შემოგვიერთდი

14.03.2012 14:17

რეკლამა ინტერნეტში

მაია წიკლაური
საუბრები მედიაზე

„ინტერნეტ რეკლამიდან მიღებული შემოსავლების მოცულობა 2011–დან 2015 წლამდე აშშ–ში 40%–თ  გაიზარდება  და 2016 წლისთვის ყველა სხვა პლატფორმიდან მიღებულ შემოსავალს გაუსწრებს“, - ეს ვარაუდი ამერიკულმა კვლევითმა ორგანიზაციამ Pew Research Center (Project for Excellence in Journalism) თებერვალში გამოქვეყნებულ ანგარიშში გამოთქვა. ანგარიშის მიხედვით, შემოსავლების ზრდის მიღწევა დამოკიდებულია იმაზე, მოახერხებენ თუ არა მედიასაშუალებები ინტერნეტ რეკლამისთვის უფრო მოსახერხებელ პლატფორმაზე გადასვლას, სადაც შესაძლებელი იქნება მიზნობივი აუდიტორიის პოვნა და შესაბამისი რეკლამის განთავსება. შემოსავლების ზრდაში დიდ როლს შესარულებს ისიც, თუ რამდენად მოახერხებენ მედიასაშუალებები დაარწმუნონ კომპანიები, რომ ინტერნეტში განათავსონ რეკლამები. 

ჩატარებულმა კვლევებმა აჩევენა, რომ ინტერნეტ რეკლამა უფრო ნაკლები ტემპებით, მაგრამ საქართველოშიც იზრდება. ზრდის ტემპი დაახლოებით იმავე გამოწვევებსა და პრობლემებზეა დამოკიდებული, რაც აშშ-ია.

2010 წელს საქართველოში ინტერნეტ რეკლამას მთლიანი სარეკლამო ბაზრის მხოლოდ 1% ეკავა, რაც ჯამში ნახევარ მილიონ  ლარზე ნაკლებ თანხას შეადგენს.

„თბილისის მაცხოვრებელთათვის, განსაკუთრებით 20-დან 40 წლამდე ასაკის მოსახლეობისათვის ინფორმაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროდ ინტერნეტი იქცა, რომელიც თავისი მნიშვნელობით უკვე აჭარბებს ბეჭდურ მედიას. ეს ტენდენცია სარეკლამო დანახარჯების განაწილებაზე ჯერ არ ასახულა“, - ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ ჩატარებულ კვლევაში„საქართველოს სარეკლამო ბაზარი“.

ელექტორნული კომუნიკაციების სპეციალისტი დავით ბირმანი media.ge-სთან საუბრისას ინტერნეტში  სარეკლამო დანახარჯების დათვლის შესაძლებლობას ეჭვქვეშ აყენებს. მისი თქმით, არ არსებობს მეთოდოლოგია, რომელიც ახალ მედიაში მთელი ქვეყნის მასშტაბით დახარჯულ თანხას შეკრებს.

„კერძო კომპანიას არ აქვს ვალდებულება გამოქვეყნოს მისი სარეკლამო დანახარჯები. მაუწყებლები კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას წარუდგენენ ანგარიშს და ასე იგებ ჯამში სატელევიზიო რეკლამაზე რამდენი დაიხარჯა. ინტერნეტ რეკლამაზე კი ვერ დაადგენ მხოლოდ ერთი პროცენტია, თუ გაცილებით მეტი“, - აღნიშნავს დავით ბირმანი, თუმცა ვარაუდობს, რომ ახალ მედიაში სარეკლამო დანახარჯი სატელევიზიო რეკლამასთან შედარებით ბევრად მცირეა.

რეკლამის დამკვეთთა დამოკიდებულება

ისევე როგორც აშშ-ი, საქართველოშიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს რეკლამის განმათავსებელთა დამოკიდებულება ინტერნეტრეკლამის მიმრთ.

IREX-ის დაკვეთით GMCG-ის მიერ მომზადებულ კვლევით ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში რეკლამის დამკვეთები ახალ მედიას სერიოზულად არ განიხილავენ. სარეკლამო კომპანიები და მედია დამგეგმავები ასევე უგულებელყოფენ ინტერნეტ რეკლამის შესაძლებლობებს, მიუხედავად ეფექტურობასა და ფასს შორის შეფარდების უმაღლესი მაჩვენებლისა.

პიარ სპეციალისტი ელდარ პირმისაშვილი ამბობს, რომ ქართული კომპანიები ინტერნეტ რეკლამას „დანამატად“ აღქვამენ.

„ძირითადად განიხილავენ სატელევიზიო რეკლამას და შემდეგ ფიქრობენ, მოდი რომელიმე საიტზეც დავდოთ ბანერი“, - აღნიშნავს ელდარ პირმისაშვილი. მისი თქმით, საქართველოში ტოპ მენეჯერები ძირითადად საშუალო ასაკის ადამიანები არიან, რომელთაც  ახალი მედიის მიმართ ნაკლები ნდობა აქვთ.

„მოსახლეობაზეც სატელევიზიო რეკლამა უფრო ახდენს გავლენას.  ხშირად გაიგონებთ ფრაზას „ტელევიზორში ვნახე და ვიყიდე“,  იშვიათად  „ბანერს მოვკარი თვალი და იმიტომ შევიძინე“, - დასძენს ელდარ პირმისაშვილი.

დავით ბირმანი მიიჩნევს, რომ ინტერნეტ რეკლამა კონრეტულ სამომხმარებლო სეგმენტზე გასვლას უნდა ისახავდეს მიზნად.

„ინტერნეტში იმიტომ არ უნდა მიჰქონდეთ რეკლამა, რომ სხვაგან ფული არ ემეტებათ ან იმიტომ, რომ ბევრი აქვთ და ბარემ იქაც განათავსებენ. მარკეტინგული სტრატეგია გონივრულად უნდა იგეგმებოდეს და კომპანიები ფულს იქ უნდა ხარჯავდნენ, სადაც მათი მიზნობრივი აუდიტორიაა,“ - ამბობს დავით ბირმანი.

არამიზნობრივი რეკლამა

ახალი ამბების ვებ-გვერდებზე რეკლამის აქტივობის შესახებ განხორციელებულმა კვლევამ (Pew Research Center's Project for Excellence in Journalism) დაადგინა, რომ აშშ-შიც უჭირთ ინტერნეტრეკლამისთვის სამიზნე აუდიტორიის ზუსტად შერჩევა. განთავსებული რეკლამები კი ერთნაირია და ორიგინალობით არ გამოირჩევა.

ელექტრონული კომუნიკაციების სპეციალისტის დავით ბირმანის დაკვირვებით, საქართველოში ახალი მედიის არხებიდან კომპანიებმა ყველაზე უკეთ სოციალური ქსელი Facebook-ი აითვისეს. „თუმცა ხშირად შეხვდებით ისეთი პროდუქტების რეკლამებს, რაც სულაც არ არის განსაზღვრული იმ კატეგორიის ადამიანებისთვის, ვინც ამ ქსელის ძირითადი მომხმარებელია“, - ამბობს ბირმანი და იქვე ამატებს რომ არამიზნობრივად განთავსებული რეკლამები ხშირია ყველაზე რეიტინგულ გასართობ ვებ-გვერდებზე.

IREX-ის დაკვეთით ჩატარებულ კვლევაში აღნიშნულია, რომ ინტერნეტში სარეკლამო დანახარჯების დიდი წილი ვიდეოპორტალ myvideo.ge-სა და სოციალურ ფორუმ forum.ge-ზე მოდის.

„რადგან რეიტინგული საიტებია, კომპანიები ცდილობენ თავიანთი ბანერები განათავსონ და ძალიან ხშირად არ უყურებენ იმას, თუ რა კატეგორიის ადამიანები სარგებლობენ ამ ვებ-გვერდით, რამდენად შედიან ისინი მათ სამიზნე აუდიტორიაში“, - ამბობს დავით ბირმანი და ქართული ინტერნეტბაზრისთვის დამახასიათებელ ერთ თვისებას გამოყოფს: „არცერთი რეიტინგული საიტი არ შექმნილა იმისათვის, რომ რეკლამა გაეყიდათ. როცა პოპულარულები გახდნენ, ამაზე ფიქრი შემდეგ დაიწყეს. თუ დამკვეთს ბანერის განთავსება მოუნდა, მერე გამოუძებნიან სადმე ადგილს“. ბირმანის თქმით, იგივე ითქმის საინფრომაციო სააგენტოებსა და სხვა ინტერნეტგამოცემებზეც.

პიარ სპეციალისტი ელდარ პირმისაშვილი კი ბანერების მსგავსებას უსვამს ხაზს. მისი თქმით, საქართველოში ძირითადად სტატიკური, არაფრისმთქმელი ბანერებია განთავსებული, რაც მომხმარებლის პროდუქციამდე მიყვანას ვერ უზრუნველყოფს.

„კრეატიული ბანერი იშვიათად შემხვედრია. ჩვენთან რაოდენობას აქცევენ ყურადღებას და არა ხარისხს“, - დასძენს პირმისაშვილი.

EMarketer–ის პროგნოზით კი ვიდეო–რეკლამირება ვებ-გვერდებზე 2012 წლის განმავლობაში  43%–ით, სტატიკური ბანერები კი მხოლოდ 18%–ით გაიზრდება.

საქართველოში ინტერნეტთთან წვდომა მოსახლეობის დაახლოებით 30-33%-ს აქვს. თუცა შეიმჩნევა ინტერნეტაბონენტების რაოდენობის ზრდის მაღალი ტემპი. 2010 წელს ზრდის ტემპი წლიური 27% იყო, IREX-ის კვლევაში  ვარაუდობენ, რომ ეს პროცენტი არც 2011 წელს შემცირდება. იქვე აღნიშნულია, რომ ქართულ საზოგადოებას არ გააჩნია საკმარისი ინტერნეტგანათლება. მომხმარებელთა უმრავლესობა ინტერნეტით სარგებლობს გართობის და საუბრის მიზნით და არა ინფორმაციის მოსაპოვებლად. „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“ მიერ 2011 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად ყოველდღე ახალ ამბებს  ინტერნეტიდან მომხმარებელთა მხოლოდ 15% იღებს, რაც 5%-ით აღემატება 2009 წლის მონაცემებს.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test