10.07.2012 11:57
ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტები - ბოლო ერთი წლის არასრული სტატისტიკა
მაია წიკლაური
საუბრები მედიაზერამდენიმე დღეა ტელეკომპანია „მეცხრე არხისა“ და მისი კუთვნილი საინფორმაციო სააგენტო „ინფო 9“-ის ჟურნალისტებს „მედია ჯგუფის“ „რეალ ტივისა“ და KK info.net-ის სახელით უცნობი პირები დასდევენ, მაპროვიცირებელ კითხვებს უსვამენ და როგორც ჟურნალისტები ამბობენ, მუშაობაში ხელს უშლიან. გარდა ამისა, ბოლო პერიოდში ჟურნალისტებს საქმიანობაში ხელს უცნობი პირებიც უშლიან და მათ ხან სიტყვიერ და ხანაც ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ. ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის შესახებ მედიის წარმომადგენლებმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში არაერთხელ განაცხადეს და მთავარ პროკურორსაც საქმის გამოძიების შესახებ არაერთხელ მიმართეს. კონკრეტული ფაქტების გამოძიების რეკომენდაციით პროკურატურას სახალხო დამცველმა, გიორგი ტუღუშმაც მიმართა, თუმცა ამ საქმეებს უმეტეს შემთხვევაში გაგრძელება არ მოჰყოლია.
მსგავსი ფაქტების ნაწილი Media.Ge-მ გააშუქა. გთავაზობთ, ბოლო ერთი წლის მანძილზე ჟურნალისტებისათვის მუშაობაში ხელშეშლის ფაქტების ჩამონათვალს, რომელიც ჩვენს ხელთ არსებული მასალების მიხედვით მოვამზადეთ. Media.Ge-ს არ აქვს პრეტენზია, რომ ეს მონაცემები სრულყოფილია. ასევე ამ ჩამონათვალში არ მოხვდა „ფოტოგრაფების საქმე“,რომელსაც გრიფით საიდუმლო ადევს და დღემდე არ იცის საზოგადოებამ, თუ რა მოხდა რეალურად.
- 2011 წლის 26 მაისს ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქციის დაშლისას ჟურნალისტები დაზარალდნენ, დაზიანდა მათი აპარატურაც. "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" პროკურატურას სულ 16 ჟურნალისტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ჟურნალისტების ნაწილმა სასამართლოში იჩივლა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასამართლო მოუგო, თუმცა შსს-ს დაკისრებული თანხა არ გადაუხდია
- 2011 წლის 30 სექტემბერს ქალაქ თელავში საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა „კახეთის საინფორმაციო ცენტრის“ ჟურნალისტისათვის კამერის წართმევა სცადა და გადაღების საშუალება არ მისცა. რეპორტიორი ამ დროს „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ დეპუტატობის კანდიდატის წარდგენას აშუქებდა.
- 2011 წლის 25 სექტემბერს ტელეკომპანია „მაესტროს წამყვანი შალვა რამიშვილი ყვარელში დააკავეს. ის პრეზიდენტის კუთვნილი სახლის სიახლოვეს იმყოფებოდა, როდესაც სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა რამიშვილსა და მის გადამღებ ჯგუფს ძალის გამოყენებით დაატოვებინეს ტერიტორია. წამყვანის განცხადებით, შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენის გარეშე ვიდეო აპარატურა ჩამოართვეს, რომელიც მოგვიანებით დაუბრუნეს.
- 2011 წლის 31 ოქტომბერს ქუთაისელ ფოტოგრაფს, რობერტო ქველინის, უცნობი პირების ოთხკაციანმა ჯგუფმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ფოტოგრაფი მისი ცემის ფაქტს 3 ოქტომბრის ფოტოსესიას უკავშირებს. მაშინ ქველინიმ, მეგობარი გოგოს შიშველი ფოტოები ქუთაისში, მდინარე რიონის პირას გადაიღო.
- 2011 წლის 6 ნოემბერს „კახეთის საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელმა, გელა მთივლიშვილმა პირად ელექტრონულ ფოსტაზე კახეთის საოლქო პროკურატურის ყოფილი პროკურორისგან მუქარის წერილი მიიღო. ჟურნალისტი აღნიშნულ ფაქტს მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს.
- 2011 წლის ნოემბერში მუქარის შემცველ შეტყობინებებს იღებდა ტელეკომპანია „თრიალეთის“ ჟურნალისტი ლადო ბიჭქაშვილიც.
- 2011 წლის 20 ნოემბერს, გაზეთ ,,ბათუმელების“ დირექტორმა, მზია ამაღლობელმა დაადგინა პიროვნება, რომელიც მისი თქმით, გაზეთის საგამოძიებო ჯგუფის კოორდინატორს, თედო ჯორბენაძეს აშანტაჟებდა. მათ გამოიძახეს საპატრულო პოლიცია, რომელმაც ადგილზე წერილობითი დოკუმენტი არ შეადგინა. გაზეთ ,,ბათუმელების” წარმომადგენლებმა განცხადებით მიმართეს საქართველოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორს და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს. თედო ჯორბენაძის მიმართ განხორციელებული ქმედების ფაქტზე გამოძიება დასრულებული არ არის.
- 2011 წლის 30 ნოემბერს ტელეკომპანია „მაესტროს“ მმართველი „რუსთავის მედიის მართვის“ კომპანიის დირექტორი, ეროსი კიწმარიშვილი მაუწყებლის შენობაში გადაძვრა და შენობის ნაწილი დაიკავა, დამფუძნებელი მამუკა ღლონტი ჟურნალისტების ნაწილთან ერთად სტუდიაში შეიკეტა. ტელეკომპანიის მაუწყებლობა რამდენიმე საათით შეწყდა. ღლონტმა და ჟურნალისტებმა მაუწყებლობა რადიო „მაესტროს“ სტუდიიდან განაახლეს და ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლისთვის სასამართლოს მიმართეს. საქმე არ განხილულა.
- 2012 წლის 6 აპრილს მედია ჯგუფი „აჭარა P.S.“-ის ჟურნალისტ სულხან მესხიძეს საბანკო კრედიტების გამო მოქალაქეთა გამოსახლების პროცესის გადაღებისას ქობულეთის პოლიციის უფროსმა, დავით ბეჟანიძემ, ხელი დაარტყა და ვიდეო კამერის წართმევა დაუპირა.
- 2012 წლის 2 მაისს ქუთაისის გაზეთ „P.S.“-ის ჟურნალისტს, ირაკლი ვაჩიბერაძეს, ქუთაისში საქართველოს პრეზიდენტის დაცვის წევრებთან პრობლემები შეექმნა, 3 მაისს კი უთანხმოება - შს მინისტრ ვანო მერაბიშვილის და პარლამენტის ვიცე-სპიკერ მიხეილ მაჭავარიანის დაცვის წევრებთან მოუვიდა. ინციდენტი ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერის თეატრში მოხდა, სადაც ვანო მერაბიშვილი და ვიცე-სპიკერი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებთან დახურულ შეხვედრას მართავდნენ.
ჟურნალისტის მონათხრობით ირკვევა, რომ შეხვედრის მიმდინარეობისას მან საუბრის ჩაწერა საკუთარი მობილურით დაიწყო და ყურადღება მიიქცია. დაცვის წევრებმა ის ფოიეში გამოიყვანეს და სცემეს.
- 2012 წლის 11 მაისს საგამოძიებო სტუდია GNS-ის ოპერატორს, ზურაბ პატარიძეს დუშეთის მუნიციპალური გამგეობის დაცვის სამსახურმა შენობის გადაღების საშუალება არ მისცა. GNS-ის ჟურნალისტ ბელა ზაქაიძის თქმით, დაცვის წევრმა ოპერატორს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, კამერაზე ხელი აუფარა და დაემუქრა.
- 2012 წლის 20 მაისს თიანეთის პოლიციის შენობის გადაღების დროს კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი დააკავეს. ჟურნალისტის თქმით, პოლიციელებმა ის ცემეს და ადვოკატთან დაკავშირების უფლებას არ აძლევდნენ. ინციდენტი დაახლოებით ერთი საათის შემდეგ დასრულდა, როცა მთივლიშვილი ჯანმრთელობის გაუარესების გამო ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მთივლიშვილმა პროვოკაცია მოაწყო.
- 2012 წლის 7 ივნისს “ინფო 9”-ის წალენჯიხის ჟურნალისტს, გოჩა ნაჭყებიას და მის ოპერატორს, გოჩა სარიას უცნობი პირები ანგარიშსწორებით დაემუქრნენ, თუ ისინი სააგენტოსთვის მუშაობას არ შეწყევეტდნენ და ქალაქს არ დატოვებდნენ.
- ჟურნალსტურ საქმიანობაში ხელის შეშლის გამო გამოძიების დაწყება მოითხოვა ტელეკომპანია „მეცხრე არხმა“. შემთხვევა 2012 წლის 12 ივნისს მოხდა. „მეცხრე არხის“ ზუგდიდის ბიუროს ჟურნალისტი პაატა ლაგვილავა ამბობს, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორულუში ბიძინა ივანიშვილის მოსახლეობასთან შეხვედრას იღებდა. აღნიშნულ შეხვედრაზე ლაგვილავას ცნობით, ორმოცამდე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და საკრებულოს თანამშრომელი იმყოფებოდა. როდესაც მათთვის კითხვების დასმა დააპირა, საკრებულოს მთავარმა სპეციალისტმა, ირაკლი მიქაიამ ჯერ კამერას, შემდეგ მიკროფონს სტაცა ხელი და წართმევა დაუპირა. საკრებულოს მეორე მთავარი სპეციალისტი, ლადო სულუხია და იურისტი, დავით ჭანტურიაც ასეთივე აგრესიულობით გამოირჩეოდნენ. ჟურნალისტის ცნობით, ამ ინციდენტის შემდეგ, 13 ივნისს, მან საკრებულოს შენობაში შესვლა ვერ შეძლო.
- 2012 წლის 13 ივნისს საინფორმაციო სააგენტო “ინფო 9”–ის ჟურნალისტს და ოპერატორს გორის რაიონის სოფელ დიცში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. გადამღები ჯგუფი სოფელში წყლის პრობლემის გასაშუქებლად იყო ჩასული. ჟურნალისტმა შორენა გონგლაძემ კომენტარისთვის სოფლის რწმუნებულს, ზურაბ ბოლაშვილს მიაკითხა. თავიდან რწმუნებული კომენტარზე უპრობლემოდ დათანხმდა, მაგრამ მოგვიანებით, როცა “ინფო 9”–ის ლოგო შეამჩნია, კამერის გამორთვა და გადამღები ჯგუფისგან ტერიტორიის სასწრაფოდ დატოვება მოითხოვა.
ჟურნალისტის თქმით, სოფლის თავკაცს მალე სამოქალაქო ფორმიანი თანასოფლელები მიეხმარნენ და გადამღებ ჯგუფს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ეს ყველაფერი კი პოლიციელების თვალწინ ხდებოდა, რომლებსაც ინციდენტის განმუხტვა არ უცდიათ. ოპერატორი თორნიკე თიბილაშვილი იხსენებს, რომ შეხლა–შემოხლისას მოულოდნელად თავში გაურკვეველი საგანი მოხვდა და მცირე დაზიანება მიიღო.
- 2012 წლის 18 ივნისს ტელეკომპანია „თრიალეთმა“ განაცხადა, რომ მის გადამღებ ჯგუფს სურამში თავს დაესხნენ. “თრიალეთის” ჟურნალისტები წყალდიდობით დაზარალებულ მოსახლეობას ესაუბრებოდნენ, როცა მათთან უცნობი პირი მივიდა. მან გადაღების შეწყვეტა და ადგილის დატოვება მოსთხოვა. მოგვიანებით ადგილობრივმა მოსახლეობამ განაცხადა, რომ ეს პირი პოლიციელი შალვა ხაჩიძე იყო.
- 2012 წლის 26 ივნისს, მერეთში ხელისუფლებისა და ოპოზიციის მომხრეებს შორის გამართულ ჩხუბში ჟურნალისტებიც დაზარალდნენ. ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ ჟურნალისტის, ნოდარ სხირტლაძის თქმით, მას და მის ოპერატორს უცნობი პირები აგრესიულად ექცეოდნენ და ხელს ურტყამდნენ. დაპირისპირების დროს დაზიანდა საინფორმაციო სააგენტო "ინფო 9"-ის მანქანაც.
- 2012 წლის 26 ივნისს ქარელის რაიონის სოფელ დირბში ხელისუფლების მომხრეებსა და ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერებს შორის ჩხუბი დაიწყო. ხელისუფლების მომხრეები შეურაცხყოფას აყენებდნენ საინფორმაციო სააგენტო „ინფო 9“–ის გამაღებ ჯგუფსაც და გადაღების შეწყვეტას მოითხოვდნენ. რამდენჯერმე ხელი კამერას დაარტყეს.
- 2012 წლის 27 ივნისს გაზეთმა „რეზონანსმა“ სარედაქციო სტატია გამოქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ მის ჟურნალისტს, მარი ოთარაშვილს წეროვანის დევნილთა დასახლებაში არსებული ახალგორის კულტურის სახლის დირექტორი, გიორგი ეკალაძე დაემუქრა.
- 2012 წლის 4 ივლისს, გორის რაიონის სოფელ წედისში, „ინფო 9“-ის გადამღებ ჯგუფს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ჟურნალისტი რეზო ნადირაძე და ოპერატორი ლექსო ალექსიძე სოფელში საპროტესტო აქციის გასაშუქებლად იყვნენ ჩასულები. მათთან მოულოდნელად უცნობი მანქანა მივიდა, იქიდან გადმოსულმა ერთ–ერთმა პირმა ხელი მიკროფონს ჩაარტყა. როცა ჟურნალისტი დაინტერესდა, თუ ამას რატომ აკეთებდა, მეორე პირმა ჟურნალისტს და ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
- 2012 წლის ივნისის ბოლოს ერთი კვირის განმავლობაში „ინფო 9-ს“ ზესტაფონის ბიუროს ჟურნალსიტს ეკატერინე დუგლაძეს საინფორმაციო სააგენტო „მედია ჯგუფის“ ეკიპირებით 7 კაციანი ჯგუფი კამერებით დასდევს, კითხვებს უსვამს და მუშაობის საშუალებას არ აძლევს.
- 2012 წლის 6 ივლისს გარდაბანში „ინფო 9-ს“ ჟურნალისტ, ნინო ბასიშვილს პროვოკაციული კითხვები დაუსვეს და მუშაობის საშუალება არ მისცეს სააგენტო KKinfo.net-ის წარმომადგენლებმა
- 2012 წლის 8 ივლისს გურიაში ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ ბათუმის ბიუროს ჟურნალისტ ნათია როყვას „რეალ ტივის“ ჟურნალისტი პროვოკაციულ შეკითხვებს უსვამდა და მუშაობაში ხელი შეუშალა.
- 2012 წლის 9 ივლისს გორის რაიონის სოფელ ახალდაბაში საინფორმაციო სააგენტო „ინფო 9“-ის ოპერატორი, თორნიკე თიბილაშვილი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაშავდა. სოფელ ახალდაბაში ერთმა პიროვნებამ სააგენტო „ინფო 9“–ის ოპერატორს, თორნიკე თიბილაშვილს ჯერ გადაღების შეწყვეტა მოსთხოვა, შემდეგ კი მუშტი სახეში ჩაარტყა. თიბილაშვილი ოპოზიციისა და ხელისუფლების მომხრეებს შორის შეხლა-შემოხლას იღებდა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევასა და ხელშეშლას კრძალავს, მიუხედავად ამისა, ამ მუხლით ბოლო ერთი წლის განმავლობაში არავინ გასამართლებულა.