შემოგვიერთდი

19.03.2012 08:37

სამოქალაქო აქტივიზმი და ჟურნალისტიკა – ჟურნალისტების აზრი

მაია წიკლაური
საუბრები მედიაზე

ბოლო დროს ჟურნალისტები თუ რედაქტორები საქართველოში სამოქალაქო აქტივიზმში ერთვებიან, იცავენ მედიის,  სხვა ადამიანების უფლებებს, ან აპროტესტებენ ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. შეიძლება გავიხსენოთ ხაშურის პოლიციასთან გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი სოსო ქიმერიძის საქმე. მისი გარდაცვალების მიზეზების გამოძიებას მოქალაქეებთან, პოლიტიკოსებთან, ადამიანის უფლებათა დამცველებთან ერთად ჟურნალისტებიც ითხოვდნენ.

უნდა იყოს თუ არა ჟურნალისტი სამოქალაქო აქტივისტი – ამის შესახებ პირველად დისკუსია ჟურნალ „ლიბერალის“ ჟურნალისტებმა გამართეს.

Media.Ge-მ გადაწყვიტა ეს თემა გასცდენოდა მხოლოდ ერთი გამოცემის ჟურნალისტების მოსაზრებას და კითხვით  – რამდენად შეთავსებადია ჟურნალისტიკა სამოქალაქო აქტივიზმთან,  აისახება თუ არა აქტივიზმი მკითხვენლის ნდობაზე გამოცემის, ან ჟურნალისტის მიმართ? - ქართული მედიის წარმომადგენლებს მიმართა.

 

მაია მეცხვარიშვილი, “ნეტგაზეთის” რედაქტორი

ჩემი აზრით, ჟურნალისტმა პირველ რიგში ჟურნალისტური საქმიანობა უნდა განახორციელოს - მოიძიოს, გადაამუშაოს და გაავრცელოს ინფორმაცია. ეს არის ჟურნალისტის მისია.

შესაბამისად ის, რომ წავიდეს, პოზიცია გამოხატოს ღიად ამა თუ იმ საკითხზე და სამოქალაქო აქტივობებში ჩაერთოს არის მიუღებელი. თუმცა, თუ საკითხი ეხება ჟურნალისტური უფლებამოვალეობების შელახვას, როგორიც იყო ფოტორეპორტიორების საქმე. ასეთ დროს, ბუნებრივია, ჟურნალისტმა უნდა გამოხატოს პოზიცია და დაიცვას პროფესიული საქმიანობა, ღირებულებები. მაგრამ, პოზიციის დაფიქსირება სხვა საკითხებთან დაკავშირებით მიუღებელია. ეს ხელს უშლის საზოგადოების მხრიდან ჟურნალისტური პროდუქტის, როგორც ასეთის მიღებას. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება ფაქტებზე დაყრნობით გაშუქებას. ასეთ დროს, ფაქტები უბრალოდ ფაქტებად ვეღარ აღიქმება. სხვა შემთხევაა მესვეტეები, მათ უფრო აქვთ უფლება რომ გამოხატონ პოზიცია და აქტივობებში ჩაერთონ.

Media.ge - თუ ჟურნალისტი მონაწილეობს რაიმე სახის პროტესტში და ის ამ სფეროს არ აშუქებს, მაშინაც არ არის მისაღები აქტივიზმი?

საქართველოში თითქმის ყველა საკითხი არის ერთმანეთთან გადაჯაჭვული. სოციალურ საკითხზე რომ წერ, ის საკითხი მაინც პოლიტიკასთან იკვეთება. თუ გამოვხატავ დიმიტრი შაშკინზე (განათლების მინისტრი მედია.გე ) პოზიციას და შემდეგ ის დაინიშნება სასჯელაღსრულების მინისტრად, მე კი ვაშუქებ სამართლის საკითხებს, როგორ მოვიქცე ასეთ დროს? ამ ტიპის აქტივობები დაუშვებელია ჟურნალისტისთვის  და მითუმეტეს რედაქტორისთვის.


რამაზ სამხარაძე, რადიო “ჰერეთის” დირექტორი

თუ ეს არ ეხება მედიის უფლებების შეზღუდვებს, ჟურნალისტმა,  არ უნდა მიიღოს აქციაში მონაწილეობა. ნებისმიერ აქციაში მონაწილეობა მხარედ ქცევას გულისხმობს, ჩვენ კი, ჟურნალისტებს, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი “რელიგია” სახლში უნდა დავტოვოთ, გარეთ ვიყოთ ჟურნალისტები და გავაშუქოთ ის, რაც ხდება.

ის რომ ტრანსპარანტები დაიკავონ ჟურნალისტებმა და კონკრეტულ აქციაზე, (რომელიც არ ეხება ჟურნალისტის უფლებების დაცვას) რაიმე გააპროტესტონ, რაც ბოლო პერიოდში ხდებოდა საქართველოში, ჩემთვის მიუღებელია. მაგალითად, პატიმრების უფლებების დამცველ აქციაზე, პატიმრების უფლებებს დაიცავენ უფლებამდაცველები.  ჟურნალისტებმა უნდა გააშუქონ ფაქტები. ვფიქრობ, როცა საკუთარ პოზიციას აფიქსირებ, ის აუცილებლად აისახება იმ სტატიაზე, რომელსაც აკეთებ.


ია მამალაძე, გაზეთ “გურია ნიუსის” მთავარი რედაქტორი

ნორმალურ ვითარებაში არ არის ჟურნალისტების აქტივიზმი სასურველი, მაგრამ როცა სხვა გამოსავალს არ გიტოვებენ, როცა შეიძლება ყველა ჩვენგანს შეეხოს კონკრეტული ცვლილებები, პირობებიც არ გვქონდეს, რომ პროფესიული მოვალეობა შევასრულოთ, ასეთ დროს ეს გამართლებულია. მომხრე ვარ, რომ აქაც მონაწილეობდეს არა ჟურნალისტი, არამედ მენეჯმენტის რგოლის წარმომადგენელი, რადგან როცა ჟურნალისტი პროცესებში ერთვება, შეიძლება ობიექტურობა დაკარგოს და სუბიექტურობა ჭარბობდეს.


ნანა კვაჭაძე, გაზეთ “ბათუმელების” ჟურნალისტი

ვთვლი, რომ ეს შესაძლოა იყოს პრობლემა და ხელი შეუშალოს ჟურნალისტს მუშაობაში. თუმცა, აქციასაც გააჩნია - თუ ჟურნალისტი გამოჩნდება რელიგიური კონფესიის აქციაზე, ან როგორც პოლიტიკური აქტივისტი ეს იქნება პრობლემა მისი საქმიანობისთვის. ბოლომდე ჩამოყალიბებული ამ საკითხთან დაკავშირებით არ ვარ. ვფიქრობ, ჟურნალისტისთვის არ შეიძლება აქტივისტობა, მაგრამ ამავდროულად მაქვს სამოქალაქო პოზიცია და მინდა გამოვხატო. თავად სულ ოთხჯერ მიმიღია აქციაში მონაწილეობა. ვფიქრობ, რომ ჯერ არ შეუშლია ამას ხელი ჩემთვის, როგორც ჟურნალისტისთვის, მაგრამ არ გამოვრიცხავ დადგეს მომენტი, რომ მიკერძოებულად ჩამთვალონ და მითხრან  - შენ ამ აქციაზე იდექი როგორც აქტივისტი და არა როგორც ჟურნალისტი. სტატია არ დამიწერია, როცა „ბულვარის აქციაზე“ (ბათუმის ბულვარის მშენებლობის წინააღმდეგ აქცია) ვიდექი,  რადგან მქონდა მოლოდინი, რომ ისინი ვინც ამ აქციაზე იდგნენ  ჩათვლიდნენ, რომ  არ ვიყავი ობიექტური. ასეთი რამ ჯერ არავის უთქვამს, მაგრამ ვინც ჩემს ობიექტურობაში ეჭვს შეიტანს, მართლები იქნებიან.


ნინო გელაშვილი, რადიო “თავისუფლების” ჟურნალისტი

 

მედიასაშუალებისთვის  მთავარია მისი მიუკერძოებლად აღქმის საკითხი. როცა აქციის მონაწილე ხარ და შემდეგ იგივე მედიასაშუალება ამავე თემაზე სხვა მოვლენას, ან ამ აქციას აშუქებს, მსმენელის მხრიდან რადიოს მიუკეძოებლად აღქმის პრობლემა ჩნდება. მსმენელი იტყვის - გუშინ რომ იმას ყვიროდა და დღეს ამას მიყვება, რამდენად მიუკერძოებელია როგორც ჟურნალისტი? - ამ საფუძველს ემყარება რადიოს რეგულაცია, რომელსაც ვეთანხმები. ჟურნალისტი თუ წესიერად და პროფესიულად ასრულებს მოვალეობას, ეყრდნობა ჟურნალისტურ სტანდარტებს, ესეც თავისებური აქციაა.

 

ალექსანდრე ელისაშვილი, ტელეკომპანია  “კავკასიის” ჟურნალისტი

 

ჟურნალისტი კიდევ უფრო აქტიური მოქალაქე უნდა იყოს და თამამად შეეძლოს პოზიციის დაფიქსირება. ცუდია, როცა ჟურნალისტის აქტივიზმს განაპირობებს პოლიტიკური დაკვეთა, გადახდილი ფული. თუ ასეთი რამ არ დგას ამის უკან და არის გულწრფელი სამოქალაქო ატიურობა, ჩემთვის მისასალმებელია. ყოველთვის დავდივარ და ვაფიქსირებ პოზიციას და ამის არ მერიდება საერთოდ. ობიექტურობაც თავისებური თემააა. ჟურნალისტს მოეთხოვება, რომ მართალი იყოს სინდისთან და საზოგადოებასთან. ჟურნალისტი, რომელიც აშუქებს ახალ ამბებს,  მოეთხოვება მიუკერძოებლობა, მას ვინც ანალიტიკურ სტატიებს წერს შეუძლია გამოთქვას თავისი აზრები.

 

ზვიად ქორიძე, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე

როცა ანა პოლიტკოვსკაია ჩეჩნეთში განვითარებულ მოვლენებზე, რუსეთის ფედერალური ძალების აღვირახსნილ მოქმედებებზე, ან ადამიანის უფლებების დარღვევაზე“ნოვაია გაზეტაში” წმინდა ჟურნალისტურ სტატიებს აქვეყნებდა, შემდეგ იწყებდა ამ ისტორიების ადვოკატირებას. 

ეხმარებოდა ამ ხალხს - მიჰყავდა ადვოკატებთან, პროკურატურაში, ინტერესდებოდა სახელმწიფო მართვის ორგანოებიდან როგორ ხდებოდა ცალკეული ისტორიების გამოძიება. ეს იყო სამოქალაქო აქტივიზმი, მაგრამ, ამავდროულად, ის იყო ჟურნალისტი. მთელი მისი სამოქალაქო საქმიანობა განაპირობა ჟურნალისტურმა საქმიანობამ, ამიტომ გახდა მიუღებელი მმართველი წრეებისთვისდა არა მხოლოდ ჟურნალისტური საქმიანობისთვის, ამიტომ გაუსწორდნენ როგორც გაუსწოდნენ. ანა პოლიტკოვსკაიას, ადვოკატირების პროცესის დროს, მიუკერძოებლობის გრძნობა არ დაუკარგავს და მას მკითხველი ენდობოდა. ის ითხოვდა სამართლიანობის აღღდენას, სიმართლის დადგენას. სტატიები, რასაც წერდა, არ ეფუძნებოდა ზედაპირულ ლოზუნგებს – იქ იყო ღრმა ადამიანური ისტორიები ყოველმხრივ გამოძიებული. სამოქალაქო პათოსმა არ უნდა შეგვაშინოს, ჟურნალისტი არ არის სტატიკური არსება. მთავარია, იგი ყოველთვის იყოს მიუკერძოებელი.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test