შემოგვიერთდი

25.01.2012 12:25

რადიო "თავისუფლების" მედიასკოლა და სტაჟირების პროგრამა - ინტერვიუ მარინა ვაშაყმაძესთან

მაია წიკლაური
ინტერვიუ
მარინა ვაშაყმაძე - რადიო

რადიო „თავისუფლება“ მედიასკოლას ქმნის და მსურველებს ორ პროგრამას სთავაზობს  - ერთწლიან სასერტიფიკატო და ორთვიან სტაჟირების პროგრამას - ”იმუშავე და ისწავლე რადიო "თავისუფლებასთან" ერთად”.  

მედიასკოლა ჟურნალისტიკის სტუდენტებსა და ამ პროფესიით დაინტერესებულ ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს ნიუსრუმის რეჟიმში იმუშაონ და ჟურნალისტური პროდუქტი შექმნან.

პროექტის ხელშემწყობია IREX G-MEDIA პროგრამა, რომელიც ხორციელდება ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით.

სწავლება ფასიანია. (ორთვიანი სტაჟირება -  70 დოლარის ეკვივალენტი ლარებში, ერთწლიანი სასერთიფიკატო პროგრამა -  1000 დოლარის ეკვივალენტი). გაიცემა სტიპენდიებიც. სასერტიფიკატო პროგრამაზე ორი სტუდენტი ისწავლის უფასოდ, ერთი სტიპენდიას რეგიონებიდან ჩამოსული სტუდენტი მიიღებს, მეორე კი -  განსაკუთრებული წარმატებისათვის გაიცემა. სტაჟირების პროგრამაზეც იქნება  ერთი სტიპენდია - რეგიონიდან ჩამოსული სტუდენტებისათვის.  განაცხადების ჩაბარების ბოლო ვადაა 15 თებერვალი. ღია კარის დღე კი გაიმართება 7 თებერვალს 4 საათზე IREX-ის ოფისში (მარჯანიშვილის 6).

მედიასკოლისა და სტაჟირების პროგრამის შესახებ Media.Ge რადიო „თავისუფლების“ თბილისის ბიუროს ხელმძღვანელს, მარინა ვაშაყმაძეს ესაუბრა:

ვის შეუძლია გაიაროს სასერთიფიკატო კურსი და ვის ექნება რადიო „თავისუფლებაში“ სტაჟირების გავლის საშუალება?

ერთწლიანი სასერთიფიკატო პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვინც უკვე დაამთავრა უმაღლესი სასწვალებელი ნებისმიერი სპეციალობით. ორთვიანი სტაჟირების პროგრამა კი იმ სტუდენტებისთვისაა, ვინც ჟურნალისტიკაზე სწავლობს.  მათ შორის მათთვისაც, ვისაც ე.წ. ”მაინორი” აქვს ჟურნალისტიკაში აღებული. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ რეალური ნიუსრუმის რეჟიმში იმუშაონ და მუშაობის პროცესში ისწავლონ. მულტიმედია პლატფორმაზე დამყარებული სწავლების მეთოდი მათ შესძლებლობას მისცემს თანამედროვე მედიის ყველა საშუალებაში მუშაობისთვის მოსინჯონ ძალები - ეს იქნება რადიო, ტელევიზია, ბეჭდვითი, თუ ახალი მედია.

თუ სკოლა გრანტის მეშვეობით ყალიბდება, მაშინ სწავლება ფასიანი რატომ არის?

ეს იყო ჩვენი დონორების რეკომენდაცია, რათა  სკოლა არ იყოს მოკლევადიანი პროექტი და მისი გაგრძელება-განვითარება გრანტის დასრულების შემდეგაც შეგვეძლოს.

როგორ მიიღებთ სტუდენტებსა და სტაჟიორებს?

ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა საბუთები უნდა წარმოადგინონ, მსურველებს შეუძლიათ მოიძიონ ჩვენს ვებ-გვერდზე www.radiotavisupleba.ge  და Facebook-ის  გვერდზე. მათ ასევე შეუძლიათ შეკითხვებით მოგვმართონ ელექტრონულ მისამართზე -tavisupleba.school@gmail.com. მომავალი სტუდენტები და სტაჟიორები შესარჩევ კონკურსს გაივლიან.  ორივე პროგრამისთვის ჩატარდება გასაუბრება,  ერთწლიანი  სასერტიფიკატო პროგრამისთვის შესარჩევი კონკურსი წერითი სამუშაოს შესრულებასაც გულისხმობს.

სულ რამდენ სტუდენტსა და სტაჟიორს მიიღებთ?

ერთწლიან სასერტიფიკატო პროგრამაზე 20 სტუდენტს, ორთვიან სტაჟირების პროგრამაზე კი 10 სტუდენტს მივიღებთ. მთელი წლის განმავლობაში სტაჟიორების 5 ნაკადი გვეყოლება, ანუ ჯამში 50 სტუდენტი შეძლებს ჩვენთან სტაჟირების გავლას.

რამდენად ექნებათ საშუალება სტაჟორებს, რომ რეალურად ჩაერთონ რადიო „თავისუფლების“ მუშაობაში?

ჩვენ ყოველთვის, საკმაოდ თავშეკავებული ვიყავით სტაჟიორების მიღების დროს. მხოლოდ მაშინ აგვყვავს ხოლმე პრაქტიკანტები, როდესაც მათთან რეალურად მუშაობის საშუალება გვაქვს. გესმით ალბათ, რომ ყოველდღიურ სამუშაოსთან ერთად ნიუსრუმში, ეს [სტაჟირების პროგრამა] საკმაოდ ძნელია.  არადა, რადიო "თავისუფლებაში” სტაჟირების გავლის მსურველი მუდამ ბევრი გვყავდა.  სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ამ პროგრამის გაკეთება და ერთ ნაკადში მხოლოდ ათი სტუდენტი იმიტომაც გვეყოლება, რომ მათთან სრულფასოვანი მუშაობის შესაძლებლობა გვქონდეს.  დღის განრიგი მოქნილი იქნება, რომ სტუდენტებს სწავლაში ხელი არ შეეშალოთ. მათ მიერ მომზადებული სიუჟეტები და სტატიები მედიასკოლის ვებსაიტზე გამოქვეყნდება. საუკეთესო ნამუშევრები კი რადიო ”თავისუფლების” ეთერში გავა.  

სად ისწავლიან ერთწლიანი სასერთიფიკატო პროგრამის სტუდენტები?

IREX G-MEDIA პროგრამამ შექმნა საგანგებო ”მედიის საგანმანათლებლო ცენტრი”  (MEC) და უახლესი ტექნიკით მოამარაგა. სწორედ ამ ცენტრის ნიუსრუმში ისწავლიან ჩვენი სკოლის სტუდენტები. მათ ყველა პირობა ექნებათ, რომ ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ. ამ ნიუსრუმში მუშაობის შესაძლებლობა, დროის  გარკვეულ მონაკვეთში, ორთვიან სტაჟირების პროგრამაში მონაწილე სტუდენტებსაც ექნებათ.  

სასერთიფიკატო კურსის სტუდენტების ნამუშევრები სად განთავსდება ?

როგორც უკვე გითხარით, რადიო ”თავისუფლების” მედიასკოლას თავისი ვებსაიტი ექნება, სადაც აიტვირთება სტუდენტების ნამუშევრები. წლის ბოლოსათვის მათ უკვე ექნებათ ერთგვარი პორტფოლიო, რომლითაც მათ ფართო საზოგადოება გაიცნობს და რომლის წარდგენაც შეეძლებათ მომავალი დამსაქმებლისთვის.  

ვინ იქნებიან მასწავლებლები?

რაკი ეს არის რადიო ”თავისუიფლების” მედიასკოლაა, მასწავლებლებიც რადიო „თავისუფლების“ ქართველი და უცხოელი ჟურნალისტები იქნებიან.

რამდენად აქვთ სტუდენტებს იმის შანსი, რომ შემდეგ დასაქმდნენ  რადიო „თავისუფლებაში“, ან თუ გაქვთ მოლაპარაკება სხვა მედიასაშუალებებთან, რომ წარმატებულმა სტუდენტებმა იქ გააგრძელონ მუშაობა?

ასეთი მოლაპარაკება ჯერ არ გვაქვს და ნამდვილად ვერავის მივცემთ ტყუილ დაპირებას - რომ მოდით ჩვენთან და გარანტირებული გექნებათ დასაქმება.   მაგრამ მომზადებული პროფესიონალები ჩვენც გვჭირდება და სხვასაც, ასე, რომ ვფიქრობ, სათანადო კვალიფიკაციის მიღების შესაძლებლობა, დასაქმების პერსპექტივასაც  გაცილებით გაზდის.  

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test