შემოგვიერთდი

20.10.2012 11:09

„იმედს“ განვიხილავ როგორც კიდევ ერთ საქველმოქმედო პროექტს - ინა გუდავაძე

მაია წიკლაური
მედია მედიის შესახებ

„ტელევიზია ობიექტური და დაბალანსებული უნდა იყოს. ის არავის არ უნდა ემსახუროს“, - აცხადებს ტელეკომპანია „იმედის“ ახალი მფლობელი, ბადრი პატარკაციშვილის ქვრივი, ინა გუდავაძე „ლიბერალთან“ ინტერვიუში.

„ვიტყოდი, რომ ტელევიზიის სარკე დაგრეხილი არ უნდა იყოს. თუკი რამე არასწორად წავა, ჩვენ უნდა ვაგოთ პასუხი. ცოტა არ იყოს, მეშინია, როგორ მოვერევით ყველაფერს. ჩვენთვის ცოტა რთულია, რადგან მუდმივად აქ არ ვცხოვრობთ და აქაურ რეალობას და სიტუაციას იმდენად ვერ ვფლობთ. თუმცა, ახლა უფრო ყურადღებით ვიქნებით და ჩართული ვიქნებით მიმდინარე პროცესებშიც“, - განაცხადა გუდავაძემ „ლიბერალთან“ საუბრისას.

გუდავაძის თქმით, ტელეკომპანიას დროებით მისი ქალიშვილი, ლიკა მართავს, რომლის მოადგილეც ჟურნალისტი რეზო საყევარიშვილია. რეზო საყევარიშვილი ბოლო დრომდე რადიო „თავისუფლებაში“ მუშაობდა. მანამდე ის ჟურნალ „ფორბსის“ მთავარი რედაქტორი იყო, თუმცა თანამდებობა ხელმძღვანელობასთან დაპირისპირების გამო დატოვა. დაპირისპირების მიზეზი ბიძინა ივანიშვილთან ჩაწერილი ინტერვიუ გახდა.

„ის [რეზო] უკვე შევიდა ტელევიზიაში და სიტუაციას ეცნობა. ამ ადამიანს ბევრმა გაუწია რეკომენდაცია, გვირჩიეს, რამდენიმე სხვადასხვა ვარიანტი განვიხილეთ და მოგვეჩვენა, რომ მისი კანდიდატურა სჯობდა, თანაც, ის „იმედის“ ყოფილი თანამშრომელია, სერიოზული ეკონომიკური განათლება აქვს, ძალიან დაბალანსებული ადამიანია, თავისი აზრით, შეხედულებებითა და პრინციპებით, ამასთან, არაპოლიტიკურია. მგონი ეს არჩევანი ძალიან მნიშვნელოვანია და აჩვენებს, სად მივდივართ“, - განაცხადა გუდავაძემ „ლიბერალთან“ ინტერვიუში.

მისი თქმით, ჯერჯერობით საკადრო ცვლილებების შესახებ ტელეკომპანიაში გადაწყვეტილება მიღებული არ არის და თუკი ვინმე ფიქრობს, რომ რაღაცაშია დამნაშავე შეუძლია ტელეკომპანიიდან თავად წავიდეს. განსაკუთრებული სიფრთხილით „იმედში“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატურას შეარჩევენ. ამ დრომდე ამ თანამდებობას მათე კირვალიძე იკავებს.

„დანარჩენს ჩვენ განვიხილავთ, გვაქვს ფაქტები და გვეცოდინება ხალხის აზრიც. უბრალოდ ამას არ ექნება ისეთი სახე, რომ ყველა გავათავისუფლოთ, რა შუაში არიან ადამიანები, რომლებიც წესიერად მუშაობდნენ? ყველამ საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს, ღირსი ვარ თუ არა რომ ამ არხზე დავრჩე? თუ თვითონ ვერ მიხვდება, რომ წასვლა სჯობს და ჩვენ რადიკალურად განსხვავებული აზრის ვიქნებით, მაშინ ალბათ გავათავისუფლებთ“, - აცხადებს გუდავაძე.

პატარკაციშვილების ოჯახი ფიქრობს, რომ ტელეკომპანიაში აუცილებლად უნდა შეიქმნას სამეთვალყურეო საბჭო. გუდავაძის თქმით, საბჭო საზოგადოებისთვის სანდო ადამიანებით უნდა დაკომპლექტდეს. სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა „იმედში“ ფინანსური და იურიდიული საკითხების მოგვარების შემდეგ იგეგმება.

„გვესმის, რომ „იმედი“ ეს იქნება პროექტი, რომელშიც ფულის ჩადებაა საჭირო. მე ამას განვიხილავ, როგორც კიდევ ერთ საქველმოქმედო პროექტს. ბიზნესისთვის მე ეს ტელევიზია ნამდვილად არ მჭირდება, მის გამოყენებას არც ბიზნესისთვის ვაპირებ და არც პოლიტიკური მიზნები მაქვს“, - განუცხადა ინა გუდავაძემ „ლიბერალს“.

გუდავაძის თქმით, ტელეკომპანია ხელისუფლებასთან შეთანხმების შედეგად დაიბრუნეს და შეთანხმდნენ, რომ ტელეკომპანიის გადაბარების პროცესი მშვიდობიანი ყოფილიყო. პატარკაციშვილების ოჯახს აღარ სურს საქმე სასამართლოში განიხილოს.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test