შემოგვიერთდი

30.10.2012 07:34

ტელეკომპანია „აჭარა“ სტატუსის განსაზღვრას ახალი ხელისუფლებისგან ელის

მაია წიკლაური
ჟურნალისტის ჩანაწერები
ტელეკომპანია

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი გიორგი მასალკინი ფრაქცია „ქართული ოცნება - აჭარიდან" პირობას დებს, რომ ტელეკომპანია „აჭარის“ სტატუსი უახლოეს ორ თვეში განისაზღვრება. მისი თქმით, არხი ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივ მაუწყებლად გარდაიქმნება. „მომდევნო წლის ბიუჯეტის დამტკიცებამდე უნდა მოვასწორთ“, - აღნიშნავს მასალნიკი Media.Ge-სთან საუბრისას.

კანონგარეშე მაუწყებელი

საქართველომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი 2004 წელს მიიღო და სახელმწიფო ტელევიზია გააუქმა. იმ დროისთვის ქვეყანაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ორი ტელეკომპანია ფინანსდებოდა: ერთი თბილისში, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებლად გადაკეთდა და ერთიც ბათუმში - „აჭარა“, რომლის სტატუსიც მთავრობამ ვერ განსაზღვრა.

იმ დროს კანონის გარდამავალ დებულებაში ჩაიწერა, რომ მომდევნო 1  წლის განმავლობაში მთავრობა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ტელევიზიის რეორგანიზაციის შესახებ“ წინადადებებს მოამზადებდა. თუმცა, კანონის ეს ნორმა არ შესრულდა. მას შემდეგ, თითქმის ყოველ წელს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შედის ცვილილება და გარდამავალი დებულებით ტელეკომპანიის რეორგანიზაციის სტრატეგიის შემუშავების ბოლო ვადა ერთი წლით ხანგრძლივდება. თუმცა 2011 წლის 1 ნოემბერს ამოწურული ვადა პარლამენტს აღარ გადაუწევია და ყურადღების მიღმა დატოვა.

ამ დროდან ტელეკომპანია "აჭარა" სტატუსის გარეშე, უკანონოდ მაუწყებლობს. ოფიციალურად ის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტია, რომელიც ყოველწლიურად ბიუჯეტიდან დაახლოებით შვიდი მილიონი ლარით ფინანსდება.

აჭარაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტის“ თავმჯდომარე გენო გელაძე ამბობს, რომ გარდა მაუწყებლობის შესახებ კანონისა, ამ შემთხვევაში კიდევ ერთი სამართლებრივი რეგულაცია ირღვევა.

„ძალიან კონკრეტულად არის გაწერილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის უფლება-მოვალეობები. მას ტელე-რადიო მაუწყებლობის დეპარტამენტის შექმნის უფლება არ აქვს“, - აღნიშნავს გენო გელაძე.

საჯარო მოხელე ჟურნალისტები

იქიდან გამომდინარე, რომ „აჭარა“ რეალურად მთავრობის დეპარტამენტია, ადამიანები, ვინც ჟურნალისტის ფუნქციას ასრულებენ, ოფიციალურად დარგის სპეციალისტები არიან და ანაზღაურებასაც როგორც საჯარო მოხელეები, ისე იღებენ.

საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტის, ხათუნა შუშანიძის თქმით, მაუწყებლის სტატუსის გარეშე არსებობა ჟურნალისტებსაც სერიოზულ უხერხულობას უქმნით. ამიტომ ისინიც რეგიონის საზოგადოებრივი მაუწყებლად გარდაქმნის იდეას ემხრობიან.

„საზოგადოებირვი მაუწყებელი ჟურნალისტისთვის ყველაზე დიდი კომფორტია, როცა მხოლოდ ხალხს ეკუთვნის და სხვა მფლობელი არავინ ჰყავს“, - ფიქრობს ხათუნა შუშანიძე.

აჭარაში მოქმედი კიდევ ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ თავმჯდომარე ასლან ჭანიძე კი მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია „აჭარა“ უნდა გაიყიდოს და კერძო ტელევიზიად გადაკეთდეს. მისი თქმით, ქვეყანაში არსებობს პრეცენდენტი, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო რეალურად პოლიტიკური ძალების მიერ მართული ადამიანებით დაკომპლექტდა და საზოგადოების ინტერესებს არ ემსახურება.

„როდესაც  გაყიდვაზე ვსაუბრობ, ოპონენტები ამბობენ, რომ ეს შეიძლება იყიდოს პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებმა. თუ ისინი თვლიან, რომ ფული უნდა იხადონ იმაში, რაც სრულიად არარეიტინგული იქნება, იყიდონ, მე არ მინდა მის ფუნქციონირებაში ვიხდიდე ფულს“, - აღნიშნავს ასლან ჭანიძე.

გენო გელაძე კი საზოგადოებრივ მაუწყებლად გარდაქმნის იდეას ემხრობა, ვინაიდან ფიქრობს, რომ საზოგაოდებას მასზე ზემოქმედების მეტი საშუალება ექნება.

„ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის დახვეწაზე, მის მიმართ გვქონდეს პრეტენზიები. თუმცა არანაირი ბერკეტი არ გვექნება კერძო ტელეკომპანიაში ცვლილებების მოსახდენად“, - აღნიშნავს „დემოკრატიის ინსტიტუტის“ თავმჯდომარე.

რეორგანიზაციის პირობები

„დემოკრატიის ინსტიტუტმა“ ორი წლის წინ „აჭარის რეორგანიზაციის დოკუმენტიც მოამზადა და პარალამენტს რეკომენდაციის სახით წარუდგინა.

„ერთი შეხედვით ყველა იზიარებდა ჩვენს პოზიციას, თუმცა ვერ მოვძებნეთ საპარლამენტო სუბიექტი, რომელიც ხელს მოაწერდა ამ დოკუმენტს და საკანონმდებლო ინიციატივის სახეს მისცემდა. მაშინ პოლიტიკური ნება არ იყო“, - იხსენებს გენო გელაძე. მისი თქმით, ახალ ხელისუფლებაში უკვე არიან ის პირები, რომლებიც მაშინ აკრიტიკებდნენ „აჭარის“ სტატუსის გარეშე მაუწყებლობას. 

„ვიდრე მათაც მოეწონებათ პირდაპირ დაქვემდებარებული  მედია სივრცე, ახლა დავიწყეთ ამ საკთხის ლობირება“, - აღნიშნავს გელაძე. მისი ორგანიზაციის მიერ შემუშავებული დოკუმენტის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ „აჭარა“ რეგიონის საზოგადოებრვ მაუწყებლად გადაკეთდა, მისი დამფინანსებელიც აჭარის მოსახლეობა უნდა იყოს.

ავტონომიურ რესპუბლიკაში არავის ჩაუტარებია გამოკითხვა, სურთ თუ არა აჭარლებს დამატებით კიდევ ერთი საზოგადოებრივი მაუწყებლის შენახვა, თუმცა „დემოკრატიული ინსტიტუტის“ თავმჯდომარე ფიქრობს, რომ ეს პრობლემატური საკითხი არ უნდა იყოს, ვინაიდან „აჭარის მოსახლეობა ავტონომიური მთავრობის შესანახად უფრო მეტ გადასახადს იხდის, ვიდრე საქართველოს სხვა რეგიონის მოსახლეობა“.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ტელევიზიის თანამშრომელთა საკითხი არ განიხილება, გელაძე მიიჩნევს, რომ რეორგანიზაციის პროცესში ყველა მათგანი უნდა განთავისუფლდეს სამსახურიდან და ყველა პოზიციაზე ხელახლა უნდა გამოცხადდეს კონკურსი. „არსებული რეალობის „გაპრავება“ არ უნდა მოხდეს“, აღნიშნავს ის. მისივე თქმით, საფუძვლიანად უნდა შეიცვალოს არხის პროგრამული ნაწილიც.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test