შემოგვიერთდი

20.07.2012 15:16

პირველი სააგენტო ქართველი ფოტოგრაფებისთვის

მაია წიკლაური
ახლო ხედით

Georgianphotographers.com - ვებ-გვერდია, სადაც ქართველი ფოტოგრაფების ნამუშევრებია წარმოდგენილი და რომელიც ქართველ ფოტოგრაფთა პირველ სააგენტოდ გარდაქმნას გეგმავს.

ვებ-გვერდი 2012 წლის 11 ივლისს ამუშავდა და დღეს აქ თხუთმეტი ქართველი ფოტოგრაფის მოკლე ბიოგრაფიები და ნამუშევრებია წარმოდგენილი. აქ ის ფოტოგრაფები მოხვდნენ, ვისაც დღემდე მნიშვნელოვანი ნამუშევრები შეუქმნია. სულ ვებგვერდზე 20-მდე ქართველი ფოტოგრაფის ფოტოების გაცნობა იქნება შესაძლებელი.

ამ ეტაპზე ვებ-გვერდის პოპულარიზაცია სოციალური ქსელებით ხდება და მისი მთავარი სამიზნე უცხოური გამოცემებია, რომლებმაც საუკეთესო შემთხვევაში ქართველი ფოტოგრაფების ნამუშევრები უნდა შეიძინონ.

ვებგვერდი მარიკა ქოჩიაშვილის სადიპლომო ნამუშევარია, რომელიც გოლდსმითის უნივერსიტეტში ახალი მედიის პროგრამაზე სწავლობს. ამბობს, რომ სადიპლომოს მთავარი მოთხოვნა ორიგინალობა და ინოვაცია იყო. “რთული იყო ბრიტანეთში ისეთი რამის შექმნა, რაც ჯერ არ შექმნილა. ამიტომ გადავწყვიტე საქართველოზე გამეკეთებინა სადიპლომო, სადაც, მაგალითად, ფოტოგრაფთა სააგენტო არასოდეს ყოფილა და ინოვაციური იქნებოდა”, - ამბობს მარიკა. ფოტოგრაფებზე ყურადღების გამახვილება მან ამ სფეროსადმი განსაკუთრებული ინტერესის გამო გადაწყვიტა.

მარიკა ფოტოგრაფიით 21 წლის ასაკში დაინტერესდა და ჟურნალ “ლიბერალში” ჟურნალისტად და შტატგარეშე ფოტოჟურნალისტად მუშაობდა. ამჟამად სტაჟირებას სააგენტო Reuters-ში გადის და ამ დროის მანძილზე მისი ფოტონამუშევრები გამოქვეყნდა გაზეთებში Sunday Telegraph-სა და Wall Street Journal-ში.

“ჩემი აზრით, ვებ გვერდი საინტერესოა იმით, რომ ყველა ფოტოგრაფი ერთმანეთისგან განსხვავდება გამოცდილებით, ხელწერით, ინტერესებით. საბოლოო ჯამში ძალიან მრავალფეროვანი საიტი უნდა გამოვიდეს”, - ამბობს მარიკა.

ვებ-გვერდს ამ დროისთვის დღეში 200-250 უნიკალური ვიზიტორი ჰყავს. საიტის სტუმრების მხრივ პირველ ხუთეულშია საქართველო, დიდი ბრიტანეთი, ამერიკა, გერმანია და საფრანგეთი.

“შემოსულან აფრიკიდანაც, ზიმბაბვედან. შეიძლება თითო ვიზიტორი ყოფილა მხოლოდ, მაგრამ მაინც მიხარია, რადგან საიტის შესახებ ნელ-ნელა სხვადასხვა ადგილას იგებენ”, - ამბობს ქოჩიაშვილი, რომელიც ამჟამად ვებ-გვერდის როგორც პროგრამისტი, ისე მენეჯერია.

მისი სადიპლომოს დედლაინი სექტემბერში იწურება და ცდილობს, რომ მაქსიმალურ  შედეგს მიაღწიოს. შედეგი იქნება თუნდაც ერთი გამომცემლის მიერ რომელიმე ფოტოგრაფით დაინტერესება და მისი ნამუშევრის შეძენა.

სექტემბრიდან, მარიკა ქოჩიაშვილი მენეჯერიდან ვებ გვერდის ერთ-ერთ ფოტოგრაფად იქცევა. შეიცვლება ვებ-გვერდის მართვის სისტემაც, ყველა ფოტოგრაფი საკუთარ სივრცეზე იქნება პასუხისმგებელი.

ვებ-გვერდზე მასალები თითქმის ყოველდღიურად ახლდება. იმის გამო, რომ საქართველოში ზაფხული ნაკლებად აქტიურია ახალი ამბების მხრივ, ბევრი მასალა ჯერჯერობით არ აუტვირთავს და ის ფოტოგრაფების არქივის  ნამუშევრებით ფუნქციონირებს. თუმცა, მარიკა ფიქრობს, რომ ყველაზე მეტ ინტერესს მკითხველებში სწორედ ახალი ამებების ფოტოგრაფია გამოიწვევს.

“ვგეგმავ გადავიღო ოლიმპიადის ფოტოები და ვნახავ ვიზიტორების რა რაოდენობა იქნება ვებზე. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მათი რაოდენობა მოიმატებს”, - ამბობს მარიკა, რომელიც ფოტოგრაფებთან ინტერვიუების ჩაწერასაც გეგმავს. მისი აზრით, ასე მკითხველი მათ უკეთ გაეცნობა როგორც პიროვნული, ისე პროფესიული თვალსაზრისით. საიტზე განთავსდება მასალები ქართული ფოტოგრაფიის ისტორიის შესახებაც, რადგან მარიკას აზრით ქართველი ფოტოგრაფების ვებ-გვერდი ამ ინფორმაციის გარეშე წარმოუდგენელია.

ვების განვითარებისთვის მენეჯერს ბევრი იდეა აქვს,  თუმცა მათ განხორციელებაში ხელს პროგრამული ნიუანსების არცოდნა უშლის (მარიკას თეატრალური და ჟურნალისტური განათლება აქვს. ახალ მედიას ერთი წელია რაც სწავლობს). იდეები საიტის დიზაინის და ფუნქციების კუთხით აქვს. ფიქრობს დაფინანსების მოპოვებაზეც, თუმცა აღნიშნავს, რომ მისთვის ინვესტორის პოვნა რთული იქნება, რადგან ამ ყველაფერს დრო  სჭირდება, რომელიც მას ახლა არ აქვს.

“თუმცა იმდენი ვართ ფოტოგრაფები, რომ პირველ ეტაპზე ვებ გვერდის დიზაინის განვითარებაზე ალბათ ჩვენ თვითონ ვიზრუნებთ”, - ამბობს მარიკა.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test