან ოპოზიციურად.

მედიისთვის შეუფერებელი ეს დეტალები – არაპროფესიონალიზმით დაწყებული, გამოკვეთილი პოლიტიკური მიკუთვნებულობით დამთავრებული, მედიის, როგორც ბიზნესის ჩამოყალიბებას სერიოზულ პრობლემას უქმნის. თუმცა, ეს მედლის მხოლოდ ერთი მხარეა.  

სხვა საკითხია ის, თუ რა პრობლემები ექმნებათ მედიის წარმოამდგენლებს რეკლამის მოპოვებისა და განთავსების თვალსაზრისით. ამ საკითხზე დეკემბრის შუა რიცხვებში უკვე გამოქვეყნდა  „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევა. სადაც ისეთ პორობლემებზე გაამახვილეს ყურადღება, როგორიცაა სარეკლამო ბაზრის მონოპოლიზება, არაკონკურენტული გარემო, კერძო სექტორში შექმნილი თვითცენზურა, რის გამოც „რეკლამის დამკვეთებს ისეთ მედია საშუალებებთან თანამშრომლობა, რომლებიც კრიტიკული შეხედულებებით არიან ცნობილი, ხელისუფლების მხრიდან  მათი ბიზნესისთვის ნეგატიური შედეგების დადგომის შიშით, არ სურთ“.

ბიზნესი, თავისი თანამედროვე გაგებით, საქართველოში საბაზრო ეკონომიკას უნდა შემოჰყოლოდა. „საბაზრო ეკონომიკა“, „ლიბერალური ეკონომიკა“ და ეკონომიკის სხვა თანამედროვე სახეები ჩვენ ქვეყანაში, ოფიციალურად, დეკლარირებულია. თუმცა, როგორც გამოქვეყნებული კვლევები აჩვენებს, მისი წესები აქ დაცული არ არის. ქართულ მედიას არ ეძლევა საშუალება ბიზნესად ჩამოყალიბდეს, იყოს კონკურენტუნარიანი და დამოუკიდებელი. როცა მედიას უდგას ასეთი პრობლემა, ეს ნიშნავს იმას, რომ, ყველა სხვა ტიპის ბიზნესი, რომელიც საქართველოში ხელისუფლებასთან და მასთან დაახლოებულ პირებთან არ ასოცირდება, ამ საშუალებას მოკლებულია.  

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test