შემოგვიერთდი

04.01.2012 09:30

"რეზონანსი" "მაესტროს" შესახებ

მაია წიკლაური
მედია მედიის შესახებ

გაზეთი “რეზონანსი" აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით “პოლიცია კიწმარიშვილის ხალხს, აკავებს, ღლონტი ორივეს შეთანხმებულ ქმედებებზე საუბრობს,” სადაც 1 იანვარს ტელეკომპანია “მაესტროს” ოფისთან მომხდარ ინციდენტზე ამახვილებს ყურადღებას. “რეზონანსი” შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფრომაციაზე დაყრდნობით წერს, რომ ინციდენტის დროს სამართალდამცველებმა “მაესტროს” ეზოდან მანქანის მეშვეობით სხვადასხვა ნივთების გატანის ფაქტი აღმოაჩინეს. პოლიციამ ავტომობილის გაჩერება სცადეს, თუმცა მძღოლი მათ მოთხოვნას არ დაემორჩილა და გაქცევის მიზნით ავტომანქანას დაეჯახა.

“რეზონანსის” ცნობით ამ შემთხვევის შესახებ ეროსი კიწმარიშვილის “რუსთავის მედიის მართვის კომპანია” განსხვავებულ ვერსიას ავრცელებს. მათი თქმით, 1 იანვარს შპს “რუსთავის მედიის მართვის კომპანიის” თანამშრომლები, მიხეილ ზედგინიძე და ვალერი გიკაშვილი, კომპანიის მითითებით და ამ კომპანიის ავტოსატრასპორტო საშუალებით გადაადგილდებოდნენ, როცა მათ უცნობი პირები ორი ავტომანქანით დაესხნენ თავს. “აღნიშნულ ავტომანქანებს არ გააჩნდათ პოლიციის ამოსაცნობი ნიშნები, ხოლო თავდამსხმელებს არ წარუდგენიათ პირადობის მოწმობები. თავდამსხმელებმა გააჩერეს კომპანიის ავტომანქანა და მართვის კომპანიის თანამშრომლებზე განახორციელეს ფიზიკური და  ფსიქოლოგიური ძალადობა. შემდეგ, გადაიყვანეს სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მათზე ფიზიკური ძალადობა გაგრძელდა. მათი დაკავების შესახებ, კომპანიისთვის არავის უცნობებია, რათა ადვოკატების დროული ჩართვით დაკავებისთანავე მომხდარიყო მათი ინტერესების სამართლებრივი მეთოდებით დაცვა,” - ამბობს ეროსი კიწმარიშვილი.

“რეზონანსი” წერს, რომ ამ განცხადების თაობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხის გასაგებად, ამ უწყების პრესსამსახურთან, ზურა გვენეტაძესთან დაკავშირება სცადა. “მიუხედავად იმისა, რომ ზურაბ გვენეტაძე დეტალების გარკვევას დაგვპირდა, მოგვიანებით მან ტელეფონს აღარ უპასუხა,” - წერს “რეზონანსი”.

გაზეთის ცნობით, დაკავებული პირების ადვოკატი, დავით კვაჭანტირაძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირები თავს დამნაშავედ არ ცნობენ და დუმილის უფლებას იყენებენ. “ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირებს ორი მუხლით წაეყენათ ბრალი - ერთი ეს არის ქურდობის მცდელობა და მეორე პოლიციისთვის წინაღმდეგობის გაწევა. ჩვენ ამ ბრალს არ ვეთანხმებით,” - ამბობს კვაჭანტირაძე.

“მაესტროს” ერთ-ერთი დამფუძნებელი, მამუკა ღლონტი კი, ამ ინციდენტში პოლიციისა და ეროსი კიწმარიშვილის შეთანხმებულ ქმედებაზე საუბრობს. “პოლიციას ჩვენ მივმართეთ ერთი კვირის წინ, რომ ეროსი კიწმარიშვილი და მისი თანმხლები პირები “ძარცვავდნენ “მაესტროს” და იქიდან გაჰქონდათ აპარატურა, რაზეც მათ რეაგირება არ მოახდინეს. რაც შეეხება მანქანას, რომელიც კიწმარიშვილის თანამშრომლებმა გაიტაცეს, ეს მანქანა იყო ერთადერთი ნივთი, რომელიც ჩანდა იმ კადრებშიც, როცა ჩვენ “მაესტროს” ვტოვებდით, ამიტომ პოლიცია ვეღარ უარყოფდა ამ მანქანის არსებობას და მის ქურდობას,” - ამბობს ღლონტი და ინტერესდება, რატომ არ დააკავა პოლიციამ ის პირები, ვინ ორ დაკავებულს კარი გაუღო და მანქანის გამოყვანაში დაეხმარა.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test