შემოგვიერთდი

18.07.2012 09:09

საზოგადოებაში მედიის როლის გაცნობიერებას თაობების ცვლა სჭირდება - მეთიუ შელი

მაია წიკლაური
ინტერვიუ
Matt Shelley (photo: )

IREX- ის G-MEDIA პროგრამის ხელმძღვანელი, მეთ შელი საქართველოს რეგიონებში იმყოფებოდა და რეგიონული მედიასაშუალებების წარმომადგენლებს შეხვდა. რა პრობლემები გამოიკვეთა ამ შეხვედრების დროს და ზოგადად როგორ აფასებს ის დღეს ქართულ მედიაში არსებულ ვითარებას? რა კუთხით აპირებს IREX-ი მედიის განვითარების ხელშეწყობას საქართველოში? - ამ და სხვა საკითხებზე Media.Ge ბატონ შელის ესაუბრა.

 

ბატონო მეთ, რა მიზანს ისახავდა თქვენი ვიზიტი რეგიონულ მედიასაშუალებებში?

სამი თვეა საქართველოში ვარ და ინფორმაციის მისაღებად ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო წავსულიყავი რეგიონებშიც, შევხვედროდი მედიასაშუალებების წარმომადგენლებს, გამეგო როგორ მუშაობენ. ამ შეხვედრებმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რადგან ისინი ძალიან მძიმე და რთულ პირობებში თავდადებით მუშაობენ და იმ ფასეულობებს იცავენ, რასაც ჩვენ ვაფასებთ - თავისუფალ მედიას და პროფესიულ ჟურნალისტიკას.

რა პრობლემები გამოიკვეთა ამ ვიზიტების დროს?

ერთ- ერთი მთავარი პრობლემა, რაზეც მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა გაამახვილეს ყურადღება, იყო საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის სირთულე. ამბობენ, რომ მათთვის არა მხოლოდ საჯარო ინფორმაცია, არამედ საჯარო დაწესებულებებში შესვლა და საჯარო პირებთან კონტაქტიც პრობლემაა. ზოგან ხალხია დაშინებული და არ ესაუბრება მედიას. არის რეკლამის პოტენციურ დამკვეთებზე ზეწოლის შემთხვევებიც, თუკი ისინი დამოუკიდებელ მედიას მხარს უჭერენ, რეკლამის განთავსების სახით. აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში საჯარო ინფორმაციზე ხელმისაწვდომობის მხრივ განსხვავებული ვითარებაა.

აღმოსავლეთში ჟურნალისტები ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში, საჯარო პირები ხშირად თანხმდებიან ინტერვიუს და პრობლემებზე საუბარს, საჯარო ინფორმაციაც მეტად ხელმისაწვდომი გახდა მათთვის, ვიდრე ეს ადრე იყო. დასავლეთ საქართველოში, ამ მხრივ, საჯარო სტრუქტურების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ ჯერ კიდევ ანტაგონისტური დამოკიდებულებაა.

რა თქმა უნდა, არის განათლების და პროფესიონალიზმის პრობლემაც. თუმცა, შთამბეჭდავია ჩემთვის აგრეთვე ის ფაქტი, რომ გამომცემლები ჟურნალისტების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნავენ. ამას ყველგან და ხშირად ვერ ნახავთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო იმის დანახვაც, რომ მედიასაშუალებები მინიმალური რესურსის მიუხედავად პასუხისმგელობით ეკიდებიან საქმეს.

როგორ შეაფასებთ მედიის მდგომარეობას მთლიანად საქართველოში, რა პრობლემები აქვს მას და როგორ შეიძლება მათი გამოსწორება?

საკუთარ თავს ამ სფეროში ექსპერტად არ მივიჩნევ, რადგან ამისათვის ჩემი აქ ყოფნის სამი თვე საკმარისი არ არის. თუმცა, რაც ჩემთვის გამოიკვეთა, არის ის, რომ მედია პოლარიზებელია. ერთი ნაწილი სამთავრობოა,  მეორე ოპოზიციური და მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილია შუაში მოქცეული. დემოკრატია კი, გულისხმობს საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელ მედიას, რომლისთვისაც ხელმისაწვდომია საჯარო ინფორმაცია, შეუძლია ამბის თავისუფლად გაშუქება, ხალხს კი მრავალი არხის, გაზეთის გაცნობის შესაძლებლობა აქვს, საიდანაც მართალ, ზუსტ და დაბალანსებულ ინფორმაციას მიიღებს. ამის შემდეგ ის თავად გადაწყვეტს ეს პროპაგანდაა თუ ინფორმაცია.

ვფიქრობ, ამისათვის დრო არის საჭირო. თანდათან ყველა მიხვდება - ჟურნალისტები იმისათვის არიან, რომ ხალხისთვის ხელმისაწვდომი გახადონ ინფორმაცია, რის საფუძველზეც საზოგადოება ჩამოიყალიბებს აზრს, როგორი უნდა იყოს მთავრობა და როგორი საზოგადოება. ამას თაობების ცვლა სჭირდება. ახალგაზრდა ჟურნალისტები, რომლებიც ახლა აცნობიერებენ ამას და რამდენიმე წელიწადში გახდებიან რედაქტორები, ის თაობაა, რომლებიც ასეთ ცვლილებებს მოახდენენ. დრო არის საჭირო, რომ პოლიტიკოსები, მედიის მფლობელები, გამომცემლები და საზოგადოება დარწმუნდეს, რომ მედიის როლი დემოკრატიაში საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებით, დებატების ფორმის შეთავაზებით განისაზღვრება. ამ ყველაფერზე დაყრდნობით კი ხალხს საკუთარი გადაწყვეტილების მიღება შეუძლია.

დღეს იკვეთება ტენდენცია, როცა ე.წ. შუაში მყოფი მედია არსებობს გრანტების ხარჯზე და დაფინანსების შეწყვეტის შემდეგ, არსებობა უჭირს. როგორ ფიქრობთ, აქვთ ამ მედიებს დღევანდელ ვითარებაში წარმატებულ ბიზნესად ქცევის შანსი?

რა თქმა უნდა, აქვთ და ჩვენ ვართ აქ იმიტომ, რომ ეს შანსი არსებობს. მაგალითად, უკვე გვაქვს შემთხვევები, როცა ზოგიერთი მედიასაშუალების ფინანსური მდგომარეობა უმჯობესდება. იყო შემთხვევაც, როცა პროგრამა აღმოჩნდა იმდენად საინტერესო საზოგადოებისა და რეკლამის დამკვეთებისთვის, რომ გრანტის ამოწურვის შემდეგ, პროგრამამ საკუთარი თავის რჩენა შეძლო. ასეთი შემთხვევები გვაძლევს იმედს, რომ  ეს შესაძლებელია.

თქვენი აზრით, რამდენად წარმატებით იმუშავა მედიასაშუალებების იმ პროგრამებმა, რისთვისაც თქვენ გრანტები გაეცით?

ზემოთ უკვე ვახსენე, რომ ფინანსური თვალსაზრისით გარკვეული წარმატებები არის. რაც შეეხება შინაარსს, ის შეიძლება არ იყოს ფინანსურად ყოველთვის მომგებიანი, მაგრამ მედიასაშუალების განვითარებაში და ფუნქციონირებაში დიდი  წვლილი შეაქვს. გვქონია პროგრამა, რომელიც არ იზიდავდა რეკლამას, მაგრამ შესანიშნავი იყო შინაარსობრივად. ვფიქრობ, საბოლოოდ მედია ისეთ პროგრამებს შექმნის, რომელიც ეკონომიკურადაც წარმატებული იქნება. თუმცა, ამავდროულად, ისიც გვესმის, რომ ფული მოაქვს გასართობ პროგრამებს და არა იმ მასალას, რომელსაც ჩვენ ვაფინანსებთ - ჟურნალისტურ გამოძიებას, დოკუმენტურ ფილმებს, ახალი ამბების ჟურნალსტიკას.

რომელი სფერო იქნება თქვენთვის პრიორიტეტული მომავალში? რის განვითარებას შეეცდებით?

მომავალში გავაგრძელებთ ჟურნალისტური განათლების მხარდაჭერას პროფესიული ჟურნალისტების ტრენინგების გზით, გავცემთ გრანტებს წარმოების კუთხით, ბიზნესის განვითარებისთვის, რომ მედიასაშუალებები გამყარდნენ და აგრეთვე მედიის უფლებადამცველი ორგანიზაციებისთვის.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test