შემოგვიერთდი

25.01.2012 07:19

ახალციხის „მეცხრე არხი“ ახლო ხედით

მაია წიკლაური
ახლო ხედით
ახალციხის

სერგო ფიდანიანის სამუშაო დღე 8 საათზე იწყება და ღამის 12 ან 1-ელ საათზე სრულდება - ის ახალციხის ტელევიზიის, „მეცხრე არხის“ (ტელე-რადიოკომპანია "იმპერია") ოპერატორია. რადგან ტელევიზიაში სულ ორი ოპერატორია, მეორე კი, შეთავსებით მუშაობს, ეთერში მთელი დღის მასალებს სერგო იღებს.

ამავე არხის ჟურნალისტი, შორენა სურმანიძე, არხის დანარჩენი ხუთი ჟურნალისტის მსგავსად, გადაცემის პროდიუსერი, წამყვანი და სიუჟეტების მემონტაჟეა. შორენა საეთერო ჩაცმულობასა და მაკიაჟზეც თავად ზრუნავს. 

„რთულია, მთელი დღე მუშაობ სიუჟეტზე, შემდეგ ამონტაჟებ და საღამოს წამყვანობა გიწევს, შემდეგ კი - მეორე დღეს ვგეგმავთ. ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, რომ დილის ხუთ საათამდე მიმუშავია და სახლში აღარც  წავსულვარ. რა აზრი აქვს სახლში რამდენიმე საათით მისვლას?!“ - ამბობს შორენა.

შედეგად, “მეცხრე არხის” ქართულენოვანი, ოთხ საათიანი საეთერო ბადე საინფორმაციო გამოშვებისგან, დილის გადაცემისა და კვირის მანძილზე მომზადებული შვიდი პროგრამისგან შედგება, რომელთა ნახვის შესაძლებლობა ახალციხის, ადიგენის და ასპინძის მოსახლეობის ნაწილს აქვს. არხის დანარჩენ საეთერო დროს “რეგიონ TV” იკავებს.

„მეცხრე არხი“ მესხეთის დრამატული თეატრის შენობიდან მაუწყებლობს. მისი ფართი ნიუსრუმისგან, საეთეროსა და ერთი სტუდიისგან შედგება. ამ სტუდიაში იწერება ან პირდაპირ ეთერში გადის ყველა გადაცემა.

„მეცხრე არხის“ დირექტორის, მაია იველაშვილის განმარტებით, ეთერში რამდენიმე რეკლამა აქვთ. თუმცა სარეკლამო გაყიდვებით შემოსული თანხა იმდენად მწირია, რომ ტელევიზიის ხარჯებსაც არ ჰყოფნის. ამიტომ „მეცხრე არხი,“ ძირითადად, გრანტებიდან მიღებული თანხით არსებობს. მაია ამბობს, რომ ეს თანხები განვითარებისთვის საკმარისი არ არის, რადგან დროებითია. "გრანტები ჰყოფნის მხოლოდ ხელფასებს და „ტექნიკურ გადაიარაღებას“.

„ტვინს ვიჭყლეტთ ხოლმე, როგორ შეიძლება არაფრიდან რაღაც საქმე გამოვიყვანოთ. აი, მაგალითად წელიწადნახევრის წინ 87 ლარი დაგვიჯდა დილის გადაცემის სტუდია, რომელიც მორჩენილი მასალებით, სახლიდან მოტანილი ნივთებით შევაკოწიწეთ“, - იხსენებს „მეცხრე არხის“ ტექნიკური დირექტორი, ლაშა ბუთულაშვილი.

„დილის გადაცემა“ ყოველ სამუშაო დღეს 9-ის ნახევარზე იწყება და ის ოთხი რუბრიკისგან შედგება. მაყურებელი იღებს ინფორმაციას მიმდინარე მოვლენების, ეკონომიკის, ტურიზმის, ახალი ტექნოლოგიების შესახებ.

„დილის გადაცემაში მაყურებელს ვაცნობთ ხელობით, ან ნიჭით გამორჩეულ ადამიანებს, რომლებიც ახალ ამბებში არ ხვდებიან და ამ პროცესში ისეთი ადამიანები აღმოვაჩინეთ, რომ ვერც კი წარმოვიდგენდით. მაგალითად, მოქალაქეები, ვინც აწყობს მანქანებს, გამოგონების უნარის მქონე ბავშვები“, - განმარტავს იველაშვილი.

დღეში ერთხელ, საღამოს ათ საათზე ეთერში გადის მინიმუმ ოთხი სიუჟეტისგან შემდგარი საინფორმაციო გამოშვება - „ექო“, რომელიც ადგილობრივი ამბების გაშუქებაზეა ორიენტირებული.

„ქვეყნის  სხვა ნაწილში მიმდინარე ამბებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ვაშუქებთ, თუ ის მთლიანად საქართველოზე ახდენს გავლენას - მაგალითად, რომელიმე კანონის მიღება. თუ ასე არ არის, თავს ვიკავებთ, რადგან “რეგიონ TV”-ს საშუალებით იღებენ ასეთ ინფორმაციას“, - გვიხსნის ტელეკომპანიის ხელმძღვანელი.

ადგილობრივი ამბების შესახებ ყოველდღე საინფორმაციო გამოშვების მომზადება რეგიონში, სადაც ბევრი რამ არ ხდება, „მეცხრე არხის“ ჟურნალისტების თქმით, ადვილი არაა. საინფორმაციო გადაცემისთვის თემების მოძიებას სოფლებში ცდილობენ. შედეგად „ექოში“ სოციალური სიუჟეტების რაოდენობა სჭარბობს, მაგალითად, პოლიტიკურ თემებს.

კვირის მანძილზე მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებს აჯამებს ანალიტიკური პროგრამა „კვირის დაიჯესტი“.

მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებს სტუდიაში მოწვეულ სტუმრებთან ერთად პირადაპირ ეთერში განიხილავს თოქ-შოუ „დიალოგი“. სოფლის მეურნეობის საკითხებზე კი, გადაცემა „ფერმერის საათში“ მსჯელობენ.

„რთულია, ყოველ კვირას გადაცემა ისე გააკეთო, რომ მუდამ სხვადასხვა რესპონდენტი გყავდეს და არ განმეორდე. ამას ვერ გავექცევით. ექსპერტებიც კი არ გვყავს აცხალციხეში. ვხუმრობთ ხოლმე რომ ჩვენ შევქმენით ექსპერტები“, - განმარტავს „მეცხრე არხის“ დირექტორი.

„მეცხრე არხი“ დოკუმენტურ ფილმებსაც ამზადებს, სამცხე-ჯავახეთის ისტორიაზე. ფილმები ეთერში კვირაში ერთხელ გადის.

„მზად გვაქვს 8-9 ფილმი. ეს არა მხოლოდ მითებსა და ლეგენდებს ემყარება, არამედ ისტორიულ ფაქტებს, ამიტომ საკმაოდ რთული სამუშაო პროცესია“, - ამბობს იველაშვილი.

არხზე გადის გასართობი გადაცემებიც. რუსული „ერალაშის“ ტიპის პროგრამა -„ანცები“, და „ჯეოსტარის“ მსგავსი გადაცემა - „მხიარული ნოტები“. ორივე პროგრამა ტელევიზიის ბაზაზე მზადდება.

1996 წელს შექმნილი „მეცხრე არხი“ განახლებული ფორმატით 2010 წლიდან მაუწყებლობს. მშვიდობის კავკასიისა და დემოკრატიის განვითარების ინსტიტუტის 2011 წლის კვლევის მიხედვით, არხს იმ არეალში, სადაც მაუწყებლობს ადგილობრივი მოსახლეობის 55 პროცენტი უყურებს.

„მეცხრე არხს“ ვებ-გვერდი არ აქვს, თუმცა მაყურებელს სატელევიზიო გადაცემების ხილვა ბლოგზე შეუძლია, რომლის მისამართია http://imperiatv9.wordpress.com/.

პროგრამული მრავალფეროვნება „მეცხრე არხის“ უახლოესი მიზანია. მაია იველაშვილის აზრით, არხს ეკონომიკური და ახალგაზრდული ინტელექტუალური გადაცემა აკლია და ეთერისთვის ასეთი პროგრამების დამატებას გეგმავს. მიიჩნევს, რომ რეგიონალური არხებისთვის 2015 წელი, ანუ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის დრო ყველაზე დიდი გამოწვევა იქნება.

„ტექნიკური გადაიარაღების გარდა, იქნება პროგრამული პრობლემაც - დღეს რეგიონალური ტელევიზიები ბადეს არალიცენზირებული ფილმებით და კლიპებით ავსებენ. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა ამ ყველაფრის ყიდვას გულისხმობს, რაც ჩვენი ფინანსური შესაძლებლობებისთვის წარმოუდგენელია“, - ამბობს იველაშვილი.

ამჟამად, „მეცხრე არხის“ ეთერში მხოლოდ საინფორმაციო გამოშვება გადის. სრული დატვირთვით არხი 30 იანვრიდან ამუშავდება. იანვარი რეგიონში საზოგადოებრივი ცხოვრების თვალსაზრისით არააქტიური პერიოდია, მაია იველაშვილის განმარტებით ერთთვიანი შესვენების გადაწყვეტილებაც ამიტომ მიიღეს.

„ძალიან ვიყავით გადაღლილები და ეს დასვენება ალბათ გვჭირდებოდა“, - ამბობს ჟურნალისტი, თიკო კურტანიძე, რომელსაც ამ არხზე მუშაობის ოთხ წლიანი სტაჟი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ თავს რეალიზებულად გრძნობს, „მეცხრე არხზე“ მუშაობის გაგრძელებას კიდევ ორ წელს აპირებს, შემდეგ კი ამ პროფესიიდან წასვლას გეგმავს.

“როცა აქ პროფესიულად ზრდის პერსპექტივას ამოვწურავ, წავალ, რადგან რთულია აქ მუშაობა, ძალიან დატვირთულები ვართ. იყო ჟურნალისტი, წამყვანი და პროდიუსერი ერთდროულად რთულია, ვერავის პროფესიას ვერ შევადარებ ამას“, - ამბობს კურტანიძე.

მიუხედავად იმისა, რომ კარიერის გაგრძელებას „მეცხრე არხში“ არც ოპერატორი სერგო ფედანიანი გეგმავს, მას დატვირთული გრაფიკი ხიბლავს, რადგან ასე მეტ სფეროში გაზრდის საშუალება ეძლევა:

„ვისწავლე სტუდიური ოპერატორობა, საინფორმაციოს ოპერატორობა, შემოქმედებითი გადაღება, რაც კონკრეტულ რუბრიკებს სჭირდება, დოკუმენტურ ფილმებზე მუშაობა. სტრესი ამ რეჟიმს, რა თქმა უნდა, ახლავს, მაგრამ ალბათ მომწონს კიდეც ეს“.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test