შემოგვიერთდი

20.04.2012 09:47

სატელიტის მომხმარებელთა რიცხვმა საკაბელო და მიწისზედა მაუწყებლობას გაუსწრო

მაია წიკლაური
ციფრული მაუწყებლობა

სატელიტური ოპერატორის SES–ის მიერ ჩატარებული მონიტორინგის (Satellite Monitor 2011) შედეგების მიხედვით,  სატელიტი ევროპის წამყვანი სატელევიზიო ინფრასტრუქტურა ხდება. მან მომხმარებელთა რაოდენობით მიწისზედა (ანტენით მიღებული სიგნალი) და საკაბელო მაუწყებლობას გაუსწრო.

შედეგები ეფუძნება ევროპის და ჩრდილოეთ აფრიკის 35 ქვეყნის პირველად კვლევას. კვლევა მოიცავს 62 ათასზე მეტ ინტერვიუს, რომლებიც ბაზრის წამყვანმა კვლევითმა ინსტიტუტებმა ჩაატარეს TNS Infratest–ის ხელმძღვანელობით. საქართველოში პირველი DTH (direct-to-home ) სატელიტური პლატფორმის - “მაგთისატის” დანერგვის შემდეგ, SES-ი მომავალი წლის Satellite Monitor-ის კვლევის სიაში საქართველოს ჩართვასაც გეგმავს.

Satellite Monitor 2011–ის თანახმად, ევროპაში 84 მილიონი ოჯახი ხმარობს DTH (პირდაპირ სახლში) სატელიტს, როგორც სატელევიზიო სიგნალის მიღების მთავარ საშუალებას. ეს ციფრი გასული ოთხი წლის განმავლობაში 22 პროცენტით გაიზარდა. ამ პერიოდის განმავლობაში მიწისზედა ტელევიზიის აბონენტების რაოდენობა თითქმის 16 მილიონით, საკაბელოსი კი - 2 მილიონით შემცირდა. IPTV –  სისტემა, რომლის მეშვეობითაც ტელევიზიის სიგნალი მომხმარებელს IP ქსელით მიეწოდება – ძალიან მცირე მაჩვენებლიდან დაახლოებით 16 მილიონ ოჯახამდე გაიზარდა.

მთლიანად ციფრული  მაუწყებლობით  ევროპის 186 მილიონი ოჯახი სარგებლობს, აქედან ციფრული სატელიტური ტელევიზია აქვს - 97 პროცენტს (181,4მლნ ოჯახს), დანარჩენი 3 პროცენტი ანალოგური სატელიტური მაუწყებლობით სარგებლობს;

საკაბელო მაუწყებლობა აქვს ევროპის 69 მილიონ ოჯახს, აქედან 47 პროცენტი ციფრულ მაუწყებლობას იღებს, ანალოგურს კი - 53 პროცენტი.

ანტენით მაუწყებლობის სიგნალს იღებს 79 მილიონი ოჯახი, საიდანაც ციფრული მაუწყებლობა 70 პროცენტს აქვს (55,6 მლნ.), ანალოგური კი - 30 პროცენტს.

IPTV  ტელევიზიით 16 მილიონი ოჯახი სარგებლობს. ყველა მათგანი ციფრული მაუწყებლობის მომხმარებელია.

2011 წელს სატელიტის ბაზარი განსაკუთრებულად გაიზარდა დიდ ბრიტანეთში, გერმაინიაში, უკრაინაში, პოლონეთსა და იტალიაში. ზრდა მნიშვნელოვნად განპირობებულია ციფრული მიღებისა და მაღალი გარჩევადობის (HD) განვითარებით.

„ეს წარმატება ადასტურებს ჩვენს ხედვას, რომ სატელიტური მაუწყებლობა ყველაზე მომხიბვლელი ფორმატია ტელევიზორის საყურებლად“, - განაცხადა ევროპაში SES-ის კომერციულმა ვიცე პრეზიდენტმა ნორბერტ ჰოლზლიმ. მისი განცხადებით, ეს ტენდენცია დაიწყო გერმანიაში, სადაც სატელიტის მომხმარებლების რაოდენობამ პირველად გადააჭარბა კაბელის მომხმარებლებს. ტენდენცია გაგრძელდა დიდ ბრიტანეთსა და მთელ ევროპაში.

“არხების რაოდენობა და მრავალფეროვნება, გადაცემის ხარისხი, ფართო წვდომა რჩება იმ არგუმენტებად, რის გამოც ოჯახები სატელიტს არჩევენ. ეს  ჩვენ საშუალებას გვაძლევს, რომ კონკურენცია გავუწიოთ სხვა ქსელებს და ჩვენი ძალები გავაერთიანოთ DSL–ისა და ინტერნეტ მიღებასთან. ეს კომბინაცია იქნება საუკეთესო საშუალება ტელემაყურებლებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით“, - აღნიშნა ნორბერტ ჰოლზლიმ.

SES-ი  თანამგზავრული მაუწყებლობის ოპერატორია, რომელსაც 50 გეოსტაციონარული თანამგზავრი აქვს. იგი ფლობს და ოპერირებს ASTRA თანამგზავრებს. კომპანია სატელიტურ საკომუნიკაციო სერვისს აწვდის ტელე–მაუწყებლებს, ინტერნეტ პროვაიდერებს, მობულირ და ფიქსირებულ ოპერატორებს, ბიზნეს და სახელმწიფო ორგანიზაციებს მთელი მსოფლიოს მაშტაბით.

მსოფლიოში SES-ი  1 200–ზე მეტ მაღალი გარჩევადობის (HD)  არხს გადასცემს. მისი სატელიტების ფლოტი 50 სატელიტისგან შედგება და 258 მილიონ მომხმარებელ ოჯახს აღწევს.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test