შემოგვიერთდი

27.07.2012 15:33

ქართული ფოტოგრაფია ფოტობაზრის მოლოდინში

David Mchedlidze
საუბრები მედიაზე

„როცა რედაქციაში ვმუშაობდი, მთავარი პირობა იყო შენი კამერა გქონოდა. ეს უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე, ის, თუ რა დონის ფოტოებს იღებდი,“ – მარიკა ამურველაშვილი რამდენიმე წლის წინანდელ ამბებს იხსენებს. ჩვენ ერთად ვმუშაობდით „24 საათში“, იმ დღიდან, როცა გამოცემა პირველ ნაბიჯებს დგამდა.  „ადრე იმდენ გადაღებაზე მიხდებოდა წასვლა, რამდენსაც დამავალებდნენ,“ – აგრძელებს მარიკა, – „შეიძლებოდა, ყოფილიყო დღეში ორი ან დღეში – შვიდი და სხვადასხვა ხანგრძლივობის. მე ყოველთვის ისე ვმუშაობდი, როგორც თავად ვთვლიდი საჭიროდ. ახლაც ასეა. როცა დაკვეთაა, რა თქმა უნდა, ვცდილობ დამკვეთის აზრი გავითვალისწინო, მაგრამ ჩემი თავისუფლება არ უნდა შეიზღუდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება, გადაღებაზე სულაც უარი ვთქვა“.

ახლა მარიკა დამოუკიდებელი ფოტოგრაფია და სხვადასხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობს. შიგადაშიგ, ჟურნალებშიც აქვეყნებს ფოტოებს, როგორც წესი ეს ფოტოისტორიებია. საერთოდ, უყვარს გრძელვადიან პროექტებზე მუშაობა, რადგან მიიჩნევს, რომ ისინი უფრო სიღრმისეულ და საინტერესო შედეგს იძლევა, ვიდრა მოკლე დროში გადაღებული რეპორტაჟები. „კერძო დაკვეთებით შემოსული თანხის ნაწილით სწორედ ასეთ პროექტებს ვაფინანსებ,“ – ამბობს მარიკა – „საქართველოში ანაზღაურება იმდენად მცირეა, იმდენად არაადეკვატური, როგორც დოკუმენტალისტმა ფოტოგრაფმა, შეუძლებელია იარსებო. ამიტომ, ვცდილობ უცხოურ გამოცემებსაც მივაწოდო მასალა, უარი არ ვთქვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობაზე. იმედია, დროთა განმავლობაში, ქართული მედია მეტ ყურადღებას დაუთმობს დოკუმენტურ ფოტოს და ჩვენი საქმეც სათანადოდ დაფასდება.“

რამდენიმე გამოცემასთან თანამშრომლობს გამოცდილი ფოტოგრაფი, არაერთი ფოტოგამოფენის მონაწილე, გოგიტა  ბუხაიძე. „ქართულ მედიაში არსებული ანაზღაურება დაბალია, ამიტომ, რამდენიმე გამოცემასთან ვთანამშრომლობ,“ - ამბობს გოგიტა, - „ძირითადად, სპორტს და რეპორტაჟებს ვიღებ, ამიტომ, ნორმალურ პირობებში ვმუშაობ, რასაც ვერ ვიტყვი ფოტოგრაფებზე, რომლებიც პოლიტიკაზე მუშაობენ. ვიღებ საკუთარი კამერით. თუ სპორტში არდადეგები არაა, კვირაში 3-4 დღე მაქვს გადაღება. დრო და თავისუფლება საკმარისი მაქვს“.

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც პროფესიონალი ფოტოგრაფები ქართულ ბეჭდურ მედიასთან სრულფასოვნად არ თანამშრომლობენ, სწორედ დაბალი ანაზღურებაა. შედეგად, სამამულო პრესა სულ უფრო მეტად იყენებს უკვე გამოყენებულ ფოტომასალას და საძიებო სისტემებს, უფრო და უფრო ხშირად თანხმდება სამუშაოდ გამოუცდელი კადრის აყვანას, თვალშისაცემად  ეცემა მისი ვიზუალურობის დონე. არადა, ჟურნალი და გაზეთი არ არის მხოლოდ სტატია, საუკეთესო „ანკესი“ მკითხველის მისაზიდად კარგი ფოტოა. თუმცა, საქარველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა ფხაკაძე მიიჩნევს, რომ კარგი ფოტო მხოლოდ“ ანკესი“ არ არის.

„როცა გაზეთში, ჟურნალში, ერთი და იგივე ფოტომასალა ტრიალებს, მკითხველს შინაგანი პროტესტი უჩნდება. იგი ხვდება, რომ რედაქციისთვის სულერთია რა ფოტოთი მიაწვდის მას ამბავს და ასეთი გამოცემისადმი დამოკიდებულება ეცვლება. იმის გამო, რომ ფოტო ვიზუალური აღქმის ობიექტია, უკვე გამოყენებული ფოტოს დანახვამ მკითხველს, შეიძლება, გაუჩინოს შეგრძნება, რომ მასალა უკვე წაკითხული აქვს და მისი გადაფურცვლა აღარც მოინდომოს. მისდამი ინტერესის დაკარგვას რომ თავი დავანებოთ, გამოცემისთვის კარგი და ახალი ფოტოების ქონა პრესტიჟის საკითხია,“ - ამბობს კახა ფხაკაძე, - „ახლა, გადახედეთ გაზეთებს და ნახავთ, რომ რამდენიმე დღის წინ მომხდარი წყალდიდობის თემაზე მომზადებულ მასალებს შარშანდელი წყალდიდობის ფოტოები ახლავს. ამის მერე რა პრესტიჟზე, რა სარედაქციო პოლიტიკაზე  შეიძლება საუბარი?“

ფოტოგადაღების პროცესი კახა ფხაკაძისთვის მთელი ფილოსოფიაა. „ქართული ჟურნალ–გაზეთები, ძირითადად, იმითაა კმაყოფილი, რომ კადრი აქვს, მაგრამ მთავარი სულ სხვა რამაა - რამდენად ექსპრესიულია ფოტო, რამდენად გამომსახველობითია იგი, რამდენად ინფორმატიული,“ - განმარტავს საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის თავმჯდომარე, - „საკმარისია ორი განსხვავებული დონის ფოტოგრაფის მიერ გადაღებული ერთი და იგივე ამბავი იხილოთ, განსხვავებას მაშინვე დაინახავთ. ერთის ფოტო მიმზიდეველია, კადრი თამაშობს, ყურადღებას იქცევს, მეორესი კი ჩვეულებრივია, საინტერესოს არაფერს გეუბნება. პირველი მიიღწევა, უწინარესად, ნიჭით, ბევრი მუშაობით, პრაქტიქით.“

კიდევ ერთი მომენტი, რასაც კახა ფხაკაძე ფოტოგრაფის პროფესიონალიზმის ნიშნად მიიჩნევს, არის მისი უნარი, დამალოს საკუთარი დამოკიდებულება. „ბევრი, საქმეში ჩაუხედავი ადამიანი ვერ ხვდება, როგორ შეიძლება ფოტოში მოვლენისადმი დამოკიდებულება ჩანდეს, ფოტოა, რამე სხვა ხომ არ არისო. არადა, ასე არაა, ამის უამრავი მაგალითი არსებობს,“ - ამბობს იგი, - „კარგი ფოტოგრაფი ახერხებს, საკუთარი დამოკიდებულება, მიუხედავად იმისა, გულშემატკივრობს კონკრეტულ მოვლენას თუ არა, დამალოს, თავის ნამუშევარში არ გაამჟღავნოს. სწორედ ასეთი ფოტოა საინტერესო მედიისთვის, რომელიც თავადაც ობიექტურობას ინარჩუნებს. ასეთი პროფესიონალები ჩვენთან, ძირითადად, უცხოური გამოცემებისთვის მუშაობენ.“

ფოტორედაქტორი ლევან ხერხეულიძე კმაყოფილებით იხსენებს ბეჭდური ჟურნალი „ლიბერალის“ გამოცემის პერიოდს და აცხადებს, რომ მასთან მომუშავე ფოტოგრაფების არამარტო ნამუშევრებით, სამუშაო პროცესისადმი მათი დამოკიდებულებითაც კმაყოფილი იყო. „ყველა მათგანი იყო პროფესიონალი და დასახულ ამოცანებს ზედმიწევნით კარგად ასრულებდა. შემოქმედებითი თავისუფლება ჰქონდა ყველას, რადგამ ჩვენ შორის ყოველთვის არსებობდა სრული გაგება. მე ვენდობოდი მათ, ისინი კი, არ განიცდიდნენ  წნეხს ჩემგან,“ - ყვება ლევანი, - „ლიბერალს” საკმარისად დიდი ფოტოარქივი აქვს. როცა საჭირო ფოტომასალა არ მქონდა, მივმართავდი ”ინტერპრესნიუსს” ან  “როიტერს”. ჩვენთვის ფოტო არ განიხილებოდა ტექსტის დამატებად, ის იყო ღირებული ვიზუალური აქცენტი. ახლა ასეთი გამონაკლისი მხოლოდ „ტაბულაა“.

ერთ-ერთი  მთავარი მიზეზი იმისა, რომ ქართულ მედიაში ხარისხიანი ფოტო არ იბეჭდება, საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის თავმჯდომარის აზრით, ქვეყანაში შესაბამისი ბაზრის არარსებობაა. „შეიძლება, რედაქციას ურჩევნია, კონკრეტული მოვლენის ამსახველი კარგი ფოტო იყიდოს და არ შეინახოს ფოტოგრაფი, მითუმეტეს - დაბალი კვალიფიკაციის. სად უნდა გააკეთოს ეს, როგორ უნდა გააკეთოს?“ - სვამს კითხვას კახა ფხაკაძე, - „ფოტოჟურნალისტიკა მაშინ განვითარდება, როცა იარსებებს რეალური, კონკურენტუნარიანი ფოტობაზარი. როგორც კი ასეთი იქნება და ერთ გაზეთს  პროფრესიონალი ფოტოჟურნალისტი მოემსახურება, მეორე გაზეთი სასწრაფოდ იზრუნებს იმაზე, რომ თავისი პროდუქციის ჩავარდნილი  გაყიდვები, ასევე, ხარისხიანი, გამომსახველობით ფოტოთი ამოსწიოს.“

media.ge უკვე წერდა, ფოტოსააგენტოზე  www.georgianphotographers.com

რომელიც ქართველმა ფოტოგრაფებმა, ფოტოგრაფთა პირველ სააგენტოდ გარდაქმნის იმედით, შექმნეს. დღეს უკვე სატესტო რეჟიმში მუშაობს სხვა საიტიც  http://www.photostock.ge - პორტალი ინფორმაციული ტექნოლოგიების ინკუბატორის მხარდაჭერით შეიქმნა. ეს იქნება საერთაშორისო ინტერნეტდახლი ნებისმიერი ფოტოგრაფისა და ფოტოს ყიდვის მსურველისთვის. ახლა, საიტზე სატესტო ფოტოები დევს, თუმცა, უახლოეს ხანებში, იქ ავტორების რეგისტრაცია და ფოტოების ატვირთვა დაიწყება.

„აქ იქნება ყველა ზომის, შინაარსის, ფასის ფოტო, ფასს ავტორები საკუთარ ნამუშევარს თავად დაადებენ. ასე, კანონიერად მოგვარდება ეს საქმე,“ - ამბობს კახა ფხაკაძე, - „არსებობს ბევრი ასეთი უცხოური საიტი, მაგრამ ეს იქნებ ჩვენი, ქართული პორტალი, რომელიც შავი ზღვის აუზის ქვეყნებს გააერთიანებს. არ გამოვრიცხავ, რომ მისი საშუალებით ფოტოს წინასწარი შეკვეთაც მოხდეს, ამისთვის ჩვენ საიტზე შესაბამისი ანონსების დადებასაც ვაპირებთ. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს ყველაფერი - რეალური ფოტობაზრის შექმნა, ძირეულად  შეცვლის დამოკიდებულებას ფოტგრაფიისადმი საქართველოში.“

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test