შემოგვიერთდი

06.04.2012 10:06

რუსეთის „მტერი“ ოსი ბლოგერები

მაია წიკლაური
საუბრები მედიაზე

ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა მინისტრი არტურ ახმეტხანოვი, ზოგიერთ ოს ბლოგერს ანტირუსულ საქმიანობაში და ეთნიკური დაპირისპირების გაღვივებაში ადანაშაულებს. მისი თქმით ძალოვანების მხედველობის არეში, რუსეთში,  უკვე 500 ბლოგერი მოექცა, რომლებიც არასისტემურ ოპოზიციას ემსახურებიან და საზოგადოებაში განხეთქილების შეტანა უნდათ. ამის შესახებ ახმეტხანოვმა ვლადიკავკაზში ერთ–ერთ საჯარო შეხვედრაზე ისაუბრა. ინფორმაცია კი ჩრდილოეთ ოსეთის ახალი ამბების ინტერნეტგამოცემამ, sknews-მა გაავრცელა. ახმეტხანოვის  ყურადღება განსაკუთრებით ორმა ოსმა ბლოგერმა, მარია პლიევამ და ვალერი ძუცევმა, მიიპყრო. მათ შესახებ გენერალ ლეიტენატი ახმეტხანოვი ამბობს:  

„მარია პლიევას და ვალერი ძუცევს, რომლებიც ეთნიკურად ოსები არიან, ეზიზღებათ რუსეთის დღევანდელი ხელისუფლება. მარია პლიევამ რუსეთის მთავრობა ინგუშებსა და ოსებს შორის,  წინასწარგანზრახული ეთნიკური კონფლიქტის გაღვივების მცდელობაში დაადანაშაულა.  გარდა ამისა, ქალბატონი პლიევა ხელისუფლების წარმომადგენლების პიროვნულ შეურაცხყოფაზე გადადის, რაც ნებისმიერი მოწყობის სახელმწიფოში იურიდიულად დაუშვებელია. იმუშავა რა საკუთარ ისტორიულ სამშობლოში, „უფლებადამცველი“ გერმანიაში გაფრინდა. მავრმა საქმე გააკეთა, მავრს შეუძლია წავიდეს“, –ასე ახასიათებს ბლოგერ პლიევას მოღვაწეობას ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა მინისტრი.

არანაკლებ კრიტიკულად იგი ვალერი ძუცევს ახასიათებს:  

„მარია პლიევას თანამოაზრე ვალერი ძუცევი ამერიკაში ცხოვრობს და ხელფასს „ვაშინგტონის ობკომიდან“ იღებს. ძუცევი, როგორც მშობლიური ოსეთის, ისე მთალი კავკასიის ნათელ მომავალს რუსეთის შემადგენლობაში ვერ ხედავს. ანტირუსულ საქმიანობაში პლიევას და ძუცევის თანამოაზრეები, ნორვეგიაში იმყოფებიან, ასევე რუსულ ქალაქებში მოსკოვსა და სოჩში“, –  ამბობს ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა მინისტრი.

არტურ ახმეტხანოვს მარია პლიევამ გერმანიიდან უპასუხა. Media.Ge-სთან გაკეთებულ კომენტარში მან აღნიშნა, რომ ახმეტხანოვის განცახადებას საერთო და პირადი მიზეზები აქვს.

„საერთო მიზეზი ისაა, რომ ხელისუფლება კრიზისში იმყოფება და ამ დროს ის ყოველთვის დამნაშავეებს ეძებს იმისთვის, რომ საკუთარი ცოდვები სხვებს გადააბრალოს. თუ ავიღებთ ვითარებას ჩრდილოეთ ოსეთსა და ინგუშეთს შორის, ის ყოველწლიურად მხოლოდ უარესდება. ესე იგი, სიძულვილი ორ ერს შორის კი არ იკლებს, არამედ იზრდება. ამის შესახებ რამდენიმე ინციდენტი მეტყველებს, რომლებიც 2011 წელს მოხდა: მოსკოვში ოსი და ინგუში სტუდენტების ჩხუბი, რაც დაჭრით დასრულდა; სოფელ ჩერმენის მცხოვრებლების ცემა; გაურკვეველი სროლები საზღვრისპირა  სოფლებში - ეს არასრული ჩამონათვალია ამ ინციდენტებისა.

რაც შეეხება პირად მიზეზებს. მე გასული წლის ოქტომბერში მეყო „თავხედობა“ ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შესახებ საჩივარი რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში დამეწერა. მათთვის უშედეგოდ დასრულდა ინციდენტი, რომელსაც ჩემი დაკავება მოჰყვა. ახლაც ჩემს მიმართ სასამართლოში საქმე სამი მუხლით მიმდინარეობს და ბოლომდე არცერთი არ არის მიყვანილი“, – აცახდებს მარია პლიევა.

ამჟამად მარია პლიევას მიერ გასაჩივრებული საქმეები უზენაესი სასამართლოს განხილვის საგანია. გასული წლის ბოლოს იგი ვლადიკავკაზში დააკავეს და ბრალად არასანქცირებული მიტინგის მოწყობის მცდელობა, ბლოგზე პოლიციელების შეურაცხოფის და ხულიგნობის ბრალდება წაუყენეს.

ცნობილი ოსი ჟურნალისტი და ბლოგერი მარია პლიევა ამჟამად გერმანიის ქალაქ ჰამბურგში იმყოფება. იგი ორგანიზაციის, „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ წარდგინებით “ჰამბურგის პოლიტიკური ნიშნით დევნილთა დახმარების ფონდის” სტიპენდიანტი გახდა. ამიტომ ერთი წელი გერმანიაში ისწავლის და იცხოვრებს.  

ცხინვალში მას ადგილობრივ ხელისუფლებასთან განსხვავებული მოსაზრებების გამო მუდამ პრობლემები ჰქონდა და ბოლო წლების განმავლობაში საკუთარ სახლშიც ვეღარ ჩადიოდა. ამიტომ ჩრდილოეთ ოსეთის დედაქალაქ ვლადიკავკაზში ცხოვრობდა, თუმცა აქტიური სამოქალაქო და ჟურნალისტური მოღვაწეობის გამო იქაც პრობლემები შეექმნა. მარია პლიევა მინიმუმ ერთ წელს რუსეთში არ დაბრუნდება, მაგრამ იგივე საქმიანობას გერმანიიდანაც აპირებს.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test