შემოგვიერთდი

23.02.2012 07:06

მარია პლიევა – „სამხრეთ ოსეთში ჟურნალისტური საქმიანობა სახიფათოა”

მაია წიკლაური
ინტერვიუ

ცნობილი ოსი ჟურნალისტი და ბლოგერი მარია პლიევა ამჟამად გერმანიის ქალაქ ჰამბურგში იმყოფება. იგი ორგანიზაციის, „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ წარდგინებით “ჰამბურგის პოლიტიკური ნიშნით დევნილთა დახმარების ფონდის” სტიპენდიანტი გახდა. ამიტომ ერთი წელი გერმანიაში ისწავლის და იცხოვრებს.  

პლიევა მის შესახებ რუსულ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს იგი პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს, დეზინფორმაციას უწოდებს და აცხადებს, რომ სირთულეების მიუხედავად, ერთი წლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებას აპირებს. პრობლემები კი მარიას ცხინვალშიც და ვლადიკავკაზშიც, სადაც იგი ბოლო პეროიდში ცხოვრობდა, ბლომად ჰქონდა. კოკოითის ხელისუფლებას ხშირად აკრიტიკებდა, იბრძოდა ადამიანის უფლებების დასაცავად. მისი საქმე, რომელიც ხულიგნობის მუხლით არის აღძრული, ახლა ვლადიკავკაზის სასამართლოში გრძელდება. Media.Ge მარია პლიევას გერმანიაში დაუკავშირდა:


Media.Ge – მარია რატომ გადაწყვიტე, რომ „რეპორტიორები  საზღვრებს გარეშეს–თვის“  მიგემართა?

მარია პლიევა – პრობლემები და ზეწოლა მთელი ჩემი საქმიანობის განმავლობაში ყოველთვის მქონდა. გარდა ამისა, ვლადიკავკაზში ჩემი სასამართლო პროცესი არ დასრულებულა. მეოთხეჯერ განიხილება ერთი და იგივე საქმე. ხულიგნობას მედავებიან, თითქოს პოლიციელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მივაყენე. შეუძლიათ, რომ ამ საქმის გამო ჩამსვან. უნდათ, რომ სასამართლო პროცესს დავესწრო  და როგორც მე მაქვს ინფორმაცია ჩემი დაპატიმრება უნდათ. სამ ადმინისტრაციულ საქმეზე მედავებიან, მაგრამ როგორც მოსამართლემ ირიბად მიმანიშნა,  ჩემი დაპატიმრება ხულიგნობის ბრალდებით უნდათ. ახლა ამ პროცესების გადადება ხდება, არ ვიცი ეს როდემდე გაგრძელდება. მე ახლა რუსეთში იმის გამო არ დავბრუნდები, რომ მათ სასამართლოს დავესწრო. მაშინ, როცა ჩემზე ასეთი სახის ზეწოლა დაიწყო, მე მივმართე „რეპორტიორებს საზღვრებს გარეშე“ და მათ ერთწლიანი სტიპენდია მომიძებნეს. ეს არ არის ემიგრაცია, როგორც ჩემი ოპონენტები ლაპარაკობენ, ეს მხოლოდ სტიპენდიაა. 

Media.Ge - შენ ამბობ რომ ზეწოლა იყო. ეს ვისგან მოდიოდა?

მარია პლიევა - მე ამის შესახებ ბლოგზე არაერთხელ დამიწერია. სახელებს არ დავასახელებ, მაგრამ ესენი იყვნენ მაღალჩინოსნები და პარლამენტის დეპუტატები.  არაერთხელ დამემუქრნენ,  ჩემს მშობლებს ფიზიკური ანგარისშსწორებით ემუქრებოდნენ. გარდა ამისა, სახლში დიდი ხნის განმავლობაში ვერ ვბრუნდებოდი, რადგან რუსეთიდან სამხრეთ ოსეთის საზღვრის გადაკვეთისთანავე დამაპატიმრებდნენ. ჩემმა ნათესავმა, რომელიც ადგილობრივ სტრუქტურებში მუშაობს, მითხრა, რომ მე იმ პირთა სიაში ვარ, რომლებსაც საზღვრის გადაკვეთისთანავე დააკავებენ. იყო მუქარის შემცველი ზარები ჩემს ტელეფონზე. მოკლედ სამხრეთ ოსეთში ნამდვილი ჟურნალისტური საქმიანობა ძალიან სახიფათოა.

Media.Ge  - აბა სხვა ჟურნალისტები როგორ მუშაობენ?

მარია პლიევა - ამჟამად არცერთი ადგილობრივი ჟურნალისტი თავისუფლად არ მუშაობს. ორი თვის წინ ცნობილი ბლოგერი, ალან ფარასტაევი რუსეთიდან სამშობლოში არ შეუშვეს. ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. ცხინვალში დამოუკიდებელი მედიაორგანიზაცია არ არსებობს. გასული წლის ოქტომბერში, ერთადერთი დამოუკიდებელი გაზეთი, „21–ე საუკუნე“ ყოველგვარი ახსნა–განმარტების გარეშე, საერთოდ ჯიხურებიდან ამოიღეს. რედაქტორს, თემურ ცხურბათის პასუხი არ აღირსეს ამის შესახებ. ეს ყველაფერი ცხადყოფს, რომ თავისუფალი მედიის არსებობის შესახებ ლაპარაკიც ზედმეტია. 

Media.Ge  - თქვენ რას უკავშირებთ „21–ე“  საუკუნეზე ზეწოლას? 

მარია პლიევა - თემურს სახელისუფლებო წყაროებიდან უთხრეს, რომ არ მოეწონათ სტატია, რომელიც სატელეფონო კომპანია „მეგაფონს“ ეხებოდა.  იქ ეწერა, როგორ აკეთებდნენ ფულს როუმინგის მეშვეობით ის ადამიანები, რომლებიც სამხრეთ ოსეთში ამ კომპანიის მფლობელები არიან. ეს ეხებოდა ყოფილ ინფორმაციის და კავშირგაბმულობის მინისტრს გიორგი კაბისოვს, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა. გარდა ამისა, გაზეთში დაიბეჭდა ინგუში ოპოზიციონერის, მაგომედ ხაზბიევის ანტირუსული ინტერვიუ, რაც ადგილობრივ ხელისუფლებას არ მოეწონა. ამ გაზეთში ყოველთვის იბეჭდებოდა ადგილობრივი და რუსეთის ფედერალური მთავრობის კრიტიკა, იმის გამო, რომ ოსეთში გადმორიცხული ფულის გათეთრება და მითვისება ხდებოდა. 

Media.Ge  - ახლა ჰამბურგში რა საქმიანობას ეწევი?

მარია პლიევა - ვისწავლი გერმანულ ენას. გარდა ამისა, მექნება შეხვედრები იმ პირებთან ვისაც სამხრეთ ოსეთში და მთლიანად ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული პოლიტიკური ვითარება აინტერესებს. ბოლო პერიოდში ჩრდილოეთ ოსეთში ვცხოვრობდი და ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული მდგომარეობა ჩემთვის ნაცნობია. გავაგრძელებ ბლოგების წერას. ახალ ამბებს ვერ გავაშუქებ, იმიტომ რომ ადგილზე არ ვიმყოფები. 

ჩემი ჰამბურგში გამომგზავრების შესახებ რუსულმა გამოცემა „ინოსმიმ“ დამახინჯებული ინფორმაცია დაბეჭდა. მე გერმანულ გამოცემა „ველტს“ მივეცი ინტერვიუ და ეს ინტერვიუ დამახინჯებულად თარგმნეს, თითქოს ოსეთზე ვთქვი, რომ საქართველოს რეგიონია. არადა, ეს იყო ავტორის სიტყვები, რომელიც მე მომაწერეს. სოციალურ ქსელებში მაკრიტიკებენ და წერენ, თითქოს, ქართულ–ოსური ფორუმის ქართველი წარმომადგენლები დამეხმარნენ გერმანიაში წამოსვლაში, მაგრამ ესეც დეზინფორმაციაა. მე თვითონ გავედი ჟურნალისტურ  ორგანიზაციასთან კონტაქტზე. ბევრი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ გამოცემა „ინოსმი“ კრემლის კონტროლის ქვეშაა და ამ პროპაგანდისტულ საიტს ჩემი დისკრედიტაცია უნდა.  ჩემს მდგომარეობაში მყოფი ადამიანები პოლიტიკურ თავშესაფარს მართლა იღებენ, მაგრამ მე ეს არ მომითხოვია. ერთწლიანი სტიპენდიის შემდეგ რა იქნება, არ ვიცი. მხოლოდ ის ვიცი, რომ სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთში ამჟამად სერიოზული პრობლემები მაქვს.   

 

მარია ახლა ჰამბურგის გარეუბანში ცხოვრობს და ადგილობრივ ვითარებას ეცნობა. მას უამრავი პრობლემის და გაჭირვების გამოვლის შემდეგ თავი სხვა პლანეტაზე ჰგონია, სადაც არც ემუქრებიან, არც უთვალთვალებენ და ყველაზე მეტად ადამიანის უფლებებს და თავისუფლებას აფასებენ. ძალიან უნდა, როკ ჯგუფ „რამშტეინის“ კონცერტზე მოხვდეს. მარია როკის მოყვარულია. ეს მისი ბლოგის სახელიდანაც ჩანს. livejournal.com-ზე მის ბლოგს „როკს ალანა“ ჰქვია. 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test