შემოგვიერთდი

02.11.2012 08:21

სტამბოლში ქართულ–ოსური სამოქალაქო დიალოგი მიმდინარეობს

მაია წიკლაური
ჟურნალისტის ჩანაწერები
ქართულ-ოსური სამოქალაქო დიალოგი, სტამბოლი, 1 ნოემბერი, 2012 (photo: )

სტამბოლში ჩასული პირველად კოსტა ძუგაევს შევხვდი, ის ოსური დელეგაციის სხვა წევრებზე უფრო ადრე ჩამოვიდა. ერთმანეთი თბილად მოვიკითხეთ. შეიძლება ითქვას მეგობრულადაც.

– რა ხდება თქვენსკენ ხომ მშვიდობააო? კი წყნარდება ვითარება მეთქი.   

მეორე დილას ოსური სამოქალაქო საზოგადოების სხვა წევრებიც ვნახე. ლირა კოზაევა, ირინა გაგლოევა, ირინა ქელეხსაევა, დინა ალბოროვა – ერთმანეთს  თბილად შევხვდით. საუზმის შემდეგ საკონფერენციო დარბაზში გადავინაცვლეთ.  

საზოგადოებრივი დიალოგის სერიას „თვალსაზრისი“ ჰქვია და ის, ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის ორგანიზებით, 2008 წლის დეკემბრიდან იმართება.  ამ ფორმატის თავისებურება ისაა, რომ ნებისმიერი ადამიანი მასში მონაწილეობს როგორც კერძო პირი   და თავისი  ორგანიზაციის პოზიციას არ გამოხატავს. ამიტომ მონაწილეებიც და ორგანიზატორებიც პროცესს განიხილავენ, როგორც სახალხო დიპლომატიის მიმართულებას.

 დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები სწრაფად გავიარეთ და მთავარ თემაზეც გადავედით.  „არჩევნები საქართველოში – ახალი პოლიტიკური ლანდშაფტი და პერსპექტივები ქართულ – ოსურ ურთიერთობებში“, - ეს  მოხსენება რუსულად წავიკითხე. განვლილი არჩევნების მიმოხილვა გავაკეთე და იმ დაპირებებზე ვისაუბრე რომელსაც ახალი ხელისუფლება კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით იძლევა. პირდაპირი დიალოგი ქართულ და აფზახურ მხარეებთან, სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურული და სხვა სახის ურთიერთობების აღდგენა. მოხსენებას ყველა ყურადღებით ისმენდა. დასასრულს ქართული დელეგაციის წევრებმა მოხსენება საკუთარი ინფორმაციით შეავსეს, ოსურმა მხარემ კი კითხვების დასმა დაიწყო, რასაც საინტერესო დისკუსია მოჰყვა.

ამ დისკუსიიდან იკვეთება რომ ინტერესი საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ დიდია. ოსური საზოგადოება გულდასმით აკვირდება და ელოდება პირველ ნაბიჯებს, რომელსაც ივანიშვილის მთავრობა გადადგამს. სხვათა შორის, ამ ფორმატის ერთ–ერთი ორგანიზატორი ქართული მხრიდან სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი იყო, რომელთანაც ოსური სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს დიალოგი არ უჭირთ.  ოსი კონფლიქტოლოგი კოსტა ძუგაევი კარგად ხვდება, რომ ერთბაშად ყველა პრობლემა არ მოგვარდება და აცხადებს რომ ზაქარეიშვილს სწრაფი შედეგი ვერ ექნება. მისი აზრით, დრო კიდევ საჭიროა, რომ პრობლემების მოგვარება დაიწყოს. ძუგაევი ამბობს, რომ ინტერესი ძალიან მაღალია ოსურ საზოგადოებაში.  

„მე მიმაჩნია, რომ ყველა კეთილი ნების ადამიანმა, სამოქალაქო საზოგადოებიდან თუ სახელმწიფო აპარატიდან იმედით მიიღეს საქართველოში ხელისუფლების ცვლილების პროცესი. მეც მათ შორის ფრთხილი ოპტიმიზმით ვუყურებ ამ პროცესს და იმედი მაქვს, რომ დამყარდება ახალი, პრინციპულად ახალი პირობები ქართულ–ოსური დიალოგის განახლებისთვის“,  – აცხადებს კოსტა ძუგაევი.  

ცხარე დისკუსია გაიმართა გზის გახსნის, ერგნეთის ბაზრობის აღდგენის საკითხებზე. ოსი ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებას შედეგი არ ექნება, ვიდრე საქართველო ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულებას ხელს არ მოაწერს. მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ჯერ ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარება უნდა დაიწყოს და შემდეგ დადგეს დღის წესრიგში პოლიტიკური საკითხები. 

კონფლიქტოლოგი გიორგი ხუციშვილი მიიჩნევს, რომ შესაძლებელია  სამოქალაქო  დიალოგი მალე ისე განვითარდეს, რომ  პოლიტიკიკურ გადაწყვეტილებებზეც იქონიოს გავლენა. მისი აზრით, სტამბოლში  ჩასული ექსპერტები კარგად მომზადებულები არიან და ჩამოყალიბებული პოზიციები გააჩნიათ პრობლემური საკითხების ირგვლივ. 

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს დიალოგი გაფართოვდება და ახლო მომავალში უკვე გარკვეული პოლიტიკური გადაწყვეტილებების დახმარებით, შესაძლებელია უკვე გადაიზარდოს ფართო საზოგადოებრივ მოძრაობაში“, – ამბობს გიორგი ხუციშვილი.

ქალთა სამშვიდობო მოძრაობის ლიდერი, ლირა კოზაევა აცხადებს, რომ ამ შეხვედრამდე ქართულ პოლიტიკაში მიმდინარე პროცესების შესახებ ნაკლები იცოდა. სამოქალაქო დიალოგი კი პირველ რიგში მხარეთა წარმომადგენლების ინფორმირებულობას ზრდის.   

„ჩემი უფლება რომ იყოს, ამ ფორმატს უფრო გავზრდიდი და გავაძლიერებდი, რადგან ეს ერთადერთი  მოედანია, სადაც შეგვიძლია სამოქალაქო საზოგადოების წევრები შევიკრიბოთ და გახსნილად ვისაუბროთ ერთმანეთთან. ეს კი ხელს უწყობს ჩვენთვის საქართველოში და თქვენთვის სამხრეთ ოსეთში ვითარების გაგებას“,  – აცხადებს ლირა კოზაევა. 

ბევრი საკითხი ისევ დისკუსიის საგნად რჩება. მხარეები ღიად აფიქსირებენ საკუთარ პოზიციას. თითქმის ყველა თანხმდება იმაზე, რომ გარკვეული დრო კიდევ საჭიროა მნიშვნელოვანი პრობლემების მოსაგვარებლად.

სტამბოლში სამოქალაქო დიალოგი კვირის ბოლომდე გაგრძელდება. მომდევნო დღეებში მხარეების წარმომადგენლები ერთობლივი პროექტების იდეებს განიხილავენ. სამოქალაქო დიალოგის ჩატარება შესაძლებელი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, გაეროს განვითარების პროგრამის და დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.  

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test