შემოგვიერთდი

06.02.2012 14:34

„კულტურის გაშუქების დროს ჟურნალისტები სტატისტის როლს ითავსებენ“

მაია წიკლაური
საუბრები მედიაზე

პროპაგანდა, არასარწმუნო წყაროები, თემების ერთფეროვნება, საკითხის ნაკლებად ჩაღრმავება და სკანდალურ ტონი - ეს პრობლემები გამოყო ჟურნალისტმა ნინო კვირიკაშვილმა ანგარიშში, რომელიც ქართულ მედიაში კულტურის საკითხების გაშუქებას ეხებოდა.

კვლევა „მედიის განვითარების ფონდმა“ ჩაატარა. პროექტის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება- საქართველო“.

მკვლევარმა კულტურის თემაზე 2011 წლის 10 ოქტომბრიდან 10 ნოემბრამდე პერიოდში გამოქვეყნებული სტატიები და სიუჟეტები  განიხილა.

გამოქვეყნებული მასალების გასაანალიზებლად გამოყენებული იყო შემდეგი კრიტერიუმები: საკითხის მნიშვნელოვნება; სიზუსტე, ბალანსი, წყაროების რაოდენობა და სპეციფიკაცია, წერის სტილი, მასალის სტრუქტურა, ციტატები, ლიდი, ვიზუალური მასალის შესაბამისობა.

 

ტელევიზია

ანგარიშის თანახმად, მკვლევარი აკვირდებოდა „რუსთავი 2“-ს, „იმედს“, „პირველ არხს“, „მაესტროსა“ და „კავკასიის“ მთავარ გამოშვებებში გასულ სიუჟეტებს. მონიტორინგის პერიოდში კულტურის შესახებ ყველაზე ბევრი (60) მასალა „პირველი არხის“ ეთერში გავიდა . ყველაზე ცოტა (3) კი - „კავკასიის“ ეთერში.

მიუხედავად იმისა, რომ „პირველ არხსა“ და „იმედს“ კულტურა ცალკე რუბრიკად აქვს გამოყოფილი, თემატურ მრავალფეროვნებას მაინც ვერ ზრდის და ეს კომპონენტის გაშუქების ტექნიკაზე უფრო აისახება.

როგორც რაოდენობრივი მონიტორინგიდან ირკვევა, ქართული ტელევიზიებში სჭარბობს სიუჟეტები მუსიკასა და კინოზე. შემდეგ მას მოჰყვება სიუჟეტები თეატრზე, მხატვრობაზე.

ანგარიშის თანახმად, კულტურის გაშუქების დროს ჟურნალისტები სტატისტის როლს ითავსებენ - ისინი პირდაპირ იმეორებენ ინფორმაციის მომწოდებლის პოზიციასა და მიდგომას;

„რაც შეეხება მხატვრული ნაწარმოებების თუ რაიმე კულტურული მოვლენის  კვალიფიციურ კრიტიკას, შეიძლება ითქვას, რომ მსგავს ცნებას ჩვენ ქართულ საინფორმაციო ტელეგადაცემებში ვერ ვხვდებით. სამაგიეროდ უხვადაა ე.წ „პოზიტივი“ სიუჟეტები, სადაც მხოლოდ ამა თუ იმ ძეგლის, გამოფენის, მოდის კვირეულის გახსნა–დახურვაზე, ახალი ფილმის პრემიერასა და ცნობილი მსახიობის იუბილეზე, ან გნებავთ გარდაცვალებაზე მოგვითხრობენ“, - აღნიშნულია კვლევაში და იქვე ხაზგასმულია, რომ ძირითადი გზავნილები, რაც ქართულ მედიაში კულტურის თემების გაშუქებისას სჭარბობს, კულტურული თემატიკის რეკლამირებასთან არის დაკავშრებული და არა ანალიზთან და შეფასებასთან;

„ზოგჯერ იმდენად სჭარბობს სარეკლამო სტილი, რომ კულტურის თემატიკაზე შექმნილი საინფორმაციო სიუჟეტები პროპაგანდას ემსგავსება“, - ნათქვამია მონიტორინგის ანგარიშში.

ნაციონალურ არხებზე წყაროების სიმცირეა და იყო შემთხვევები, როდესაც ერთი თემა იდენტური კადრებით გაშუქდა. ამ ტელეკომპანიების ეთერში ასევე ხშირია სიუჟეტები, სადაც ერთი და იგივე რესპონდენტი საუბრობს.

 

პრესა

მონიტორინგის პერიოდში ასევე გაანალიზდა  „რეზონანსის“, „კვირის პალიტრის“, „24 საათის“ მიერ კულტურის თემაზე მომზადბული 72 სტატია.

კვლევის თანახმად გამოიკვეთა, რომ გაზეთებში გაცილებით მეტია კრიტიკული სტატიები, ვიდრე სატელევიზიო სიუჟეტებში. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, კულტურის თემა პოლიტიკურ კონტექსტშია განხილული და არა წმინდა კულტურულ კონტექსტში.

მიუხედევად იმისა, რომ თემატიკა კულტურას ეხება, მონიტორინგის პერიოდში ხშირია შემთხვევა, როცა სტატიაში წყაროდ გამოყენებულია რომელიმე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ან პოლიტიზირებული პიროვნება, რომელიც საკითხს პოლიტიკურ ჭრილში განიხილავს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ  ქართულ  პრესაში ხშირია შემთხვევა, როცა ჟურნალისტი თავად გვევლინება წყაროდაც და მოვლენის შემფასებლადაც, „რაც იმაზე მიუთითებს, რომ ხშირად თავად ჟურნალისტები მიკერძოებულები არიან და ამა თუ იმ პოლიტიკური ჯგუფის გავლენის ქვეშ ექცევიან, რაც  საბოლოოდ უარყოფითად აისახება ჟურნალისტური სტანდარტების დაცვაზე. შეიძლება ითქვას, რომ კულტურის საკითხების გაშუქების დროსაც საქართველოში პრობლემას წარმოადგენს როგორც  ბალანსის დაცვა, ასევე წყაროს გადამოწმება“, - აღნიშნულია კვლევაში.

მინიტორინგის დასკვნაში აღნიშნულია, რომ სატელევიზიო სიუჟეტები უფრო დაბალანსებულია და ერთგავარად უფრო ახლოსაა პროფესიულ სტანდარტებთან, ვიდრე საგაზეთო პუბლიკაციები. თუმცა, ამავე დროს ტელემედიაში, პრესისგან განსხვავებით, პრაქტიკულად მინიმუმამდეა დაყვანილი კულტურის პრობლემების განხილვა და ანალიზი.

კვლევის სრული ვერსია იხილეთ აქ

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test