შემოგვიერთდი

08.04.2012 19:54

კარგად დავიწყებული ძველი - პრესის გამოწერის აღდგენის პერსპექტივა საქრთველოში

მაია წიკლაური
საუბრები მედიაზე
Die Zeitung (photo: )

პატრიკ ფილდერი ატლანტელი ადვოკატია. როგორც ძალიან დაკავებულ ადამიანს, სხვათაშორის ვკითხე, გაზეთების კითხვას თუ ახერხებ–მეთქი. „მიწევსო“, – მითხრა – „ყველა მნიშვნელოვანი ამბის საქმის კურსში უნდა ვიყო, ტელევიზორთან ყოფნას ხშირად ვერ ვახერხებ და, მირჩევნია, ამბები გაზეთებით გავიგო, ლანჩის დროს, სადილზე, ან, სულაც, ძილის წინ ვკითხულობო“. როგორც აღმოჩნდა, გამოწერილი აქვს ადვოკატებისთვის განკუთვნილი სამი ჟურნალი და გაზეთები: “ნიუ იორკ ტაიმსი“, „ვაშინგტონ პოსტი“, „უოლ სტრიტ ჯორნალი“. „ასე უფრო მოსახერხებელია,“ – განმიმარტა პატრიკმა, – „პრესა შინ მომდის, ხელთ მაქვს და მაშინ ვკითხულობ, როცა შესაფერისი დრო გამომიჩნდება.“

საყვარელი გაზეთის შეძენა ერთგვარი რიტუალია ინგლისელი ანჯელა კინანისთვის. ის მასწავლებელია. როგორც ამიხსნა, ყოველდღიური გაზეთებისთვის, ფაქტობრივად, ვერ იცილის. ყიდულობს ყოველკვირეულ მრავალგვერდიან გამოცემას და ნება–ნება ეცნობა. „ინგლისში გაზეთი ბევრს აქვს გამოწერილი, თუმცა, დღეს უკვე ბევრი ინფორმაციის მიღების ელექტრონულ საშუალებებს ირჩევს“, – მითხრა ანჯელამ, – „ძირითადად, ადამიანები იწერენ მათი პროფესიებისა და ინტერესების შესაბამის პრესას. გაზეთების გამოწერა ძველი ტრადიციაა, თუმცა, ჟურნალ–გაზეთებს ახლა საკუთარი ვებ-გვერდებიც აქვთ და ისინი, ვისთვისაც ინტერნეტი ხელმისაწვდომია, სასურველი სტატიის ნახვას კომპიუტერის საშუალებითაც მშვენივრად ახერხებენ“.

გაზეთების გამოწერა ტრადიცია საქართველოშიც იყო, მაგრამ ეს იყო იძულებით დამკვიდრებული ტრადიცია. საბჭოთა პროპაგანდის მანქანას მოსახლეობის სრული „ინფორმირება“ სჭირდებოდა და ადამიანებიც იწერდნენ იმას, რაზეც უთითებდნენ: „პრავდას“, ქართულ და რუსულ „კომუნისტს“, „ტრუდს“, „მასკოვსი კამსამოლეცს“ და ა.შ. მაშინაც გამოიცემოდა ჟურნალ–გაზეთები რომლებიც, თავიანთი დანიშნულებიდან გამომდინარე, ამოსუნთქვის საშუალებას იძლეოდა. ეს, ძირითადად, ლიტერატურული, სამედცინო, ტექნიკური ხასიათის გამოცემები იყო და მათ ადამიანები საკუთარი ნებით იწერდნენ. საბჭოთა მოქალაქის ჯიბე უძლებდა შვიდი და რვა გაზეთის გამოწერას – მათი ფასი 2–3 კაპიკს არ სცილდებოდა.     

ცივილიზებული მსოფლიოსგან განსხვავებით, დღევანდელ საქართველოში ჟურნალ–გაზეთების გამოწერა, ფაქტობრივად, გაუქმებული საჭიროებაა. ასოციაციები საბჭოთა წარსულთან, ამ შემთხვევაში, გადამწყვეტ როლს არ ასრულებს, მთავარი სხვა რამეა – ფოსტის, როგორც ბეჭდური მედიის გამავრცელებლის ფუნქციის მოშლა, გაზეთების მოქმედი გამავრცელებლების მწირი შემოსავლები, რაც მათ თავიანთი სტრუქტურების განვითარების საშუალებას არ აძლევს და მოსახლეობის დაბალი მსყიდველობითი უნარი. თუმცა, ეს უკანასკნელი მიზეზი, როგორც „თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაციის“ მიერ ახლახან ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, ძირითადი შემაფერხებელი ფაქტორი არ არის.

ამ გამოკითხვაში, რომელიც წელს, მარტში ჩატარდა, როგორც ორგანიზაციის თანამშრომელი, თავადაც ვმონაწილეობდი. იმის გათვალისწინებით, რომ სხვადასხვა გამოკითხვებით გაბეზრებული ადამიანები კარს ყველას აღარ უღებენ, გამოკითხვაში ჩვენივე ორგანიზაციის თანამშრომლები ჩავრთეთ, ისინი, ვინც ამის სურვილი გამოთქვა და, სპეციალურად მომზადებული კითხვარებით, თბილისის სხვადასხვა უბნებში, მათივე და მეზობელ სადარბაზოებში მივავლინეთ. კითხვა სამი დაისვა:  კითხულობენ თუ არა თქვენ ოჯახში ჟურნალ–გაზეთებს; ყიდულობთ მათ, თუ სხვაგან ეცნობით; გამოიწერდით თუ არა პრესას, თუკი მას სახლში მოგიტანდნენ?

გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო ვაკის, საბურთალოს, ნაძალადევის, გლდანის, დიდუბის, სანზონის, მუხიანის, ვარკეთილის, ზაჰესის უბნებში მცხოვრებმა 430-მა ადამიანმა. აქედან 190–მა თქვა, რომ გამოიწერდა ჟურნალებსა და გაზეთებს, 166–ს ამის სურვილი არ გამოუთქვამს; 74–მა კი, რომელიც დღეისთვის მისთვის საინტერესო პრესას ყიდულობს, აღმოაჩინა, რომ აქამდე ამაზე არ უფიქრია. მაგალითად, ტატა გველესიანს. ის ამბობს, რომ მისი სადარბაზოდან საფოსტო ყუთები დიდი ხანია დაიკარგა და ვერც წარმოედგინა, თუკი, ახლო მომავალში, ჟურნალისა და გაზეთის სახლში მიღება ისევ შესაძლებელი იქნებოდა.

გაზეთებს ყიდულობს მცირე ნაწილი ადამიანებისა, რომლებიც პრესის გამოწერაზე უარს ამბობენ. ეკა ბაქანიძე ამას ასე ხსნის: „მე მირჩევნია, გაზეთი ვიყიდო მაშინ, როცა მასში ჩემთვსი საინტერესო სტატია იქნება. საქართველოში გაზეთები დაბალი ხარისხის ქაღალდზე იბეჭდება, ცუდი პოლიგრაფიით და ცოტა ესეც მაკავებს“. სამი შვილის დედა ნათელა ყურაშვილი კი, გაზეთის გამოწერაზე უარს სხვა მიზეზით ამბობს – ამის ფინანსური შესაძლებლობა არა აქვს, – „თუკი ჩვენი ოჯახის შემოსავლები გაიზრდება, ამაზე ნამდვილად ვიფიქრებ. ამ ეტაპზე, ეს წარმოუდგენელია. ჩემთვის საინტერესო ჟურნალს ახლა მეზობელთან ვეცნობი“.

ახალი ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ, საუბარი იმაზე, შეძლებს თუ არა ბეჭდური მედია კონკურენცია გაუწიოს ტელევიზიას, რადიოსა და ინტერნეტს, სულ უფრო ცხოველი ხდება. მიუხედავად, ამისა, ჟურნალ–გაზეთებს აქვს რიგი მახასიათებლებისა, რომელიც მათ სიცოცლისუნარიანობას განაპირობებს. გარდა იმისა, რომ პრესა შეგიძლია წაიკითხო მაშინ და იქ, სადაც გინდა, კარგმა გაზეთმა, შეიძლება, დილითვე გამცნოს ის, რასაც საღამოს ტელევიზიები შემოგთავაზებენ; მასში, უკვე მომხდარზე, დაწვრილებითი ინფორმაციის ამოკითხვა შეიძლება; ამასთან, საინტერესო სტატიას მაშინ მიუბრუბრუნდები, როცა დაგჭირდება.

გაზეთ „რეზონანსის“ რედაქტორი და მედიის ექსპერტი ლაშა ტუღუში მიიჩნევს, რომ ჟურნალ–გაზეთების ხელმოწერის ინსტიტუტის აღდგენა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება წინ, როგორც მოსახლეობის სრულყოფილი ინფორმირების, ისე თავად ბეჭდური მედიის განვითარებისთვის. „ეს მიღებული საერთაშორისო პრაქტიკაა, გაზეთებისა და ჟურნალების ყველაზე დიდ წილს მომხმარებელი სწორედ ამ გზით იღებს,“ – ამბობს ის, – „სამწუხაროდ, ჩვენთან ეს სისტემა დიდი ხანია მოიშალა და ძალიან მნიშვნელოვანია, ამ გზით მკითხველი პრესას და პრესა მკითხველს დავუბრუნოთ. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გაზეთების ქუჩაში გაყიდვა, მაგრამ, ასევე, სასიცოცხლოდ აუცილებელია, მოქმედებდეს პრესის გამოწერაც, როგორც მკითხველისთვის ინფორმაციის დროულად მიწოდების ეფექტური საშუალება.“

როგორც „თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაციის“ მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, გამოკითხულთა თითქმის ნახევარი (44,2%) მზადაა, ჟურნალ–გაზეთები გამოიწეროს. ახლა ჯერი გამომცემლებსა და პრესის გამავრცელებლებზეა.   

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test