შემოგვიერთდი

11.02.2012 11:12

„ბიზნესსაქმიანობას ვეწევით, მაგრამ არამომგებიანობის პრინციპი დაცულია“, - ინტერვიუ ლექსო ჯიქიასთან

მაია წიკლაური
ინტერვიუ
ლექსო ჯიქია -

თბილისის ქუჩებში მოძრავი, გორგოლაჭებიანი პრესის სტელაჟები 2012 წლის იანვარში გამოჩნდა. სტელაჟების მეშვეობით პრესას სპეციალურ ქურთუკებსა და კეპებში გამოწყობილი რეალიზატორები ყიდიან. ქურთუკებს „მე მიყვარს თავისუფალი პრესა“ აწერია. 7 თებერვლიდან მოძრავ სტელაჟებს პრესის გამავრცელებელი სტენდი-ველოსიპედებიც დაემატა. 

თბილისში მოქმედი პრესის ახალი სადისტრიბუციო ქსელი "თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაციამ" შექმნა, რომელიც საქართველოს პრესის ასოციაციამ დააფუძნა. ორგანიზაციის ძირითადი დამფინანსებელი ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული ფონდი "ქართუა". media.ge "თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაციის" აღმასრულებელ დირექტორს, ლექსო ჯიქიას ორგანიზაციის მუშაობის შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

დაახლოებით ერთი თვე გავიდა, რაც თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაცია პრესის რეალიზაციას ახორციელებს. როგორი შედეგები გაქვთ?

ეს პროექტი ჯერაც პილოტურია, საცდელ ეტაპზე ვართ. ჯერჯერობით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენმა პროექტმა ქალაქი გამოაცოცხლა. მოთხოვნილება დიდია, მაგრამ ეს გასაკვირიც არაა. ახლა შემოვედით ბაზარზე და ხალხმა რაღაც ახალი რომ დაინახა, დაინტერესდა. მაგალითად, პირველ კვირას ძალიან დიდი გაყიდვები იყო,  შემდეგ იკლო, ამინდმაც შეგვიშალა ხელი. ზუსტი ანალიზისათვის ის დრო, რომელიც ჩვენ განვვლეთ, საკმარისი არაა.

ჩვენი ორგანიზაცია შეიქმნა იმიტომ, რომ გამავრცელებლებმა დაკარგეს ჯიხურები, სარეალიზაციო ადგილები და თბილისში პრესის დეფიციტი გაჩნდა. ჩვენ მიზნად ამ დეფიციტის აღმოფხვრა დავისახეთ. გადავწყვიტეთ, პრესა ახალი, ორგანიზებული ფორმით გაგვეყიდა. ვფიქრობ, ჯერჯერობით სწორი გზით მივდივართ. ჩვენი მომსახურეობა განსხვავებულია და ის ფორმაც, რომელიც პრესის გამავრცელებლებს აცვიათ, ახალია ქართულ სინამდვილეში. ეს ქურთუკები ძალიან ლამაზად ჩაჯდა იმ გამაში, რასაც თბილისის სიმშვენიერე ჰქვია.

თქვენი ძირითადი დამფინანსებელია ფონდი „ქართუ“. რა პერიოდზეა გათვლილი ამ ფონდის მიერ თქვენთვის გამოყოფილი გრანტი?

პირველი გრანტი -  131 ათას 70 ლარი - 28 თებერვლამდეა გაწერილი. ეს თანხა, რომელიც საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუსგან“ მივიღეთ, მოხმარდა ორგანიზაციის, ანუ,   პროექტის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას. ამ თანხით შევიძინეთ ურიკები, ველოსიპედები, ქურთუკები, მოვაწყვეთ ოფისი, ლოჯისტიკის ცენტრები,  და ა.შ. ხელფასები არ შედიოდა პირველ გრანტში, მეორე გრანტიდან უნდა გაგვეცა.  მართალია, ეს თანხა  ჯერ არ მიგვიღია, მაგრამ პირველი გრანტით ეკონომია გავწიეთ და დაგეგმილზე  ნაკლები დავხარჯეთ. ამან მოგვცა საშუალება, რომ ხელფასები გაგვეცა.

დაახლოებით რამდენი თანამშრომელი გყავთ და როგორია მათი ანაზღაურება?

40-ზე მეტი რეალიზატორი გვყავს. თუმცა ჯერჯერობით ქალაქში მხოლოდ 36 ურიკა დადის. ვაპირებთ დამატებას. გვაქვს  1 სტენდი-ველოსიპედი. ჩვენი რეალიზატორი ხელფასის სახით იღებს 300 ლარს და ამას ემატება, თვის განმავლობაში გაყიდული პროდუქციის 7 პროცენტი. ძირითად რეალიზატორებს სტაჟიორები დაყვებიან.

ლოჯისტიკის ცენტრები რა პრინციპით მუშაობენ, რის მიხედვით განსაზღვრავენ, სად გაანაწილონ ურიკები?

ამჟამად 4 ლოჯისტიკის ცენტრი ფუნქციონირებს - ლერმონტოვის, ბარნოვის, წინამძღვრიშვილის ქუჩებზე, ასევე,   მეტრო „დელისთან“.

ჩვენი მიზანია, თავისუფალი პრესა თავისუფლად მივიდეს მკითხველამდე. ადრე ჯიხურები და უძრავი სტელაჟები ხალხმრავალ ადგილებში იყო განთავსებული. მაგრამ მოსახლეობა სხვაგანაცაა. ვერიდებით ისეთ ადგილებს, სადაც უკვე დგას ჯიხურები, ან პრესის გამავრცელებლების მიერ აღებული ჯიხურების ადგილზე, ან სხვაგან ჩადგმული სტელაჟები.  ჩვენ ხალხში გავდივართ.

სხვადასხვა გამოცემა როგორ ხვდება თქვენს ქსელში? მოდიან თავად და გეუბნებიან, რომ გაავრცელოთ?

კონკრეტულ გამოცემებს არ ვარჩევთ. ვუკავშირდებით გავრცელების სამსახურებს და მათგან ვიღებთ ყველა სახის პრესას, რასაც ღებულობენ. ასეთი გავრცელების სამსახური თბილისში დაახლოებით 12-ია. მომავალი კვირის შეკვეთა ხდება წინა ორი სამი კვირის ანალიზით. ვითვალისწინებთ რამდენი მივიღეთ, რამდენი დავაბრუნეთ და რა გაგყვეყიდა.

თუკი გამომცემლებს პირდაპირ სურთ ჩვენთან თანამშრომლობა, უარს ვეუბნებით.  მიზეზი ისაა, რომ პირობას, რომელიც ჩვენ  გავრცელების სამსახურებთან გავქვს, გამომცემლები ვერ შეასრულებენ. გამავრცელებლებმა იციან, როგორ უნდა დაგვიხარისხონ, როდის და სად უნდა მიიტანონ პრესა.

თქვენ „ქართუ“ ფონდი გაფინანსებთ. შესაძლებელია, რომ  ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც ამ ფონდის დამფუძნებელია და პარალელურად ქართულ პოლიტიკაში აპირებს დამკვიდრებას, რაიმე გავლენა მოახდინოს ორგანიზაციის მუშაობაზე? 

არავითარ გავლენას არ იქონიებს. ჩვენი ორგანიზაცია არის არასამთავრობო, არაპოლიტიკური, არამომგებიანი.  გრანტი მიღებული გვაქვს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუსაგან“. ამ ორგანიზაციას  გრანტის გაცემის,  ჩვენ კი, მისი მიღების უფლება გვაქვს. რადგან „ქართუზეა“ საუბარი, ჩნდება ასოციაციები კონკრეტულ პიროვნებასთან. გამორიცხულია, რომ ივანიშვილმა თავისი პოლიტიკური ხედვა და სტრატეგია  ამ ორგანიზაციას დაუკავშიროს.  „ქართუს“ გრანტით ჩვენ პრობლემის მოგვარება დავიწყეთ და არა - ახალი პრობლემის შექმნა.

რამდენად სიცოცხლისუნარიანია თქვენი პროექტი, თქვენ მხოლოდ გრანტებზე ხართ დამოკიდებული?

ეს არ არის   კომერციული პროექტი. ეს არის  საქველმოქმედო პროექტი. უბრალოდ, გვინდა, რომ პრესა  მოსახლეობამდე თავისუფალად მივიდეს.

ანუ, მოგება არ გაქვთ?  

ჩვენი ორგანიზაცია ბიზნესსაქმიანობას კი ეწევა, მაგრამ არამომგებიანობის პრინციპი დაცულია. საუბარია რამდენიმე პროცენტ მოგებაზე, რომელიც მოგებაშიც კი არ ჩაითვლება და ეს არავის ჯიბეში არ დაილექება, ისევ პროექტის განვითარებას მოხმარდება.

ჩვენ ვეხმარებით გამავრცელებლებს, რომლებიც ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ჩვენი მიზანია, რომ მათ არ ჰქოდნეთ პრობლემა და საკუთარი ბიზნესი განავითარონ.

ხომ შეიძლება, რომ რაღაც პერიოდის მერე გრანტი საერთოდ აღარ გქონდეთ? ფიქრობთ ამაზე?

წინასწარ ვერასდროს იტყვი მომავალში რა იქნება. არ შეიძლება, რომ მუდმივად დონორის დოტაციაზე იყოს კონკრეტული პროექტი. ბუნებრივია, რაღაც პერიოდის შემდეგ გრანტი მოიკლებს.

მოგების მისაღებად გეგმა ნამდვილად არ გვაქვს. ჯერ ხედვა უნდა ჩამოგვიყალიბდეს - ამ ბაზარზე რომ შემოვედით, სწორად ვმოქმედებთ? საზოგადოებას მართლა უნდა ასეთი ტიპის მომსახურება? ალბათ შემდეგ ვიფიქრებთ იმაზე, რომ ორგანიზაცია ბაზარზე დარჩეს.

რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს პროექტი დროებითია. შეიძლება რაღაც დროის შემდეგ შეჩერდეს კიდეც?  

პროექტის დასრულებაზე არ გვიფიქრია. დასაწყისში ლიკვიდაციაზე არ ვფიქრობთ. რაღაც გეგმა გვაქვს. უფრო მოდიფიცირებულ გეგმაზეა საუბარი. შეიძლება გეოგრაფია მეტად გაიშალოს.  პერიფერიებში გავალთ, გლდანში, ლოტკინზე. გამავრცელებლები ამბობენ, რომ ლოტკინი კომერციული თავსლაზრისით არამომგებიანია. მე არ ვეთანხმები. ჩემთვის კომერციულ თვალსაზრისს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. შეიძლება თავიდან არ იყოს მოთხოვნა, მაგრამ მოსახლეობა თანდათან შეეჩვევა და იყიდის.

ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ აღიქვამს ამას საზოაგდოება. თუ მივხვდით, რომ ეს საჭიროა საზოგადოებისათვის და საჭიროა ბეჭდვითი მედიის განვითარებისათვის, რა თქმა უნდა, დავრჩებით ამ ბაზარზე და დავიწყებთ მოდიფიცირებულ ქმედებას.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test