შემოგვიერთდი

30.10.2012 13:24

„მაუწყებლები არ გრძნობენ პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე“ - თამარ კორძაია

მაია წიკლაური
ინტერვიუ
Tamar Kordzaia (photo: )

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონის თანახმად, ყველა მაუწყებელი ვალდებულია შექმნას თვირეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც მოქალაქეთა საჩივრებს განიხილავს. „მაუწყებელთა ქცევის“ კოდექსი კი მაუწყებელს მხოლოდ იმ პირთა საჩივრის განხილვას ავალდებულებს, ვისაც გადაცემა უშუალოდ შეეხო ან ნახსენებია პროგრამაში.  „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“ წინასაარჩევნო პერიოდში ტელეკომპანიების მონიტორინგი ჩაატარა, გამოვლენილ დარღვევებზე კი თვითრეგულირების ორგანოებში საჩივრები შეიტანა, თუმცა არცერთი მათგანი არ განუხილავთ.  

არის თუ არა დღეს არსებული თვითრეგულირების მექანიზმები ეფექტიანი, რა პრობლემები არსებობს მოქალაქეთა საჩივრების განხილვისას და როგორ უნდა მოხდეს ხარვეზების გამოსწორება, ამ საკთხებზე Media.Ge „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ აღმასრულებელ დირექტორს, თამარ კორძაიას ესაუბრა.

 

წინასაარჩევნო პერიოდში „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“ რამდენი საჩივარი შეიტანა მაუწყებელთა თვითრეგულირების ორგანოებში?

წინასაარჩვენო მონიტორინგის ფარგლებში ექვსი საჩივარი ექვს სხვდასხვა ტელევიზიაში შევიტანეთ. ესენია „რუსთავი 2“,  „იმედი“,  „მეცხრე არხი“, „მაესტრო“, „კავკასია“ და „ტელეარხი 25“.  ოთხმა მათგანმა ჩათვალა, რომ ჩვენ არ ვიყავით დაინტერესებული მხარე და განუხილველად დატოვა ჩვენი საჩივარი. „კავკასიამ“ და „ტელეარხი 25“-მა კი პასუხი  საერთოდ არ გაგვცა.

თქვენ მათ არგუმენტაციას არ იზიარებთ და ფიქრობთ, რომ იყავით დაინტერესებული მხარე?

მათი არგუმენტები კატეგორიულუად მიუღებელია. წინასაარჩევნო კამპანიის დროს ინფორმაციის დაბალანსებულად  გაშუქება მხოლოდ პარტიებს და მხარეებს არ ეხებათ, ეს პირველ რიგში არის მოქალაქის ინტერესი, რომელიც უყურებს ტელევიზორს. მან უნდა მიიღოს მიუკერძოებელი ინფრომაცია, რომ  ინფორმირებული არჩევანის გაკეთება შეძლოს.

ეტყობა ჩვენი მაუწყებლები ამას ასე არ უყურებენ. ისინი არ თვლიან, რომ წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქებისას მოქალაქე არის მათი მთავარი ადრესატი. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, იურიდიულ პირს  გააჩნია იგივე უფლებები, რაც ფიზიკურ პირებს მათი შინაარსიდან გამომდინარე, შესაბამისად ქარტია სრულიად უფლებამოსილი იყო წარედგინა მსგავსი საჩივარი და თვითრეგულირების ორგანოს ფარგლებში ემტკიცებინა, რომ მიუკერძოებელი ინფორმაციის მიღება არის თითოეული მოქალაქის უფლება.  

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონის თანახმად, მაუწყებელმა უნდა შექმნას თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი. დღეს ტელევიზიებში მოქმედი თვითრეგულირების ორგანო რამდენად არიან ეფექტიანი?

დღეს არსებული  სამართლებრივი ბაზა პრაქტიკულად არ მოქმედებს იმიტომ,  რომ მისი ამუშავების არავითარი მექანიზმი არ არსებობს. თვითრებულირების კომისიას შეუძლია უპასუხოდ დატოვოს ნებისმიერი მოქალაქის საჩივარი და ამაზე მას პასუხს არავინ მოსთხოვს.

კარგად გვესმის, რომ გამოხატვის თავისუფლება არის ძალიან მაღალი ღირებულება და თვითონ შინაარსში ჩარევის უფლება არ უნდა ჰქონდეს არცერთ უწყებას. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ თუ მიუკერძოებლობისა და სიზუსტის მხრივ პრობლემებია, ის სასამართლოს გარეშე უნდა მოწესრიგდეს.

როდესაც თვირეგულირების მექანიზმი ეფექტურად მუშაობს, მედიის წინააღმდეგ ძალიან ბევრი დავა  შეიძლება სასამართლოში არ წავიდეს.

თვითრგულირების არსებობა აუცილებელია სწორედ იმისათვის, რომ გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში უფრო მაღალი სტანდარტის იყოს.  ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ თვითრეგულირების დონეზე მედია თვითონ აგვარებს ურთერთობას თავის მაყურებელთან, რომელთანაც ხვალ შეიძლება პრობლემა  სასამართლოში შეექმნას.

თუ მედია კარგად გააცნობიერებს თვითრეგულირების მექანიზმის სასიცოცხლო როლს, ზუსტად გამოხატვის თავისუფლების დაცვის კუთხით, მხოლოდ მაშინ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ საქართველოში არსებობს პასუხისმგებელი მედია, რომელიც აღიარებს, რომ ის ემსახურება თითოეულ ადამიანს და არა კონრეტული პირების ინტერესებს.

თქვენ ფიქრობთ, რომ თვითრებულირების მექანიზმის ეფექტიანობა პასუხისმგებელ მედიასთან პირდაპირ კავშირშია?

რა თქმა უნდა. იქ არ იზღუდება მედია, სადაც ახერხებს იმის მტკიცებას, რომ თითოეულ სიტყვას პასუხისმგებლობით ეკიდებოდა. როდესაც მედიის პასუხისმგებლობა დაბალია, მისთვის სასამართლოში დავის მოგება ძალიან მარტივია.

პრობლემა სამართლებრივ რეგულაციებშია? „მაუწყებელთა ქცევის კოდექსი“ ვერ არეგულირებს ამ საკთხს?

კოდექსი საკმაოდ ნორმალურია. სამწუხაროა ის, რომ მიუხედავად თავისუფლების მაღალი ხარისხისა, დღეს თითოეული მაუწყებელი მაინც არ გრძნობს პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე. ალბათ, საინტერესო იქნებოდა სწორედ ეს ნაწილი გადაგვეხედა და პროცედურულ დარღვევებზე რამე პასუხისმგებლობა დაგვეკისრებინა.

დაინტერესებული პირის ცნებაც უნდა გაიზარდოს?

ეს მნიშვნელოვანი საკთხია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ  როდესაც საჩივარს არ განიხილავენ, არანაირი მექანიზმი არ არსებობს არათუ განხილვის იძულების, არამედ იმისაც, რომ უბრალოდ მიპასუხონ, პატივი მცენ როგორც ერთ მოქალქეს, მათ მაყურებელს.   

თვითრეგულირების კომისიის წვერები მაუწყებლის თანამაშრომლები არიან, ეს არ არის ხარვეზი?

ესეც პრობლემაა. კომისიის წევრი დამოუკიდებელი უნდა იყოს. ამიტომ ეს თემაც მსჯელობის საგანი შეიძლება გახდეს. უნდობლობის განცდა გაქვს, როდესაც ესაუბრები იმ ტელეკომპანიის დირექტორს, რომელმაც  სტანდარტი დაარღვია.

ალბათ გახსოვთ, საქმე ვაზაგაშვილების ოჯახი საზოგადოებრივი მაუწყებლის წინაააღმდეგ, როდესაც სააპელაციო ორგანოს გადაწყვეტილება საინფორმაციო გამოშვებამ არ გაიზიარა. რა ბერკეტი არსებობს ასეთ შემთხვევაში?

ეს არის კლასიკური მაგალითი, როგორ შეიძლება თვითრეგულირების მექანიზმი,  ჩიხში შევიდეს. თუმცა ეს მხოლოდ „მაუწყებელთა ქცევის“ კოდექსის პრობლემა არ არის, ვინაიდან საზოგადოებრივ მაუწყებელს თვითონ აქვს თავისი კოდექსი და ეთიკური სტანდარტების დაცვა შრომითი ხელშეკულებაში უნდა იყოს გაწერილი.  როდესაც საინფორმაციო გამოშვება თავს უფლებას აძლევს და არ იზიარებს სააპელაციო ორგანოს გადაწყვეტილებას, ეს უკვე შიდა პრობლემაა. ხარვეზი შიდარეგულაციის აქტებში უნდა გამოსწორდეს, რომ მსგავს ჩიხში აღარასოდეს შევიდეს არცერთი ტელევიზია.

თვითრეგულირების მექანიზმებთან დაკავშირებით უცხოური გამოცდილება როგორია, რომელია დადებითი პრეცენდენტები?

სხვადასხვა სისტემა მუშაობს. ბრიტანეთში BBC-ს აქვს თავისი თვითრეგულირების მექანიზმი და საერთოდ არსებობს  პრესის თვირეგულირების ორგანო, რომელიც ძალიან ეფექტურია და მნიშვნელოვნად განტვირთავს სასამართლოებს ამ თვალსაზრისით. მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სავალდებულოა ყველა მაუწყებლისთვის.

ასევე არის მეორე მოდელი, როდესაც ყველა მაუწყებელს საკუთარი ომბუცმენი ჰყავს. ისინი ათასობით წერილს იღებენ მოქალაქეებისგან და ყველა მათგანს პასუხობენ. სამწუხაროდ, ასეთი კომუნიკაცია ჩვენს მაუწყებლებსა და მოქალაქეებს შორის არ არსებობს.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test