შემოგვიერთდი

28.06.2012 09:02

„პოლიტიკა აბსოლუტურად არ გვაინტერესებს, ეს ჩვეულებრივი ბიზნესია“ - „ბლექ სი სატის“ გენერალური დირექტორი

მაია წიკლაური
ინტერვიუ
მამუკა ცქიტიშვილი -

სატელიტური კომპანია „ბლექ სი სატი“, რომელიც უკვე ერთი თვეა ფუნქციონირებს, საზოგადოებაში განხილვის საგანი რამდენჯერმე გახდა. ტელეკომპანიებმა „რუსთავი 2“-მა და „იმედმა“ საკაბელო პროვაიდერ „გლობალ TV“-სთან ურთიერთობის გაწყვეტის მთავარ მიზეზად „ბლექ სი სატი“ დაასახელეს.  იყო თუ არა ეს „ბლექ სი სატის“ მენეჯმენტის მოთხოვნა, რატომ არ შევიდა „მეცხრე არხი“ მის სამაუწყებლო პაკეტში და რატომ გახსნა კომპანიის პრეზენტაცია ვიცე პრემიერმა გიორგი ბარამიძემ, ამ თემებზე Media.Ge „ბლექ სი სატის“ გენერალურ დირექტორ მამუკა ცქიტიშვილს ესაუბრა:

სხვადსხვა ვერსია გავრცელდა, თუ რატომ არ არის თქვენს პაკეტში „მეცხრე არხი“.  არხის დირექტორმა განაცხადა, რომ თქვენი შეთავაზებით, შესაძლებელი ხდებოდა სურვილის შემთხვევაში „მეცხრე არხი“სატელიტიდან საერთოდ გამოგერთოთ. რა მოხდა „მეცხრე არხთან“ დაკავშირებით?

„მეცხრე არხს“ ხელშეკრულება აქვს „თურქსატთან“. მე იმათ გამორთვას და ჩართვას ვერ გადავწყვეტდი. ჩვენ ვთხოვდით [„მეცხრე არხის“], რომ როგორც „მაესტრო“, როგორც „კავკასია“, „რუსთავი 2“ და სხვა არხები  პარალელურ რეჟიმში აგვეყვანა სატელიტზე. ის თავის მხრივ სატელიტიდან შეუზღუდავად გავრცელდებოდა. მე რომც გამომერთო, მაინც იქნებოდა „თურქსატზე“ და ისევე იმაუწყებლებდა, როგორც ახლა მაუწყებლობს. არ სურთ მათ ჩვენთან ურთიერთობა, რაც მათი გადასაწყვეტია. „მაესტროს“ სურდა და არის ჩვენს პაკეტში.

 „ბლექ სი სატს“ მისი გამოჩენის დღიდან მთავრობასთან აკავშირებენ. რა არის თქვენი კომპანიის ინტერესი?

პოლიტიკა აბსოლუტურად არ გვაინტერესებს. ეს არის ჩვეულებრივი ბიზნესი,  ბევრი დავხარჯეთ  და გვინდა ფული ამოვიღოთ. ეს არის ჩვენი გეგმა და მიზანი. პოლიტიკაში ჩართვას არ გვაიძულებს არავინ და ხელოვნურად ცდილობენ დაკავშირებას.

მთავრობასთან დაკავშირება, ალბათ, იმიტომაც მოხდა, რომ თქვენი კომპანიის პრეზენტაციაზე ვიცე პრემიერი, გია ბარამიძე იმყოფებოდა და გარკვეული განცხადებები გააკეთა?

საქართველოში ყველა კარგ პროექტს ხსნის პრეზიდნეტი,  პრემიერ მინისტრი და ბიზნესის სტიმულირებას ახდენს.  საქართველოს ტერიტორიაზე გაკეთდა ტელეპორტი, რაც ნიშნავს იმას, რომ სატელიტზე გასვლა იქნება ბევრად უფრო ხარისხიანი, რადგან გადადის უფრო მაღალ MPEG4 ფორმატში,  მოდის უფრო ძლიერი სიგნალი.

პრეზენტაციისთვის ჩამოვიდნენ ჩვენი პარტნიორები „თურქსატიდან“. იმ პერიოდში საქართველოში იმყოფებოდა თურქეთის ვიცე პრემიერი. მან პრეზენტაციაზე დასწრებისსურვილი გამოთქვა, ბუნებრივია, რომ პროტოკოლის თანახმად საქართველოს ვიცე პრემიერიც დაესწრო.

„იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა საკაბელო კომპანია „გლობალ TV”-ის პაკეტიდან ამოღება მოსთხოვეს და მიზეზად თქვენთან თანამშრომლობა დაასახელეს. ამ კომპანიასთან  ურთიერთობის გაწყვეტა თქვენი მოთხოვნა იყო, თუ ტელეკომპანიების ინიციატივით მოხდა?

ჩვენი მოთხოვნა არც შეიძლება ყოფილიყო. მათი გადაწყვეტილება იყო. კერძო კომპანიები არიან და მე უფლება არ მქონდა მათ საქმიანობაში ჩავრეულიყავი.

ციფრული რადიო სარელეო ქსელის აგებას აპირებთ, რა ტიპის მომსახურებას გაუწევთ ტელეკომპანიებს?

ჩევნ გვაქვს რადიოსარელეო სიხშირეები თბილისიდან ბათუმამდე და უკან. ამით დაინტერესებული არიან ტელევიზიები, რომლებიც ქუჩიდან პირდაპირ ჩართვებს აკეთებენ. სატელიტიდან ამის გაკეთება ცოტა უფრო ძვირი ჯდება. ამიტომ თუ საქართველოს ტერიტორიაზეა ჩართვა და  ეს სარელეო ხაზები სწვდება, ტელეკომპანიებს  ამ ქსელით სარგებლობა ურჩევიათ.

მალე საქართველოს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა უწევს. თუ გაქვთ კონკრეტული გეგემები ციფრულ მაუწყებლობასთან დაკავშირებით? გამოითქვა მოსაზრება, რომ მულტიპლექსს „ბლექსი სატი“ ააგებდა.

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლაზე რა პროექტიც აქვს სახელმწიფოს, ჩვენ იმასთან კავშირი არ გვაქვს. მე შემიძლია გითხრათ, რომ „ბლექ სი სატის“ აბონენტი ციფრულ სიგნალსაც უპრობლემოდ მიიღებს და არაფრის შეცვლა არ დასჭირდება.

პარლამენტი უახლოეს დღეებში Must carry-ის მიღებას გეგმავს.  სავალდებულო ტრანზიტი „ბლექ სი სატსაც“ ეხება?

ჯერ ერთი, ჩვენ უარს ჩართვაზე არავის ვეუბნებით, ვინც დაინტერესებული იყო ყველა ჩავრთეთ. მეორეც, სატელიტური კომპანია ვართ და მე როგორც ვიცი, ეს კანონი მხოლოდ საკაბელო კომპანიებზე ვრცელდება.

ამჟამად „ბლექ სი სატს“ რამდენი არხი აქვს ჩართული და რა სახის პაკეტებს სთავაზობს მომხმარებელს?

პირველი სისტემა ეს არის  სატელიტიდან გავრცელება. ეს პროცესი დასრულებულია და მომხმარებელს უკვე ვაწვდით 28 ქართულ არხს. მათი ჩამონათვალი ჩვენს ვებ-გვერდზეა. მათ შორისაა ჩვენი „ბლექ სი სატ ინფო“, სადაც მომხმარებელს ავუხსნით, თუ როგორ მიიღონ არხები და გამოიყენონ ჩვენი რესივერები.  ეს პაკეტი თვეში ათი ლარი ღირს.

მეორე სისტემა ესაა MVDS, რომლის საშუალებითაც 72 უცხოურ არხს საწყის ეტაპზე მხოლოდ თბილისში, შემდეგ კი საქართველოს ყველა დიდ ქალაქში გავავრცელებთ. ნელ ნელა ას არხამდე შევავსებთ. MVDS  არასატელიტური სისტემაა. სიგნაილის მიღება ამ დროსაც თეფშების საშუალებით ხდება, თუმცა ეს თეფშები არასატელიტურია. ამ პაკეტის ღირებულება თვეში 25 ლარი იქნება.

28 ქართული არხის მიღება რომელ ტერიტორიაზე იქნება შესაძლებელი?

სატელიტური სისტემით ჩვენ ვფარავთ საქართველოს მთელ ტერიტორიას, ასევე მის ევროპის მთლიან კონტინენტს და ცენტრალურ აზიას. ადამიანს, რომელსაც აქვს სატელიტური თეფში და ექვს ქართულ არხს უყურებს, შეუძლია გახდეს ჩვენი აბონენტი და იმავე თეფშით და ჩვენი რესივერით 28 ქართულ არხს უყუროს.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test