შემოგვიერთდი

07.08.2012 06:10

“რუსთავი 2”-ს ვუყურებ, რადგან მას იმედიანი ინფორმაცია აქვს”, - ჩანაწერები სტეფანწმინდიდან

მაია წიკლაური
ჟურნალისტის ჩანაწერები
სტეფანწმინა (ყაზბეგის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი) (photo: )

სიტყვა “სატელიტური ანტენის” ხსენებაზე დაფრთხობა და ჩემი საეჭვოდ ათვალიერ- ჩათვალიერება, რასაც მოჰყვება ფრაზა - “ბიძინას ჩემთვის ანტენა არ უჩუქებია”, ხოლო შემდეგ გვარის დასახელებისგან თავის შეკავება - ის ტენდენციაა, რომელიც სტეფანწმინდელებთან (სტეფანწმინდა - დაბა, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი) გასაუბრების შემდეგ შევამჩნიე.

სტეფანწმინდაში ადგილობრივი მედია არ არის. აქაურები ინფორმაციას ტელევიზიით, ან დედაქალაქიდან ჩატანილი გაზეთებით იღებს. აქ თითქმის ყველა ოჯახს აქვს სატელიტური ანტენა.

ქალაქის ცენტრში პრესის ჯიხური დგას, სადაც გაზეთების - “კვირის პალიტრის”, “ასავალ-დასავალის”, “ახალი თაობის”, ჟურნალების - “სარკის” და “გზის” შეძენაა შესაძლებელი. გამყიდველი, ქალბატონი დოდო ამბობს, რომ ყოველდღე გაზეთების თითო, ან ორ ეგზემპლარს იღებს, საღამოს დახლზე კი არაფერი რჩება. ქალბატონი დოდოს თქმით, თავად ინფორმაციას როგორც გაზეთებიდან, ისე ტელევიზიით იღებს: “გაზეთების ვიდეო ვერსია არის ხოლმე ტელევიზორში, ამიტომ იქ უფრო გასართობ გადაცემებს - “ტატიშვილის შოუს” და ასეთ რაღაცეებს ვუყურებ”.

ის ერთადერთია ჩემს მიერ გამოკითხულ სტეფანწმინდელებს შორის, ვინც ინფორმაციას გაზეთებით იღებს, სხვა რესპონდენტები უპირატესობას ტელევიზიას ანიჭებენ. 

მაგალითად 52 წლის მიხეილი ამბობს, რომ ყველა არხზე მიუწვდება ხელი, თუმცა არცერთს ენდობა. “რუსთავი 2”, “იმედი” სულ სხვა რაღაცას ამბობენ ხოლმე, “მაესტრო” და “მეცხრე არხი” სულ სხვას, გამოდის რომ ჭორიკნობენ და სიმართლეს არ ამბობენ”, - განმარტავს ბატონი მიხეილი - “შეჩვეული ვარ და ამიტომ ვუყურებ ტელევიზორს, თორემ ინფორმაციას ნამდვილად არ ვიღებ, იქიდან ვერაფერს გაიგებ”. ამბობს, რომ სურს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ჰქონდეს ობიექტური ინფორმაცია. გაზეთებს არ კითხულობს, რადგან, მისი თქმით, ცხვრისა და ძროხის მოვლას ბევრი დრო უნდა, საკითხავად კი მას არ სცალია.

ბატონი მიხეილისგან განსხვავებით, 36 წლის ნინო ყველაზე მეტად ენდობა ტელეკომპანია “მაესტროს” ინფორმაციას. “სანამ თეფში მექნებოდა მანამდე “რუსთავს” და “იმედს” ვუყურებდი ხოლმე, მაგრამ ეს არხი [მაესტრო] ყველაზე მეტად მომწონს, სანდო ინფორმაცია აქვთ, ვგრძნობ”.

60 წლის ნათელა უპირატესობას “რუსთავი 2”-ს ანიჭებს. “იქ ყველაზე ხშირად გამოდის ხოლმე პრეზიდენტი და ის მართალს ლაპარაკობს, ამიტომაც ეს არხი უფრო მომწონს. სხვა არხების მაიცდამაინც არ მჯერა”, - ამბობს ქალბატონი ნათელა და განმარტავს, რომ “რუსთავი 2” ის გარდა “იმედს” და “პირველ არხს” უყურებს ხოლმე.

მის მსგავსად, ყველაზე მეტად ტელეარხებს შორის “რუსთავი 2” 50 წლის ილია აქიაშვილსაც მოსწონს.

“იქ იმედიან ინფორმაციას  მაწვდიან ხოლმე და ამიტომ. ისე ყველა არხს ვუყურებ - “პირველს”, “მეორეს”, მესამეს”.

რესპონდენტთა ნაწილი ამბობს, რომ ტელევიზორს არა ინფორმაციის მისაღებად, არამედ გასართობად უყურებს.

“ინფორმაციას მაინც ვერ იღებ, ტელევიზორში სერიალივითაა ყველაფერი”, - ამბობს 38 წლის უჩა გოცირიძე, რომელიც ძირითადად ფილმებს უყურებს. უჩა ამბობს, რომ მხოლოდ ერთ რამეს ისურვებდა - ფილმებს ქართული ტიტრების ნაცვლად, ისევ თარგმანი ჰქონდეს.

“ჩემი საყვარელი გადაცემა “ასი გრადუსი ცელსიუსია”, ყველაზე ბევრ ინფორმაციას მაქედან ვიღებ. საინფორმაციოებს არ ვუყურებ, არ მაინტერესებს რატომღაც”- ამბობს 33 წლის თამუნა და განმარტავს “ვის უნდა ენდო, არ იცი. ერთი შეხედვით ვინც ლაპარაკობს, ის მართალია, მაგრამ ყველა სხვადასხვას რომ ამბობს, ვიბნევი და მირჩევნია გასართობ გადაცემებს ვუყურო”.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test