შემოგვიერთდი

25.10.2012 07:52

„ტელეარხი 25“-ის გარიგებები

მაია წიკლაური
ჟურნალისტის ჩანაწერები
tv 25 (photo: )

კომუნიკაციების ეროვნული კომისია 26 ოქტომბერს „ტელეარხი 25“-ის სანქცირების საკითხს განიხილავს. ტელეკომპანიის გაფრთხილების საფუძველი შესაძლოა მფლობელების შეცვლის შესახებ ინფორმაციის დამალვა  გახდეს. ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ არხის მესაკუთრეები 2012 წლის 24 თებერვალს შეცვლილა, თუმცა ხელმძღვანელობას ამის შესახებ კომისიისთვის არ უცნობებია.

კომისიის პრესმდივნის ხატია ყურაშვილის ცნობით, სხდომაზე ასევე გამოიკვლევენ ახალ მესაკუთრეებს რამდენად აქვთ ტელეკომპანიის ფლობის უფლება. „ტელეარხი 25“-ის 50 პროცენტის მფლობელი „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი წალენჯიხიდან ლევან ქარდავაა. ტელეკომპანიაში წილების გაყიდვის შესახებ ინფორმაცია კომისიამაც მედიისგან შეიტყო, მანამდე ამ თემით არც ეს უწყება დაინტერესებულა. ხატია ყურაშვილის თქმით, კანონმდებლობა კომისიას უფელბას ანიჭებს ადმინისტრაციული წარმოება მოკვლევის,  მიმართვის ან მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ დაიწყოს.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონის თანახმად, სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია მესაკუთრეთა ცვლილების შემთხვევაში ათი დღის ვადაში კომისიაში წარადგინოს და საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნოს შესაბამისობის დეკლარაცია.

ამ ვალდებულების შესახებ არაფერი სმენია „ტელეარხის 25“-ის დირექტორს და ყოფილ მფლობელს გია სურმანიძეს, რომელიც აღიარებს, რომ გარიგების დამალვა არასწორი იყო.

„არ უნდა წავსულიყავი ამ ნაბიჯზე. მყიდველი და გამყიდველი შევთანხმდით, რომ არ გაგვეხმაურებინა ეს ინფორმაცია იმიტომ, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო, ამას მოყვებოდა აჟიოტაჟი და ვერ დავამტკიცებდით, რომ მხოლოდ ბიზნეს გარიგება იყო. ეს იმოქმედებდა არხის რეიტინგზეც და მაყურებლების ნდობაც წინასაარჩევნო პერიოდში დაიკლებდა“,- ამბობს სურმანიძე Media.ge-სთან საუბრისას. მისი თქმით, არხის შეძენა პოლიტიკურ კოალიცია „ქართულ ოცნებასაც“ სურდა, თუმცა მათთან შეთანხმება ვერ მოხერხდა. საბოლოოდ კი ყოფილმა მფლობელებმა გია სურმანიძემ, მერაბ მერკვილაძემ და მალხაზ ვერძაძემ კუთვნილი წილები ლევან ქარდავასა და ჯემალ ვერძაძეს 800 ათას დოლარად მიყიდეს.

დახურული რეესტრი

გარიგების შესახებ დოკუმენტაცია დაიმალა საჯარო რეესტრშიც, სადაც აღნიშნული წილის ცვლილების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ოქტომბერში მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ერთერთმა ყოფილმა მფლობელმა, მერაბ მერკვილაძემ ეს ინფორმაცია სოციალური ქსელი მეშვეობით გაამჟღავნა.

ჩანაწერი ძველი რიცხვით გაჩნდა. მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულება კი 24 ოქტომბერს გამოქვეყნდა, მაშინ როდესაც საჯარო რეესტრი სხვა რეგისტრირებული გარიგებების შესახებ ინფორმაციას დაუყოვნებლივ ავრცელებს. ამ ხელშეკრულებიდან ირკვევა, რომ ჯემალ ვერძაძემ და ლევან ქარდავამ გია სურმანიძის კუთვნილი 50 პროცენტი და მალხაზ ვერძაძემ 25 პროცენტიანი წილი  150 ათას -150 ათას დოლარად იყიდეს. მერაბ მერკვილაძემ კი საკუთარი 25 % ლევან ქარდავას უფრო ძვირად 500 ათას დოლარად მიჰყიდა. დოკუმენტაციის თანახმად, მყიდველებმა ნასყიდობის თანხა 800 ათასი დოლარი ხელშეკრულებაზე ხელმოწერამდე გადაიხადეს.

ჯერ კიდევ 22 ოქტომბერს გია სურმანიძე Media.Ge-სთან საუბრისას აცხადებდა, რომ ტელეკომპანიის გაყიდვის თანხა კონფიდენციალურია და თანხის არგამჟღავნების პირობა ხელშეკრულებაშია გაწერილი. მისივე თქმით, რეესტრში დოკუმენტების დამალვა მათგან დამოუკიდებლად მოხდა.

„რეესტრში არ ჩანდა, რადგან აღმოჩნდა, რომ რეესტრს სჭირდება განახლება. არ ვიცი ეს განახლება რას ნიშნავს, რეესტრში არანაირი წვდომა ჩვენ არ გვაქვს“, - ირწმუნება სურმანიძე.

24 თებერვალი

ტელეკომპანიის გაყიდვას კატეგორიულად უარყოფდნენ არხის ყოფილი მფლობელები ჯერ კიდევ აპრილში, როდესაც გაზეთმა „ბათუმელებმა“ გამოაქვეყნა სტატია და გაირკვა, რომ 2012 წლის 24 თებერვალს „ტელეარხი 25”-ის დამფუძნებლების ახლო ნათესავებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ თბილისსა და ბათუმში თითქმის ორი მილიონი დოლარის ღირებულების ქონება ერთ ლარად გადასცა.

ამ მასალის გამო ყოფილი მფლობელები „ბათუმელებს“ რეპუტაციის შელახვაში ადანაშაულებდნენ და აცხადებდნენ, რომ მათი ნათესავებისთვის ქონების მიღებასთან არაფერი აკავშირებდათ და თავის მხრივ ეს ფაქტი არაფრით ადასტურებდა იმას, რომ ტელეკომპანია გაიყიდა.

ტელეკომპანიის გაყიდვის ეჭვი ჟურნალისტებს სწორედ „ბათუმელებში“ გამოქყვეყნებული ინფორმაციის შემდეგ გაუჩნდათ. „ტელეარხი 25“-ის წამყვანი ჯაბა ანანიძე ამბობს, რომ ეს ეჭვი მას შემდეგ უფრო გაძლიერდა, რაც ამავე თემაზე გამოძიება მოამზადა.

„თუ სახელმწიფოს მიერ ერთ ლარად გადაცემულ ქონებაზე სხვა შემთხვევებში მარტივად მივიღე პასუხები და ხელშეკრულებები სხვადასხვა უწყებებისგან,  ტელეკომპანიის მფლობელების ახლობლებთან დაკავშირებით  ყველა ინფორმაცია ჩაიკეტა“, - აცხადებს ანანიძე. მან რეესტრიდან მაისში გამოთხოვილი ინფორმაცია ოქტომბერში მიიღო, სადაც ჩანს, რომ „ტელეარხის 25“-ის უკვე ყოფილი მფლობელების ახლობლებს სახელმწიფომ ძვირადღირებული ქონება ერთლარად უპირობოდ გადასცა.

ტელეკომპანიის დირექტორი გია სურმანიძე ამ ფაქტს ტელეკომპანიის გაყიდვასთან დღესაც არ აკავშირებს.

„რაღაც დამთხვევები არის, მაგრამ მანდ სულ სხვა სიტუაცია იყო, ჩვენ თანხა ავიღეთ და ჩვეულებრივი გარიგება შედგა“, - აცხადებს ის.

ჯაბა ანანიძე კი მიიჩნევს, რომ ლევან ქარდავას სახით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სახელმწიფო ქონების ერთ ლარად გადაცემით, რეალურად ტელევიზია იყიდა.

„იმედია გამოძიება გამოააშკარავებს ყველაფერს. დარწმუნებული ვარ „ნაცინალურმა მოძრაობამ“ არხის მფლობელების ახლობლებზე ქონების გადაცემით იყიდა „ტელეარხი 25“. ის ბინები რეალურად ნათესავებს კი არა, გია სურმანიძეს, მალხაზ ვერძაძეს და მერაბ მერკვილაძეს გადასცეს“, - ამბობს ჯაბა ანანიძე.

დაბრუნების პერსპექტივა

22 ოქტომბერს გია სურმანიძემ განაცხადა, რომ ლევან ქარდავას წილის უკან გამოსყიდვას აპირებს. Media.ge-სთან საუბრისას პირობას დებს, რომ ამჯერად ყველაფერი გამჭვირვალედ მოხდება. მოსაგვარებელი მხოლოდ ფინასური საკთხია, რადგან სურმანიძეს არხის უკან გამოსყიდვისთვის საჭირო თანხა არ გააჩნია.

„რაც გადახდილია, იმ ფასად ვერ დავიბრუნებ. ახლა ვსაუბრობთ, რა ფასში და როგორ შეიძლება დავიბრუნო. შეიძლება ეს მოლაპარაკებები ისე დამთავრდეს, რომ ყველაფერი ისე დარჩეს, როგორც ახლა არის“, - ამბობს სურმანიძე.

მისი თქმით, ტელევიზიის შეძენით ლევან ქარდავა უკმაყოფილოა, რადგან „ისეთი რაღაცეები მოხდა, რაც მას ვერ წარმოედგინა და არ სურდა.“

„როგორც მე გავარკვიე, ბიზნესმაც არ გაამართლა, თან ამდენი აჟიოტაჟი მოჰყვა და ამას დაემატა დეპუტატობაც , ყოველ წუთს ჟურნალისტები უკავშირდებიან“, - აღნიშნავს გია სურმანიძე, რომელიც ამბობს, რომ ლევან ქარდავა და ჯემალ ვერძაძე ტელეკომპანიის მმართველობაში არც ფინანსური კუთხით არ ჩარეულან.

„საერთოდ შეხება არ ჰქონიათ ტელევიზიასთან. რაღაც პერიოდი ერთი წელი თუ ორი წელი არ  აპირებდნენ ჩარევას, უფრო მომავალზე ფიქრობდნენ. ამ პერიოდში მხოლოდ მე ვხელმძღვანელობდი და მე ვიღებდი გადაწყვეტილებებს ყველაფერზე. შეხვედრაც არ მქონია მათთან“, -  აღნიშნავს „ტელეარხი 25“-ის დირექტორი.

ახალი მფლობელები რომ ტელევიზიაში არ გამოჩენილან და შიდა საქმიანობაში არ ჩარეულან, ამას ჟურნალისტებიც ადასტურებენ. მას შემდეგ რაც არხის გაყიდვის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, ჟურნალისტებმა სამსახურიდან  წასვლა დააპირეს, თუმცა, „ტელეარხი 25“ მხოლოდ ირინა ყურუამ დატოვა.

„როცა დავმშვდიდით მივხვდით, რომ თუ ჩვენ წავიდოდით, ჩაგვანაცვლებდნენ სხვა ჟურნალისტებით, რომლებიც მათ ინტერესებს უფრო ადვილად გაატარებდნენ. ახლა აქ დარჩენა ჩვენი პასუხისმგებლობაა“, - ამბობს საინფორმაციო გამოშვების წამყვანი თეონა თურმანძე, რომელიც აღნიშნავს, რომ სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება არხზე არ მომხდარა და მათ რაიმე ტიპის შეზღუდვა არ უგრძვნიათ.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test