შემოგვიერთდი

27.04.2012 15:31

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით გამოწვეული დილემა

ნატა ძველიშვილი
ინტერვიუ
კახი ყურაშვილი (photo: )

საკონსტიტუციო სასამართლოს 11 აპრილის გადაწყვეტილებით, საკაბელო ქსელით მაუწყებლობის გავრცლებისთვის ლიცენზია საჭირო აღარ იქნება. რომელ მაუწყებლებს ეხება ეს ცვლილება, რა რეგულაციები გავრცელდება მათზე და რა ნაბიჯებს გეგმავს კომუნიკაციების ეროვნული კომისია - ამ საკითხებზე Media.Ge კომისიის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელს კახი ყურაშვილს ესაუბრა.

- ბატონო კახი, რომელ მაუწყებლებს ეხება საკონსტიუტციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება?

- საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეხება მაუწყებლებს და არა საკაბელო ოპერატორებს. მაუწყებელია ის პირი, რომელიც კაბელის, თანამგზავრის ან სიხშირის გამოყენებით ახორციელებს პროდუქციის  გავრცელებას. სასამართლომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონიდან ის ნორმები ამოიღო, რომელიც ითვალისწინებს მაუწყებლობითი საქმიანობის ლიცენზირებას. ლიცენზია საჭირო აღარ არის იმ შემთხვევაში, თუ მაუწყებლობა ხორცილედება კაბელის გამოყენებით. თანამგზავრულ და სიხშირულ  მაუწყებლობაზე ლიცენზია აღება ისევ სავალდებულოა.

- ვისაც უკვე აქვს საკაბელო ქსელით მაუწყებლობის გავრცელების ნებართვა, ეს ცვლილება მათაც ეხება თუ მხოლოდ იმ სუბიექტებზე გავრცელდება, ვისაც 11 აპრილის შემდეგ მოუნდება მაუწყებლობის დაწყება?

- სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელის კანონით დადგენილი ვალდებულებები ამ პირებზე ვეღარ გავრცელდება, რადგან მათი საქმიანობა არალიცენზირებულ საქმიანობათა ნუსხაში შევიდა. საკაბელო მაუწყებლობის მსურველი კი აღარც მოვა კომისიაში.

- „მაუწყებელთა ქცევის კოდექსი“ და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონიც არ გავრცლედება?

- არა, რა თქმა უნდა. შესაბამისაად, კომისიის რეგულირების სფეროშიც არ შემოვლენ და აღარც რეგულირების საფასურს გადაიხდიან.

- სტატუსი არ ექნებათ?

- საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, დღეს ისინი არა მხოლოდ კომისიის, საერთოდ,  არანაირ საკანონმდებლო რეგულაციას არ ექვემდებარებიან, თუ არ ჩავთვლით სამეწარმეო კანონმდებლობას. ისიც იმ შემთხვევაში, თუ ეს საკაბელო მაუწყებელი არის მეწარმე სუბიექტი ან არაკომერციული იურიდიული პირი.

-  თუ აპირებთ ამ მიმართულებით  ნაბიჯების გადადგმას, რომელიც საკაბელო ოპერატორებს მარეგულირებელ ჩარჩოში მოაქცევს?

- ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ რეჟიმის დატოვება არაერთგვაროვან პირობებში ჩააყენებს მაუწყებლებს. რეალურად საქმინობის სახე არის ერთი და იგივე, აქვთ სამაუწყებლო ბადე, უშვებენ გადაცემებს და გავრცელების ტექნოლოგიებს იყენებენ სხვადასხვას. გამოდის, რომ ზოგს ვაკონტროლებთ, ზოგი კი არანაირ რეგულაციას არ ექვემდებარება. ეს არ უნდა იყოს სწორი. გარდა ამისა, გაუგებარი რჩება ის რეგულაციები, რომლებიც ორიენტირებულია არაკნონიერი პროდუქციის მიღებისგან მსმენელის დაცვაზე. მხედველობაში მაქვს „მავნე ზეგავლებისაგან არასულწლოვანთა დაცვის“, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვის“ ვალდებულება და ა.შ.
სამაუწყებლო საქმიანობა საჭიროებს გარკვეულ რეგულაციას და ვფიქრობთ, მოვამზადოთ საკანონმდებლო წინადადებები ისე, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფარგლებიდან არ გამოვიდეთ. ალბათ, მივმართავთ პარლამენტს, რომ სამაუწყებლო საქმიანობა ავტორიზების რეჟიმში გადაიყვანოს.

- რა განსხვავებაა ავტორიზაციასა და ლიცენზირებას შორის?

- ავტორიზაციის შემთხვევაში შენ ატყობინებ კომისიას, რომ იწყებ საქმიანობას. ლიცენზიის დროს კი, ნებართვას ითხოვ. უფლება უნდა მოიპოვო, რომ საქმნაობა განახორციელო.

ავტორიზაცია საჭროა იმისათვის, რომ ის მაინც ვიცოდეთ, რამდენი საკაბელო მაუწყებელია, ავტორიზებულ პირებზე გავრცლედეს „მაუწყებელთა ქცევის კოდექსი“ და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი იმისათვის, რომ არ დაზარალდეს მომხმარებლის ინტერესი. ჩვენი იდეაა, რომ საკაბელო მაუწყებლები გახდნენ ავტორიზებული პირები, შეგვატყობინონ საქმიანობის დაწყების შესახებ და გვაცნობონ, რომ იღებენ „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ დაცვის ვალდებულებას.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test