შემოგვიერთდი

11.09.2012 08:30

„ჩვენი ფუნქცია იქნება ვიყოთ სარეკლამო სააგენტოს საპირისპირო საშუალება“, - „მეცხრე არხის“ მრჩეველთა საბჭოს წევრი რობერტ მენარდი

მაია წიკლაური
ინტერვიუ
რობერტ მენარდი (photo: )

ტელეკომპანია „მეცხრე არხმა“ მრჩეველთა საბჭო შექმნა, რომლის ოთხი წევრი ჟურნალისტურ წრეებში ავტორიტეტული უცხოელია -“ნიუ-იორკ თაიმსის” საერთაშორისო კორესპონდენტი ლეს გელბი, ყოფილი კონგრესმენი ლი ჰამილტონი, CNN-ზე „ლარი კინგის შოუს” წამყვანი ლარი კინგი და საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ერთ - ერთი დამფუძნებელი რობერტ მენარდი.

მენარდი უკვე სამი დღეა საქართველოშია. რა ტიპის შეხვედრები გამართა მან, როგორ მოახერხებს მრჩეველთა საბჭო ტელეკომპანიის სარედაქციო დამოუკიდებლობის დაცვას და რა არის „მეცხრე არხის“ მთავარ პრობლემა - ამ საკთხებზე Media.Ge რობერტ მენარდს ესაუბრა. ინტერვიუ ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ ოფისში შედგა. მას არხის გენერალური დირექტორი კახა ბექაური და მისი მოადგილე ირინა თევდორაშვილიც ესწრებოდნენ.

- ბატონო რობერტ, ვინ შემოგთავაზათ „მეცხრე არხის“ მრჩეველთა საბჭოს წევრობა და რა ტიპის სამუშაოს შესრულება დაგევალათ?

- ეს კახა ბექაურის იდეა იყო. მან მე და რამდენიმე ადამიანს ორი ფუნქციის შესრულება გვთხოვა, გვემუშავა საქართველოში მედიაში არსებულ პრობლემებზე და დაგვეცვა „მეცხრე არხის“ სარედაქციო დამოუკიდებლობა.

ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ დაყადაღებულია 30 ათასი სატელიტური ანტენა. პოლიტიკური მმართველების ნაწილს არ სურს ჟურნალისტების კთხვებს უპასუხოს, რეპორტიორების ნაწილი იდევნება. ჩვენი ორგანიზაციის „რეპორტიორების საზღვრებს გარეშე“ კლასიფიკაცია,  რომ მოვიშველიო, სიტყვის თავისუფლების მხრივ საქართველო 170 ქვეყნიდან ასეულშიც კი ვერ შედის. ახალი შემოღებულია კანონი must carry-ის შესახებ, რომელიც არჩევნების შემდეგ შეწყდება. ეს ნიშნავს იმას, რომ მედია შეიძლება თავისუფალი მხოლოდ წინასაარჩევნოდ იყოს და შემდეგ დავუბრუნდეთ წინა პერიოდს.

ეს იქნება პირველი მიმართულება, რაც დაეხამრება არა მხოლოდ „მეცხრე არხს“, არამედ ყველა მაუწყებელს.

- უფრო კონკრეტულად გვითხარით, როგორ აპირებთ ამ კუთხით მუშაობას?

- საქართველოს პირველი პირი ფენომენალურ ენერგიას ხარჯავს საერთაშორისო იმიჯისთვის, როდესაც საქართველოს ლობისტებმა გაიგეს, რომ საქართველოში მოვდიოდი, დამირეკეს და „მეცხრე არხი“ ანტისემიტურ, რასისტურ მონსტრად მოიხსენიეს.

მთელი 25 წლის განმავლობაში მე ვუკეთებდი ცუდ რეკლამას იმ ხალხს, ვინც ცუდად იქცეოდა.  პრესის თავისუფლებასთან დაკავშირებით ვიცი, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ცუდად იქცევა. აუცილებელი არ არის მისი მომხრე ან მოწინააღმდეგე იყო, რომ ამას მიხვდე. ფაქტია, რეჟიმი ავტორიტარიზმისკენ არის მიმართული და ეს ჟურნალისტებსაც ეტყობათ.

ჩვენი ფუნქცია იქნება, ვიყოთ სარეკლამო სააგენტოს საპირისპირო საშუალება, ანუ არ გავაკეთოთ ის, რასაც აქ აკეთებენ, სადაც შენობების ფასადებს არემონტებენ და შიგნით არაფერი იცვლება.  ჩვენი მიზანია, ვნახოთ რა ხდება ფასების მიღმა  და ვთქვათ.  ეს ყველა ჟურნალისტს წაადგება.

ჩვენი ბორდი დააკვირდება გადაცემებს და ხელმძღავნელობას საკუთარ მოსაზრებებს გავაცნობთ. ის ადამიანები, ვინც ბორდში არიან გაწევრიანებული არ მეგობრობენ ერთმანეთთან, კარგად არ იცნობენ არხის ხელმძღვანელობასა და ჟურნალისტებს. ამიტომ, თუ რამე პრობლემა იქნება არხზე, ვაცნობებთ ხელმძღვანელობას და პასუხისმგებელ პირებს.

სწორედ ეს იყო მთავარი მიზანი, რის გამოც აქ ჩამოსვლა მთხოვეს, რომ დავიცვათ ხარისხი  ტელევიზიაში, რომლის მფლობელი პოლიტიკური ამბიციების მქონე პირია.

- როგორ აპირებთ ამ მიზნების მიღწევას?

- მე ჩამოვალ სამ კვირაში ერთხელ. შევხვდები არხის წარმომადგენლებს, სხვა ხალხს. ვათარგმნინებ გადაცემებს და  მოვუსმენ. შემდეგ რეგულარულად ვეტყვი ჩემს მოსაზრებებს არხის ხელმძღვამნელობას. ახლოვდება არჩევნები. ამ პერიოდში ყველა ქვეყანაში ხდება რადიკალიზაცია, ყველა ირჩევს თავის ბანაკს. ჩვენ, ადამიანებს, რომლებიც ამ ისტორიაში ჩარეულები არ ვართ, აზრს გვეკთხებიან -  ეს ძალიან კარგია.

- მხოლოდ თქვენ იქნებით ასეთი აქტიური, თუ ბორდის სხვა წევრებიც ამ სიხშირით ჩამოვლენ?

- იმედი მაქვს, რომ მე მარტო არ ვიქნები, თუმცა სხვების ნაცვლად, მაგალითად, ლარი კინგის ნაცვლად, რა თქმა უნდა, ვერ გიპასუხებთ.

- შეგიძლიათ გვითხრათ, რამდენია თქვენი ჰონორარი და ვინ იხდის მას?

- ბორდის წევრთა ყველა ხარჯს ტელეკომპანია იხდის. ჰონორარი ჩვეულებრივია და მსგავსია მათი, ვინც ასეთ სიტუაციაში მუშაობს.

- უკვე სამი დღეა საქართველოში იმყოფებით,  ვის შეხვდით, რა ტიპის ვიზიტი გქონდათ?

- მე ვესაუბრე აქაური ტელეკომპანიების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, საზოგადოებირვი მაუწყებლისა და „რუსთავი 2-ის“ ხელმძღვანელობას, აგრეთვე მთავრობასთან დაახლოებულ პირებს. ამ შეხვედრების მიზანი ქართული მედია გარემოს შესახებ ინფორმაციის მიღებაა. ვიყავი „ქართული ოცნების“ აქციაზე კახეთში, რომ მენახა როგორ მუშაობენ ჟურნალისტები. ვნახულობ ყველას და ჩემი წარმოდგენა მექმნება.

- როგორია ეს წარმოდგენა?

- ყველაზე თვალშისაცემია ის, რომ გარდა მთავრობასთან ძალიან დაახლოებული პირებისა, ყველა კრიტიკულადაა განწყობილი. საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ძალიან ახლოს იყვნენ მიხეილ სააკაშვილთან, დღეს წარმოდგენა შეეცვალათ.

ამავე დროს,  ქვეყანაში ძალიან ბევრი დადებითი მოვლენაც მოხდა. ჩვენ სულელები არ ვართ, რომ საქართველო ჩინეთს შევადაროთ.

მე ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ  სააკაშვილმა იცის, მედია რა დონეზე დაეხმარა მას ხელისუფლებაში მოსვლისას. აქედან გამომდინარე,  აცნობიერებს, მისთვის რა საშიში შეიძლება იყოს მედია, ამიტომ გადაწყვიტა, რომ აღარ უნდა ენდოს მას.

-თქვენ,ალბათ, ნახავდით „მეცხრე არხის“ გადაცემებს. როგორია თქვენი შთაბეჭდილება, რა არის ამ არხის მთავარი პრობლემა?

- მთავარი პრობლემა ისაა, რომ არხი აქცენტს მხოლოდ პოლიტიკაზე აკეთებს. ეს გვიჩენს შეგრძნებას, რომ სულ ვართ, ვრჩებით და ვფიქრობთ პოლიტიკაზე

ასევე მნიშვნელოვანია, რომ იყვნენ ფრთხილად ასეთ პოლარიზებულ სიტუაციაში, სადაც ერთ ძალას არ სურს თავისი აზრი გამოთქვას იმ არხის ეთერში, რომელსაც მტრულად მიიჩნევს.  უნდა გამოძებნონ საშუალება, რომ მაყურებლებს მაინც მოასმენინონ ასეთი პოლიტიკოსების აზრიც.

მესამე პრობლემაა ფაქტებისა და მოსაზრებების გამიჯვნა. როდესაც ჩვენ განუწყვეტლივ გვესხმიან თავს, როგორც ჟურნალისტებს, ამით შეიძლება ძალიან დავიღალოთ. ამიტომ უნდა ვიყოთ ფრთხილად, რომ ეს არ გამოჩნდეს ეთერში.

-თქვენი აზრით, არის თუ არა არხისთვის პრობლემა ის, რომ მაუწყებლის მფლობელი მთავარი ოპოზიციური კოალიციის ლიდერია?

- ზუსტად ეს არის სირთულე და ზუსტად ამიტომ მოგვამართეს ჩვენ. არხის ხელმძღვანელები სულელები არ არიან და იციან ძალიან კარგად, რომ ესაა მთავრი გამოწვევა.

მათ მითხრეს, რომ არის პრობლემა და არ შეიძლება ისე მოვიქცეთ, თითქოს ის არ არსებობს. ჩვენ შევქმნით სტრუქტურას, რომელიც დააკვირდება და დაინტერესდება ამ პრობლემით.

- თქვენ უკვე დაინახეთ ეს პრობლემა? გადაცემებში ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი გამოჩნდა?

- ბევრი გადაცემა არ მინახავს, თუმცა რაც ვნახე, არსად არ შემიმჩნევია ივანიშვილის ქება.  არხი აკრიტიკებს მთავრობას და პრეზიდენტს. ჟურნალისტების ფუნქცია სწორედ მთავრობის კრიტიკაა და არხი ამ ფუნქციას ასრულებს. ეს არ არის ტელევიზია, რომელიც მისი მფლობელის სამსახურშია.

- როგორ ახსნით იმ დაუბალანსებლობას,  რომელიც პოლიტიკური პარტიების გაშუქებისას შეიმჩნევა?

- ნამდვილად საჭიროა მთავრობის წარმომადგენლები მოვიდნენ არხზე და გამოხატონ საკუთარი მოსაზრებები. რეპორტაჟებში ხშირად ამბობენ, რომ პასუხისთვის მთავრობას მიმართეს, თუმცა მათ კომენტარი არ გააკეთეს. მე არ მესმის, როგორ არ უნდა უპასუხონ ჟურნალისტის კითხვას?!

ის,   რომ სააკაშვილს „მეცხრე არხი“ არ მოსწონს, მისი პრობლემაა, მაგრამ როგორც სახელმწიფოს მეთაურს, მას არ შეუძლია უარი უთხრას ჟურნალისტს პასუხის გაცემაზე.  ეს არის განსხვავება ნამდვილ და ყალბ დემოკრატს შორის.

- არხისთვის მიცემული რეკომენდაციები საჯარო იქნება?

- დიახ, არანაირი საბაბი არ გვაქვს,  რომ ეს დავმალოთ.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test