შემოგვიერთდი

25.10.2012 13:38

GNCC-ის რეკომენდაციები ციფრულ მაუწყებლობაზე გადასასვლელად

მაია წიკლაური
ციფრული მაუწყებლობა

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (GNCC) საზოგადოებას საკუთარი ხედვა შესთავაზა თუ როგორ უნდა გადავიდეს ქვეყანა ანალოგურიდან ციფრულ მაუწყებლობაზე. კომისიაში 24 ოქტომბერს გამართულ შეხვედრას ტელეკომპანიებისა და  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საერთაშორისო საკომუნიკაციო გაერთიანებამ (ITU) ევროპის ქვეყნებს ანალოგურიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის ბოლო ვადად 2015 წლის 17 ივნისი განუსაზღვრა. 2006 წელს სხვა ქვეყნებათან ერთად ეს ვალდებულება საქართველომაც აიღო და ჟენევის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ამ პროცესის წარმართვა საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალა, რომელსაც ჯერ სტრატეგიაც არ შეუმუშავებია, მაშინ, როდესაც მეზობელ ქვეყნებშიც კი ეს პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, მათ მიერ შემუშავებული რეკომენდაციები დიდი ხანია სამინისტროში წარადგინეს, თუმცა პროცესი მაინც არ დაჩქარდა.

კომისია მიიჩნევს, რომ უნდა დაინერგოს DVB-T2 სტანდარტი MPEG 4 ტექნოლოგიით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ იქნება უზრუნველყოფილი სიხშირეების ეფექტური გამოყენება და გარკვეული პერიოდის შემდეგ ქვეყანა ისევ დადგება  ტექნიკური სტანდარტის გამოცვლის  წინაშე, რაც ქვეყნისათვის არაგონივრულ ხარჯს წარმოადგენს

კომისიის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის, თიკო ტყელშელაშვილის თქმთ,  ციფრული მაუწყებლობით იცვლება ტელემაუწყებლობის სფეროში არსებული ბიზნეს-მოდელი, ვინაიდან ციფრული ტელემაუწყებლობის ქსელის დანერგვისას, ქსელის ოპერატორს უჩნდება დამატებითი რესურსი, რომლის მართვა და გამოყენება  მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს.

კომისია ფიქრობს, რომ ანალოგური სიგნალი ეტაპობრივად უნდა გამოირთოს, ანუ უნდა არსებობდეს ე.წ „სიმულქასთინგი“ პერიოდი, რა დროსაც ანალოგური და ციფურლი სიგნალი ერთდროულად ვრცელდება.

მსოფლიოში რამდენიმე მოდელი არსებობს თუ როგორ უნდა მოხდეს ქსელის (Multiplex) მართვა. ზოგ ქვეყნებში ქსელის ოპერატორი თავად არის კონტენტის მწარმოებელი, ზოგან კი სხვა კომპანიების მიერ შექმნილ პროდუქციას გადასცემს.

კომისია მიიჩნევს, რომ უნდა გამოცხადდეს კონკურსი ქსელის ოპერატორის უფლების მისაღებად, სადაც მონაწილეობის მიღება შეეძლებათ ტელევიზიებსაც. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ რომელიმე კომპანია გაიმარჯვებს, ის უზრუნველყოფს სხვა მაუწყებლების კონტენტის გატარებას, ხოლო თუ კონკურსის გამარჯვებული რომელიმე ტელეკომპანია გახდება, ის თავად იქნება როგორც კონტენტის მწარმოებელი, ისე მისი გამავრცელებელი.

შეხვედრისას ტელეკომპანია „კავკასიის“ დირექტორმა ნინო ჯანგირაშვილმა განაცხადა, რომ სურვილის შემთხვევაში მაუწყებლები კონკურსს გარეშე უნდა იღებდნენ ქსელის ოპერატორის უფლებას და ისინი არ უნდა იყვნენ გათანაბრებულები იმ კომპანიებთან, რომლებიც მხოლოდ სხვების მიერ წარმოებული კონტენტის გაშვებით იქნებიან დაკავებულნი.

„წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გავხდებით მხოლოდ გადაცემების მწარმოებელი სტუდიები, რომლებიც დამოკიდებულნი ვიქნებით სხვა კომპანიების ნებაზე - მიიტანონ თუ არა ჩვენი პროდუქცია მომხმარებლამდე. ჩვენ მივიღებთ ახალ მონოპოლისტს ქვეყანაში“, - განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა.

მისი პოზიცია კომპანია „სტერეო +“ის დირექტორმა და „რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმაც გაიზიარეს. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან გახელაძის თქმით კი საზოგადოებრივ მაუწყებელი ერთქი ქსელის ოპერატორი თავად უნდა იყოს, ვინაიდან 2013 წლის ბოლოსთვის მას სამივე არხი HD ფორმატში ექნება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მას შეუძლია ქსელი მთლიანად შეავსოს.

კომისია კი  ფიქრობს, რომ უნდა არსებობდეს must carry-ის პრინციპი და ქსელის ოპერატორს საერთო ლიცენზიის მქონე მაუწყებლების გავრცელების ვალდებულება უნდა დაეკისროთ.

რეკომენდაციის თანახმად, მაუწყებლობის ყველა რგოლში შესაბამისი ტექნიკური ცვლილებები უნდა მოხდეს, მთავრობამ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესი ადეკვატურად უნდა დაგეგმოს და სიხშირეები სწორად გადანაწილდეს. 

აგრეთვე უნდა დარეგულირდეს ციფრული სიხშირეების გამოყოფისა და ლიცენზიების გაცემის საკითხები.

„საჭიროა, მთელი გარდამავალი პერიოდის ადეკვატური მართვა და კონტროლი, რათა ქვეყანა არ დარჩეს საეთერო მაუწყებლობის გარეშე“, - აღნიშნა თიკო ტყეშელაშვილმა. მისივე თქმით, უნდა შეიქმნას ქსელის დაგეგმარების ვირტუალური გეგმა, შეისწავლონ არსებული ინფრასტრუქტურა და გაიწეროს ხარჯების ოპტიმიზაციის გეგმა.

კომისიის აზრით, მთავრობამ უნდა უზრუნველყოს სოციალურად დაუცველი  მოსახლეობის ”რისივერებით” უზრუნველყოფა იმისათვის, რომ მათ საკუთარი ტელევიზორებით ციფრული მაუწყებლობის მიღება შეძლონ. 

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის ირაკლი ჩიქოვანის აზრით, უნდა შეიქმნას უწყებათაშორისი კომისია, რომელიც ამ ყველა საკითხის შეთანხმებას მოახერხებს. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისთვის მოსამზადებელი პროცესების დაჩქარებას ითხოვენ ტელეკომპანიის წარმომადგენლებიც.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test