შემოგვიერთდი

03.01.2012 10:02

პრესის გავრცელების პრობლემა ქუთაისში

მაია წიკლაური
საუბრები მედიაზე

ქუთაისში ორი ყოველკვირეული გაზეთი: „P.S.“(პოსტსკრიპტუმი) და „ახალი გაზეთი“ გამოდის. სხვა პრობლემებთან ერთად, ამ გამოცემების მთავარი დაბრკოლება გაზეთების რეალიზაცია და ამ რეალიზაციიდან მიღებული არასაკმარისი თანხებია.

„გაზეთ „P.S.“ - ს წელიწადზე მეტია არანაირი სუბსიდია არ მიუღია, არც გრანტი აქვს და მხოლოდ თავისი შემოსავლებით არსებობს. ეს კი ფაქტობრივად იმას ნიშნავს, რომ ჟურნალისტები ენთუზიაზმისა და მომავლის იმედად მუშაობენ“ - ამბობს „Media.Ge“-თან საუბრისას „პოსტსკრიპტუმის“ მთავარი რედაქტორი, ნატო გუბელაძე. მისი გაზეთის ტირაჟი ცვალებადია, დაახლოებით - 1900-დან 2500-მდე.

გაზეთი „P.S.“ თბილისში იბეჭდება და დასავლეთ საქართველოსთან ერთად (კერძოდ: სამტრედიის, ვანის, ჭიათურის, ხონის რაიონები), დედაქალაქშიც ვრცელდება. ნატო გუბელაძის განმარტებით, თბილისში გაზეთის გავრცელება „პლანეტაფორტეს“ და „ელვა-სერვისის“ მეშვეობით ხორციელდება. ქუთაისში კი რეალიზაციისთვის გაზეთი საკუთარ სადისტრიბუციო ქსელს იყენებს, რომლის მეშვეობით სხვა გამოცემებსაც ავრცელებს, აქედან მიღებული პროცენტი გაზეთის მნიშვნელოვანი შემოსავალია.

„P.S.“ ხელმოწერების სისტემითაც ვრცელდება და მისი წლიური ღირებულება  35 ლარს შეადგენს, თუმცა მთავარი რედაქტორის თქმით, ეს სისტემა საკმაოდ პრობლემურია, რადგან „ნისიაზე“ მუშაობს და თანხის ამოღების თვალსაზრისით სირთულეები იქმნება. ამიტომ ვისგანაც თანხის მიღება არ ხერხდებოდა, მათ გამოწერები გაუუქმდათ. ამჟამად გაზეთს 400-მდე ხელმომწერი ყავს.

„გავრცელების კუთხით განსაკუთრებით დიდი პრობლემაა რაიონებსა თუ სოფლებში გაზეთის შეტანა, რადგან არ არსებობს ქვეყანაში არცერთი გავრცელების სააგენტო, რომელსაც რაიონული ცენტრების გარდა სოფლებში გაზეთი შეჰქონდეს. არადა, სოფლებში უფრო მეტი მოთხოვნილებაა“ - განაცხადა ნატო გუბელაძემ.

იგივე პრობლემები აქვს „ახალ გაზეთსაც“. გაზეთის მთავარი რედაქტორი, ია ბობოხიძეც ამბობს: „საქართველოში არ არსებობს ერთიანი დამოუკიდებელი სადისტრიბუციო ქსელი, რომელიც თანაბარ პირობებში მოემსახურება ყველა ბეჭდურ გამოცემას. არსებობს კვირის პალიტრის სადისტრიბუციო ქსელი, რომელიც რეალურად არის მონოპოლისტი ამ ბაზარზე. აქვს თავისი კომერციული ინტერესები, ის არის დომინანტი, ადგენს და იცავს საკუთარ თამაშის წესებს და ჩვენი ტიპის, მცირე მიმართულების გამოცემებს არაკონკურენტულ პირობებში გვაყენებს“ - აღნიშნავს ია ბობოხიძე. მისი განმარტებით ჰოლდინგი „მედია პალიტრა“, ორშაბათობით, როდესაც ბევრი რეგიონული გაზეთი გამოდის, მხოლოდ საკუთარი პროდუქციის რეალიზაციას ახდენს ქსელში, დანარჩენი რეგიონული გაზეთები კი მომდევნო დღეს, სამშაბათს შეაქვს. გარდა ამისა, გაუყიდავი გაზეთების უკან დასაბრუნებლად ჰოლდინგი სარეალიზაციო ფასის 20%-ს ითხოვს. იას აზრით, მცირე გამოცემებს სწორედ მსგავსი სირთულეები აყენებს არათანაბარ პირობებში. 

„ახალ გაზეთს“  850 ხელმომწერი ყავს და 2000-იანი ტირაჟით იბეჭდება. გაზეთი 70 თეთრი ღირს და მისი წლიურად გამოწერა 36 ლარი და 40 თეთრი ჯდება. თუმცა 2012 წლიდან გაზეთის საცალო ფასი 1 ლარამდე გაიზრდება და შესაბამისად წლიური გამოწერის შემთხვევაში 52 ლარს მიაღწევს. ფასის გაზრდა გაზეთის მთავარი რედაქტორის მოსაზრებით უკუშედეგს არ გამოიღებს, რადგან სხვა გაზეთები უფრო ძვირი ღირს და ვისაც „ახალი გაზეთის“ ყიდვა უნდა, მას გაზრდილი ფასის შემთხვევაშიც იყიდის.

დისტრიბუციას რაც შეეხება, იმერეთის რაიონებში: (სამტრედია, თერჯოლა, წყალტუბო) და ქუთაისში, გაზეთის გავრცელებას რედაქცია საკუთარი ფინანსებით ახდენს. გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი საერთო ხარჯის მხოლოდ 3%-ს ფარავს. „ეს თანხა იმდენად მიზერულია, ბეჭდვის ხარჯსაც ვერ ანაზღაურებს, ამ გარემოებამ გადაგვაწყვეტინა სამომავლოდ ფასის გაზრდა. ჩვენი შემოსავლის 30-35% პროცენტი რეკლამას უკავია, თუმცა ესეც არ არის ის თანხა, რაც დამოუკიდებლად არსებობის საშუალებას მოგვცემს. ასე რომ გაზეთი მხოლოდ  დონორების დახმარებით ფუნქციონირებს” - აღნიშნა ია ბობოხიძემ.

„ახალი გაზეთი“ IREX საქართველოსთან და ფონდ ღია საზოგადოებასთან თანამშრომლობს.

ქუთაისში პრესა ძირითადად ჯიხურების საშუალებით ვრცელდება. მთავარი გამავრცელებელი „საქპრესაა“, რომლის მფლობელობაში 16 ჯიხურია. ამას ემატება ის 3 ჯიხური, რომელიც „კვირის პალიტრის“ კუთვნილებაა. ქუთაისში 20 ჯიხურს „საქართველოს ლატარიის“ კომპანიაც ფლობს, თუმცა ჟურნალ - გაზეთები მხოლოდ რამდენიმე მათგანში, ისიც ნაკლები რაოდენობით იყიდება. მათი მთავარი პროდუქცია ლოტოს ბილეთები და თამბაქოა.

ქალაქის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი, ვასილ მებურიშვილი Media.ge-თან საუბარში განმარტავს, რომ ქუთაისში პრესის ჯიხურების აღების საკითხი დღის წესრიგში არ დგას. მისი თქმით, პირიქით, ყველაფერი კეთდება, რათა მოსახლეობისთვის პრესის შეძენა უფრო კომფორტული გახდეს.

ქუთაისის საკრებულოს, 2007 წლის 14 მაისის დადგენილების შედეგად გაცემული ნებართვის საფუძველზე, ქალაქის რამდენიმე ადგილზე, ძირითადად ცენტრალურ ტერიტორიაზე პრესა სტელაჟების საშუალებითაც ვრცელდება. გულო რობაქიძე წლებია ამ გზით ყიდის გაზეთებს. მისი თქმით, ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, ვინმეს პრესის გავრცელებაში მისთვის ხელი შეეშალოს და აღნიშნავს, რომ ხალხი გაზეთებს კი ყიდულობს, თუმცა ადგილობრივთან შედარებით უფრო ცენტრალური პრესით ინტერესდება.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test