04.06.2012 07:59
2012 წლის არჩევნებში მედიის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია
მაია წიკლაური
საუბრები მედიაზე
სოციალური რეკლამის წინასაარჩევნოდ გამოყენება, მოსახლეობისთვის სხვადასხვა საინფორმაციო არხებზე ხელმიუწვდომლობა და ნაციონალური არხების მიერ მოვლენების ცალმხრივად გაშუქება ის საკითხებია, რაზეც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და ჟურნალისტებმა 1 ივნისს მედიისა და არჩევნების თემაზე გამართული შეხვედრის დროს, ყურადღება გაამახვილეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორები და ამერიკელი ჟურნალისტები, ჯოშუა ფრიდმანი და თომას ედსალი.
შეხვედრის მონაწილეთა აზრით, 2012 წელი გამორჩეულია იმით, რომ არჩევნებში მონაწილეთა მხრივ რეალური კონკურენციაა, რაც მეტ როლს სძენს მედიას, რადგან მან საზოგადოებამდე კონკურენტების შესახებ ინფორმაცია უნდა მიიტანოს, რაც ზოგ შემთხვევაში, არ ხდება.
ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” წარმომადგენელმა, ნინა ხატისკაცმა გაიხსენა შემთხვევა, როცა ნაციონალურმა არხებმა ცალმხრივად გააშუქეს პარტიების შემოწირულობების საკითხი.
“დეკემბრის ბოლოს პროკურატურამ გამოაქვეყნა ინფორმაცია იმ ოთხი პოლიტიკური პარტიის დაფინანსების შესახებ, რომლებიც “ქართულ ოცნებაში” არიან გაწევრიანებული. ნაციონალურმა არხებმა ამ ფატზე ყურადღება გაამახვილეს. ამბობდნენ, რომ ეს დიდი პრობლემაა, რადგან ამ პარტიებმა იმ 11 სხვადასხვა კომპანიისგან მიიღეს შემოწირულობა, რომელთა უკან რეალურად ორი წყარო იდგა”, - ამბობს ხატისკაცი და განმარტავს “მართლაც რომ კანონის გვერდის ავლა მოხდა. შემოწირულობის ლიმიტი 100 ათასი იყო და ამ ორმა პირმა 11 სხვადასვა კომპანიაზე გადაანაწილა თანხა შესაწირად. აღსანიშნავია, რომ ეს პრობლემა იყო ადრეც, 2008 -2010 წლებში და მაშინ ანალოგიური გზით მხოლოდ ნაციონალური (მმართველი პარტია) პარტია იღებდა იურიდიული პირებისგან შემოწირულობას. ამაზე ნაციონალურ არხებს მაშინ არ უსაუბრიათ, თუმცა ეს სხადასხვა ოფიციალურ ანგარიშში აისახა”.
ხატისკაცის აზრით, საკითხის ასეთი ცალმხრივი გაშუქება საზოგადოების ინფორმირებულობას ვერ უზრუნველყოფს.
მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” წარმომადგენელმა ყურადღება გაამახვილა, ეს სოციალური რეკლამის ხელისუფლების მხრიდან წინასაარჩევნოდ გამოყენებაა. ხატისკაცის თქმით, მისმა ორგანიზაციამ ”შეისწავლა ოთხი სოციალური რეკლამა, სადაც სახელისუფლებო პარტია “ნაციონალური მოძრაობა” არ იყო პირდაპირ ნახსენები, თუმცა არც სოციალური რეკლამის ნიშნები ჰქონდა.
“ასეთ რეკლამაში მოსახლეობისთვის სასარგებლო ინფორმაცია უნდა იყოს მიწოდებული, რაც საერთოდ არ იყო. სამაგიეროდ იყო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა სიბნელეში იყო წლების წინ საქართველო, რომ ახლა გაცილებით უკეთესი რეალობაა და ის კიდევ უფრო კარგი გახდება მომავალში. რეკლამაში ჩანდნენ მმართველი პარტიის სახეები, რაც ამომრჩეველზე გავლენას ახდენს”, - ამბობს ხატისკაცი, მისი აზრით, აუცილებელია სოციალური რეკლამის უკეთ დარეგულირება, ხოლო დღევანდელი სახის სოციალური რეკლამის განთავსების შემთხვევები უნდა იყოს დასჯადი.
Must Carry-ის (რომელიც საკაბელო პროვაიდერებს სხვადასხვა ტელეკომპანიების სიგნალის გატარებას ავალდებულებს) პრინციპის შემოღების აუცილებლობაზე ტელეკომპანია “მაესტროს” გადაცემა “აკრედიტაციის გარეშე” ავტორმა, შალვა რამიშვილმა ისაუბრა. მან სოლომონ ქიმერიძის სიკვდილის გაშუქების შემთხვევა გაიხსენა, როცა სამმა ნაციონალურმა არხმა -“იმედმა”, “რუსთავი 2”-მა და “პირველმა არხმა” იდენტური კადრებით და ტექსტით მიაწოდეს საზოგადოებას ამ შემთხვევის შესახებ ინფორმაცია.
“სამივე სიუჟეტში ნათქვამი იყო, რომ გარდაცვლილის ოჯახში “ქართული ოცნების” მხარდამჭერთა ჯგუფმა აურია სიტუაცია. მაგრამ ვის პანაშვიდზე ვიყავით, რატომ გვინდოდა ამ ამბავის გაშუქება ამაზე არაფერი უთქვამთ” -იხსენებს რამიშვილი, რომელიც აგრეთვე აშუქებდა ამ ამბავს “ამ არხების მაყურებელს შეექმნებდა შთაბეჭდილება, რომ მე ვარ ნეკროფილი და ვიღებ გარდაცვლილებს რომ ავურიო სიტუაცია”, -აღნიშნა მან.
მისი თქმით, ამ სიტუაციიდან გამოსავალი, როცა მოსახლეობა, განსაკუთრებით რეგიონებში, იღებს ინფორმაციას მხოლოდ ნაციონალური არხების მეშვეობით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია Must Carry-ს პრინციპის ამუშავება, რომ ხალხს მრავალფეროვანი ინფორმაციის მიღება შეეძლოს.
მედია ესქპერტის, ნინო დანელიას აზრით, ხელისუფლება ცდილობს საზოგადოებას ჰქონდეს არამრავალფეროვანი ინფორმაცია, რადგან “იცის, თუკი ადამიანებამდე მივიდა ინფორმაცია, ისინი იქნებიან ძალიან კონკურენტულ გარემოში. ეს მათ არ უნდათ, რადგან არიან სახელმწიფო აღმშენებლობაში და ამ აღმშნებლობაში დემოკრატიისთვის ადგილი არ არის. ვწუხვარ, რომ ხელისუფლება, რომელიც ამ ღირებულებებით მოვიდა, შემდეგ მიხვდა რომ ავტორიტარულად მართვა უფრო ადვილია და ამის შემდეგ მათთან ურთიერთობა შეუძლებელი გახდა”, - აღნიშნა დანელიამ.
მსჯელობა დაასრულა ჯოშუა ფრიდმანმა, რომლის აზრით, საქართველო ახალგაზრდა დემოკრატიის ქვეყანაა და ასეთ დროს ინფორმაციის გავრცელების შესაძლებლობას განსაკუთრებული როლი ენიჭება.
“ძალიან მნიშვნელოვანია ობიექტური ინფორმაციის გავრცელება. მიუხედავად იმისა, რომ ამაში ხელი გეშლებათ, იმ ენთუზიაზმის საშუალებით რომელიც დღეს აქ დავინახე, ვფიქრობ მაინც შეძლებთ თქვენი საქმის გაკეთებას”, - მიმართა მან ჟურნალისტებს.