შემოგვიერთდი

20.09.2012 08:14

“საზოგადოებრივი მაუწყებელი ბადეს ვიღაცის პოლიტიკური სურვილისთვის თუ აჟიტირების პარალელურად არ ცვლის”- გია ჭანტურია

თაკო ფარადაშვილი
ინტერვიუ

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები, ეკა კვესიტაძე და ვახო სანაია ფიქრობენ, რომ პატიმრების წამების ფაქტების გამოაშკარავებასთან დაკავშირებით არხი სხვა რეჟიმით და ფორმატით უნდა გადიოდეს ეთერში და ამ თემას საგანგებო ტოქშოუ უნდა მიეძღვნას. როგორია ამ საკითხისადმი არხის გენერალური დირექტორის, გია ჭანტურიას პოზიცია, მოსალოდნელია თუ არა ბადის ცვლილება არხზე? – media.ge ამ თემაზე მას ესაუბრა. 

ბატონო გია, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები, ეკა კვესიტაძე და ვახო სანაია ფიქრობენ, რომ პატიმრების წამების ფაქტთან დაკავშირებით, არხი სხვა რეჟიმზე უნდა გადასულიყო, როგორია თქვენი აზრი ამასთან დაკავშირებით?

ყველას თავისი აზრი აქვს, თუმცა აზრთან ერთად, აქვთ თავიანთი გადაცემები, რომელთა სარედაქციო პოლიტიკაში არავინ ერევა და ყვალანაირი საშულება აქვთ გააკეთონ ის რაც სურთ. მიკვირს ამ პრობლემასთან დაკვშირებით რატომ აქამდე არ გაუკეთებიათ მსგავსი განცხადებები და ეს ახლა მოუნდათ, “მოამბესგან” განსხვავებით, რომელმაც ბოლო ორი თვის მანძილზე  პენიტენციალურ სისტემაში არსებულ პრობლემებს რამდენიმე მძაფრი სიუჟეტი მიუძღვნა და სხვათაშორის სახალხო დამცველის ანგარიშებსაც. ვახოს და ეკას აქვთ გადაცემები, სადაც შეუძლიათ ამ თემაზე გააკეთონ ის რაც სურთ, არანაირ პრობლემას ეს არ წარმოდაგენს.

რაც შეეხება არხის სამაუწყებლო ბადის ცვლილებას ეს მათი კომპეტენცია არ არის. შეიძლება ეს მათი სურვილია, მაგრამ ჩემთვის ამ თემაზე სასაუბროდ ოფიციალურად არ მოუმართავთ.

“პირვემა არხმა” გაავრცელა მასალა, სადაც ეკა კვესიტაძე ესაუბრება სტუდენტს მათი მოთხოვნების შესახებ. არხმა ეს აქციის ხელმძღვანელობად შეაფასა, რამდენად არის ეს ასე?

მე რაც მოვისმინე, მან მისცა ინსტრუკტაჟი საკუთარი კორპორაციის წინააღმდეგ, ესეც ალბათ ჩვეულებრივ, ნორმალურ საქციელად ითვლება, სამწუხაროდ, სტუდენტებს შორისაც. იგივე სტუდენტები მესაუბრებოდნენ მათ დამოუკიდებელ მოსაზრებაზე, სამწუხაროა, რომ ეს იყო არა მათი აზრი, არამედ ეკას დამოძღვრის შედეგი, ეს სასახელო არაა არც სტუდენტებისთვის, არც ეკასთვის, რომელსაც ორგანიზაციაში არაფერი უთქვამს და გარეთ დადის და საუბრობს.

ხომ არ აპირებთ ამის გამო ეკა კვესიტაძის სამსახურიდან გათავისუფლებას?

ბევრი საბაბი მქონდა ეკასგან რომ გამეთავისუფლებინა, მაგრამ ჩემს პრინციპებში ეს არ შედის. ასეთი ფაქტების გამო თავს ვიკავებ ხოლმე გათავისუფლებისგან, პირიქით, ძალიან ველოდები მის გადაცემას კვირას, ძალიან მაინტერესებს რას გააკეთებს.

გეგმავთ თუ არა პატიმრების წამების თემაზე საგანგებო ტოქშოუს მომზადებას?

ყველა არხზე მეტი ტოქშოუ ამ არხზე გადის. ეს არ არის ისეთი ტელევიზია, რომელიც წარამარა თავის ბადეს ვიღაცეების პოლიტიკური ნება -სურვილისთვის თუ აჟიტირების პარალელურად ცვლის. ჩვენ ვართ საზოგადოებრივი მაუწყებელი და გვაქვს ძალიან ზუსტი ბადე. ჩვენი ამოცანაა, რომ ინფორმირებული იყოს საზოგადოება ბოლომდე და ობიექტურად აშუქებდეს მოვლენებს. ამას ვასრულებთ კიდეც, რისთვისაც გვაქვს რამდენიმე ტოქშოუ და საინფორმაციო გამოშვება. ვინც უყურა ამ გამოშვებას, მთელი დღის მანძილზე, იტყვის, რომ საკმაოდ მაღალპროფესიულად გავაშუქეთ ყველა ფაქტი, კადრი.  ვთვლი, რომ განსაკუთრებით გუშინდელი “მოამბე” იყო სახელმძღვანელო როგორ უნდა გაკეთდეს საინფორმაციო გამოშვება. შეხედონ ექსპერტებმა და შეაფასონ. თუ უკმარისობის გრძნობა აქვთ ჟურნალისტებს, მათ აქვთ ეთერი, გადაცემა, კეთილი ინებონ და გამოიყენონ პროფესიონალიზმი ბოლომდე და გააკეთონ ამ თემაზე გადაცემები. ვფიქრობ, რომ ისინი ადრეც უნდა ყოფილიყვნენ ამ თემით დაინტერესებულები, როცა ხშირად იყო სახალხო დამცველის განცხადებები, კრიტიკა პენიტენციალური სისტემის მიმართ. რატომღაც დიდი ყურადღება მაშინ არ გამოუჩენით. 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test