შემოგვიერთდი

12.10.2012 14:12

ეუთო გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას აუღელვებლად ვერ შეხედავს - დუნია მიატოვიჩი

მაია წიკლაური
ინტერვიუ

თბილისში ახალი მედიის თემაზე სამხრეთ კავკასიის ქვეყნების კონფერენცია ჩატარდა, რომელსაც ეუთოს წარმომადგენელი მედიის თავისუფლების საკითხებში, დუნია მიატოვიჩი დაესწრეო. Media.ge ქალბატონ დუნიას შეხვდა და მას კავკასიური მედიის წინაშე მდგარი გამოწვევების, მასში ეუთოს შესაძლო მონაწილეობის, must carry-ს და სხვა საკითხებზე ესაუბრა.

ქალბატონო დუნია, რა არის ამ კონფერენციის მიზანი და რა შედეგებს ელით მისგან?

ეს სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მეცხრე კონფერენციაა, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა და  მისი მიზანია პრობლემატური საკითხების განსახილველად, გამოცდილების გასაზიარებლად და პრობლემების გადასაჭრელად მედიაში მოღვაწე ხალხის ერთად შეკრება. ამ კონფერენციაზე  განვიხილავთ ონლაინ მედიას და ინტერენტს, ერთი სიტყვით, ყველაფერს, რაც ციფრულ ერას უკავშირდება და ჩვენი მიზანია განვიხილოთ, როგორ მოვახერხოთ ადაპტაცია ამ ახალ ეპოქასთან. კონფერენციის ბოლოს მივიღებთ დეკლარაციას, რომელიც ერთგვარი რეკომენდაცია იქნება მთავრობისთვის.

ასეთ დეკლარაციას ყოველ წელს იღებთ, რამდენად ითვალისწინებენ მთავრობები თქვენს რეკომენდაციებს?

ამის თქმა რთულია.  დეკლარაციის მიზანია დემონსტრირება იმისა, რომ ეუთო-სთვის მნიშვნელოვანი ღირებულებაა მედიის თავისუფლების ერთგულება. ეუთოს წევრობა, ნიშნავს ამ ღირებულებების გაზიარებას, თუმცა უნდა ვიყოთ რეალისტებიც და ვიცოდეთ, რომ მედიის თავისუფლების ერთგულება არ არის მარტივი გარდამავალ ქვეყნებში, იქ, სადაც ეკონომიკური პრობლემებია, თუმცა ვიმედოვნებ, რომ მთავრობა ამ რეკომენდაციებს მაინც გაითვალისწინებს. ზოგადად ეუთოს რეკომდაციებთან ერთად აქვს კონკრეტული საშუალებები, რომ შეეწინააღდეგოს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი კანონის მიღებას, რომელიც მედიის თავისუფლებას შეზღუდავს. ვცდილობ მთავრობასთან პოზიტიური ურთიერთობა მქონდეს და თანამშრომლობის გზით გადავწყვიტოთ მნიშვნელოვანი საკითხები.

რატომ შეირჩა კონფერენციის თემად ახალი მედია? ეს იმიტომ ხომ არ მოხდა, რომ ეუთო მას კავკასიში, ან საქართველოში იმ სივრცედ განიხილავს, სადაც გამოხატვის თავისუფლება ყველაზე მეტად არის დაცული?

ახალი მედია  ზოგადად წლევანდელი თემაა და ის თანაბრად მნიშვნელოვანია მთელი მსოფლიოსთვის. ეს არ არის დაკავშირებული მხოლოდ ერთი ქვეყნის, ან რეგიონის სპეციფიკასთან. რა თქმა უნდა, დაკავშირებულია იმასთანაც, რაც საქართველოში ხდება („მედიის პოლარიზაცია“ თ.ფ.). ჩემი მუშაობის მიზანი არ არის მედიის შინაარსის შეფასება - ის მიკერძოებულია, თუ არა. ჩემთვის ის არის მნიშვნელოვანი, რომ ამ ქვეყანაში ვხედავ პლურალიზმს, მოსახლეობას აქვს ინფორმაციის სხვადასხვა გზით მიღების საშუალება და საკუთარი აზრის ჩამოყალიბება შეუძლია.

ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც ჩემი ოფისი ხშირად წინა პლანზე აყენებს, ინტერნეტ თავისუფლების თემაა. ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია მთავრობამ მიმართოს ფონდები მოსახლეობის იტერნეტ განათლებისკენ და არა ინტერნეტის დაბლოკვისკენ. ეს წაგებული ბრძოლაა და არ არის დემოკრატიული. მთავრობამ უნდა გააცნობიეროს, რომ ქვეყანას ინფორმაციის მიღების მხრივ  წინაღობის შექმნა სარგებელს არ მოუტანს, ეს არ არის მომგებიანი რომელიმე საზოგადოებისთვის. ხელისუფლებას საშუალებას თუ მივცემთ, რომ გაფილტროს ჩვენი გონება და შეხედულებები, ჩვენ უკან წავალთ და მინდა ყველას ესმოდეს, რომ ეს არ არის ისეთი თემა, რომელსაც ეუთო აუღელვებლად შეხედავს.

როგორია თქვენი ხედვა, იმ გამოწვევების მიმართ, რომელიც კავკასიური მედიის წინაშეა?

კავკასიურ მედიაზე ერთ მთლიან კონტექსტში საუბარი რთულია. სხავდასხვა პრობლემებია მაგალითად, აზერბაიჯანში და საქართველოში. თუმცა, საერთო გამოწვევა რაც ამ რეგიონს აქვს, არის ინტერნეტის თავისუფლების შენარჩუნება და მის ერთგვარ ფორუმად ქცევა. მინდა ვიყო დარწმუნებული, რომ ინტერნეტის თავისუფლება აქ შენარჩუნდება და მთავრობა არ შემოიღებს რაიმე კანონს, რომელიც სიტუაციას შეცვლის. საქართველოში მნიშვნელოვანია მედიის დამოუკიდებლობაზე მეტი ყურადღების გამახვილება - ეს ეხება საზოგადოებრივ მაუწყებელს, კომუნკაციების მარეგულირებელ კომისიას. მნიშვნელოვანი იქნება ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა, რაც მეტ სარგებელს მოუტანს საზოგადოებას. ჩემი ამ ვიზიტისას არ შევხვედრივარ მთავრობის წარმომადგენლებს, რადგან ახლა გარდამავალი პერიოდია და ეს უადგილო იქნებოდა. ველოდები საჭირო მომენტს, რომ ჩავერთო მოლაპარაკებაში და მივხვდე, როგორ შეუძლია ჩემ ოფისს ჩაერთოს ამ ყველაფრის მოგვარებაში. ძალიან ვაფასებ, რომ საქართველოში ეუთოს წარმომადგენლებისთვის ყოველთვის ღიაა კარი, ვეცდები მალე დავბრუნდე თბილისში.

იცოდით თუ არა, რომ საქართველოში ხელს აწერდნენ პეტიციას, სადაც თქვენ გთხოვდნენ განცხადება გაგეკეთებინათ არჩევნების შემდეგ  must carry- ს გაგრძელების შესახებ?

ამაზე მხოლოდ ორი დღის წინ შევიტყვე ელექტრონულ ფოსტაზე მოსული წერილიდან, მაგრამ ჩემთან ამ თემაზე არავის უსაუბრია, არც დაურეკავს და არც შეხვედრა უცდია ჩემი აქ ყოფნის განმავლობაში. მე არ შემიძლია პეტიციებზე დაყრდნობით მუშაობა. მე რეალურ ადამიანებთან ვმუშაობ. ჩემთან დაკავშირება არ არის რთული. უნდა ვიცოდე - ვინ ჩივის, რა პრობლემაა, ვის რა გამოწვევა აქვს და როგორ შეიძლება ამ ყველაფრის გადაჭრა. იქნებ კანონის მიღება უნდათ და მისი პროექტი აქვთ?! თუ ეს ასეა, შეგვიძლია დაუყოვნებლივ ვნახოთ და რეკომენდაცია ორ დღეში გამოვაგზავნოთ. ეუთო არ არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომ პეტიციებზე დაყრნობით მოახდინოს რეაგირება. Must carry უდაოდ მნიშვნელოვანია ახალი აზრების და არხების გასავრცელებლად, თუმცა ამ თემაზე მეტი რამ უნდა ვიცოდე, უნდა შემეძლოს პრობლემის აღქმა. ამ დროს კი, ერთადერთი რაც მაქვს, ეს არის იმეილი, საიდანაც ხელმოწერილ პეტიციაზე შემიძლია ბმულით გადასვლა. ასეთ წერილებს ზოგადად ყოველ დღე ვიღებ.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test