შემოგვიერთდი

14.09.2012 10:41

პოლიტიკური რეკლამის განთავსება ყველაზე ძვირი - „იმედის“ ეთერში, ყველაზე იაფი კი „მეცხრე არხზეა“

მაია წიკლაური
საუბრები მედიაზე

პოლიტიკური რეკლამის განთავსება ყველაზე ძვირი ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ღირს. საკუთარ ვებ -გვერდზე გამოქვეყნებული ტარიფების მიხედვით, რომელიც 10 სექტემბრიდან 17 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს, შაბათ-კვირას სერიალ „შუა ქალაქში“ რეკლამის განთავსების მსურველმა პოლიტიკურმა სუბიექტმა წუთში 22 ათას 351 ლარი უნდა გადაიხადოს.  სერიალი საღამოს 22:00 საათზე გადის ეთერში. ეს დრო ყველაზე ძვირადღირებულია კვირის დღეებშიც. ამ დროს არხზე რეკლამის განთავსების ტარიფი ყველაზე მაღალია სერიალში „გოგონა გარეუბნიდან“  - 1 წუთი 20 ათას 364 ლარი.

„იმედის“ მთავარ საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკაში“, რომელიც 20:00 საათზე იწყება, რეკლამის განთავსება პოლიტიკურ პარტიებს 1 წუთი 16 ათას 390 ლარი დაუჯდებათ. იგივე ფასი ღირს პოლიტიკური ვიდეო რგოლის გაშვება 21:00 საათზე „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გამოშვება „კურიერშიც“.  ამ არხზე პოლიტიკური რეკლამა ყველაზე ძვირადღირებულია (17 ათას 383 ლარი) სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“  მიმდინარეობისას. აღნიშნული სერიალი ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით, 22:15 საათზე იწყება და დაახლოებით ერთ საათს გრძელდება.  „რუსთავი 2“-ის იუმორისტულ გადაცემა „კომედი შოუში.“ პოლიტიკური რეკლამის განთავსება ერთი წუთი 16 ათას 390 ლარი ღირს.

ორივე ტელეკომპანიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, რეკლამის განთავსების მსურველმა საარჩევნო სუბიექტმა შპს „ჯენერალ მედიას“  უნდა მიმართოს. სახელწიფო აუდიტორის  2012 წლის 6 აგვისტოს ბრძანების მიხედვით რეკლამის განთავსების მსურველებს წინასწარი ანგარიშსწორება დაევალათ.

„საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, ტელეკომპანიის მიერ 1 დღის განმავლობაში გამოყოფილი ფასიანი დრო არ უნდა აღემატებოდეს მისი დღიური მაუწყებლობის 15 პროცენტს და არცერთ საარჩევნო სუბიექტს არ უნდა დაეთმოს ამ დროის ერთ მესამედზე მეტი. ფასიანი დროის ტარიფი ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის (როგორც კვალიფიციური, ისე არაკვალიფიციური სუბიექტებისათვის) ერთნაირი უნდა იყოს. საერთო მაუწყებელი, აგრეთვე მაუწყებელი, რომელიც საკუთარ ეთერში განათავსებს წინასაარჩევნო რეკლამას, ვალდებული არიან, უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად გამოყონ დრო ყოველ 3 საათში 90 წამის ოდენობით თითოეული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტისათვის.

მაუწყებლები ასევე ვალდებულნი არიან რეკლამის ტარიფებთან და საარჩევნო სუბიექტების მიერ ათვისებულ დროებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ყოველკვირეულად წარუდგინონ და ვებ გვერდზე გამოაქვეყნონ.

ამ დოკუმენტაციის თანახმად, „იმედზე“ 31 აგვისტოდან  3 სექტემბრამდე პერიოდში „ნაციონალური მოძრაობის“ ფასიანი პოლიტიკური რეკლამა  35 წუთის განმავლობაში გადიოდა. ამ სუბიექტმა ბოლომდე აითვისა უფასო პოლიტიკური რეკლამისთვის გამოყენებული დროც, მათი რეკლამა 84 წუთის განმავლობაში უფასოდ გავიდა.

პოლიტიკური რეკლამისთვის ჯამში 100 წუთი იყიდა გიგა ნასარიძის ორგანიზაციამ - ააიპ „საქართველო არ იყიდება“.

ტელეკომპაია „იმედზე“ ფასიანი პოლიტიკური რეკლამა სხვა პარტიებს არ განუთავსებიათ, „ქრისტიან დემოკრატიულმა გაერთიანებამ“, „ქართულმა ოცნებამ“ და „საქართველოს ლეიბორისტულმა პარტიამ“ რეკლამის უსასყიდლოდ განთავსების შესაძლებლობით ისარგებლეს.

საზოგადოებრივი მაუწყებელის ეთერში 1 წუთი პოლიტიკური რეკლამის ღირებულება 3150 ლარს არ აჭარბებს. სწორედ ეს თანხა ღირს 19 საათიდან 24 საათამდე ნებისმიერ გადაცემაში ფასიანი წინასაარჩევნო რგოლის განთავსება.

როგორც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში წარდგენილი დოკუმენტაციიდან ირკვევა, 31 აგვისტოდან 6  სექტემბრამდე საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის არც ფასიანი და არც უფასო პოლიტიკური დროის გამოყენებისთვის არცერთ პარტიას არ მიუმართავს.

ამავე პერიოდში ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერის 24 წუთი ფასიანი პოლიტიკური რეკლამისთვის „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეიძინა, 68 წუთი კი უფასო რეკლამისთვის გამოიყენა. „ქართულმა ოცნებამ“ 40 წუთი იყიდა, ამ სუბიექტის პოლიტიკური რეკლამა უფასოდ 70 წუთის განმავლობაში გავიდა, ასევე უფასოდ რეკლამის განთავსების შესაძლებლობით ისარგებლეს „ქრისტიან დემოკრატიულმა მოძრაობამ“ (78 წთ) და „საქართველოს ლეიბორისტულმა პარტიამ“(68 წთ).

„მაესტროს“ მსგავსად ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში პოლიტიკური რეკლამის ფასი ყველაზე მაღალია 19-დან 24 საათამდე და მისი ოდენობა წუთში 1020 ლარს შეადგენს. 31 აგვისტოდან  სექტმებრიდან „კავაკსიის“ ეთერში პოლიტიკურ პარტიებს ფასიანი რეკლამა არ განუთავსებიათ. თუმცა ამგვარი რეკლამისთვის დრო იყიდა ორგანიზაციამ „საქართველო არ იყიდება“, რამაც ჯამში ერთი სააათი შეადგინა.

„კავკასიის“ მიერ საარჩევნო სუბიექტებისთვის გამოყოფილი უფასო საეთერო აითვისეს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, ქრისატიან დემოკრატიულმა გაერთიანებამ“ და „ქართულმა ოცნებამ“. დოკუმენტაციის მიხედვით, „კავკასიას“ ბოიკოტს უცხადებს „ლეიბორისტული პარტია“.

ამ ტელეკომაპნიებსგან განსხვავებით, მკვეთრად დაბალია პოლიტიკლური რეკლამის განთავსების ტარიფები ტელეკომპანია „მეხცრე არხზე“. აქ ყველაზე ძვირი 19-დან 24 საათამდე დროა. თუმცა, ამ პერიოდში 1 წუთის ღირებულება 390 ლარს არ აჭარბებს. მიუხედავად ამისა, 3 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით საარჩევნო სუბიექტებს რეკლამისთვის არცერთი წუთი არ შეუძენიათ. რეკლამის უსასყიდლოდ განთავსების შესაძლებლობით ისარგებლეს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძროაბამ“, „ქრისტიან დემოკრატიულმა გაერთიანებამ“ და „ქართულმა ოცნებამ“, „კავკსიის“ მსგავსად ლეიბორისტულ პარტიას წინასაარჩევნო ვიდეო რგოლი უფასოდ არც „მეცხრე არხის“ ეთერში განუთავსებია.

საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ (GNCC) 15 აგვისტოს გამართულ სხდომაზე „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესი“ დაამტკიცა, რის შემდეგაც მაუწყებლებს პოლიტიკურ რეკლამასთან დაკავშირებით კომისიაში ყოვლ კვირეული ინფორმაციის წარდგენა დაევალათ. დოკუმნეტცაიში მითიტებული უნდა იყოს მომდევნო კვირის ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ტარიფები და გასულ კვირას განთავსებული რეკლამის შესახებ ინფორმაცია.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test